GITA-ს 650 ათასიან საგრანტო პროგრამაში PAYZE-მ გაიმარჯვა

GITA-ს 650 ათასიან საგრანტო პროგრამაში PAYZE-მ გაიმარჯვა

წამყვანმა ქართულმა ფინანსურ-ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, PAYZE-მ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 650 ათას ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა, – ორ მხარეს შორის ხელშეკრულება ტექნოპარკში დღეს გაფორმდა.

განცხადებასთან ერთად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო Payze-ს შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს: „PAYZE-მ ოპერირება დაიწყო 2021 წლის იანვარში და 9 თვეში 250,000 ონლაინ გადახდა გაატარა. ის საქართველოს ელექტრონული კომერციის გადახდების ბაზრის 5%-ს მოიცავს და იზრდება ძალიან სწრაფი ტემპით. კომპანია 2021 წლის ნოემბრიდან ოპერირებას იწყებს უზბეკეთში, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში PAYZE-ის სერვისები ხელმისაწვდომი უკრაინასა და ყაზახეთშიც იქნება. გუნდი ამჟამად 20 ადამიანისგან შედგება და იზრდება სწრაფად, როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნეს მიმართულებით“.

„ჩვენი კომპანიისთვის 650 ათას ლარიანი გრანტის აღება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ეს რესურსი დაგვეხმარება შევიმუშაოთ ახალი პროდუქტი ქართული და უზბეკური ბაზრებისათვის, სადაც ჩვენი გაფართოების პირველ პროცედურებს უკვე ვასრულებთ. კერძოდ პროდუქტი იქნება BNPL (Buy now pay later) მოდელის დანერგვა ჩვენი მერჩანტებისათვის, რათა ადამიანებმა, რომელთაც მოცემულ მომენტში არ აქვთ სრული თანხა, ჩვენი მერჩანტისგან პროდუქტის შეძენა მაინც შეძლონ, ხოლო თანხა შემდეგ გადაიხადონ. მთავარი ბენეფიტი კი იქნება ის, რომ მერჩანტს მომენტალურად გაუჩნდება წვდომა თანხაზე, კლიენტი კი PAYZE-ს მოგვიანებით გადაუხდის პროდუქტის ღირებულებას“, – აღნიშნავს PAYZE-ს თანადამფუძნებელი, კახა გელაშვილი Forbes Georgia-სთან საუბრისას.

ცნობისთვის, ზემოთხსენებული საგრანტო პროგრამა GITA-მ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და მისი მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. ამ პროგრამის ფარგლებში, გლობალური პოტენციალის მქონე ქართული სტარტაპები ფინანსდება, რომელთა პროდუქტი საქართველოსთან ასოცირდება.

აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, Payze ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია: ცოტა ხნის წინ, ისინი წამყვანი ამერიკული აქსელერატორის, Y Combinator-ის 2021 წლის საზაფხულო პროგრამაში მოხვდა, რომელიც წარმატებულად დახურა კიდეც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.