გერმანული კომპანია SAP-ის საბაზრო ღირებულება $35 მილიარდით შემცირდა

გერმანული კომპანია SAP-ის საბაზრო ღირებულება $35 მილიარდით შემცირდა

გერმანული კომპანია SAP-ის საბაზრო ღირებულება ორშაბათის ვაჭრობის შედეგად, 29.48 მლრდ ევროთი ($35 მლრდ) შემცირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიის მესამე კვარტლის შედეგები გახდა ცნობილი. კერძოდ, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ 2020 წლის შემოსავლების პროგნოზი 20%-ით შეამცირა. ეს ყველაფერი კი მისი საბაზრო ღირებულის რეკორდული შემცირებით – 147 მილიარდიდან 118 მილიარდ ევრომდე – დასრულდა.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ორშაბათი კომპანიისთვის ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი ვაჭრობის დღე იყო.

SAP-ში აცხადებენ, რომ მსოფლიოში „ლოკდაუნები“ თავიანთ ბიზნესზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან შემცირდება კომპანიების მხრიდან პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოთხოვნა.

გერმანული კომპანია ასევე აცხადებს, რომ სურს ე.წ ქლაუდ კომპიუტერულ უზრუნველყოფაში კონკურენცია გაუწიოს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Oracle და Salesforce.

როგორც SAP-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი კრისტიან კლაინი ამბობს, კომპანია 2025 წლისთვის აპირებს ე.წ ქლაუდ სერვისებიდან შემოსავლის 22 მილიარდ ევრომდე გაზრდას.