საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Global Citizen-ი, სიღარიბის აღმოფხვრის ხელშესაწყობად, $1-მილიარდამდე მოცულობის ექვს „მდგრადი განვითარების ფონდს“ დააარსებს. ფონდები განვითარებად სამყაროში გარემოსა და სოციალურ ზემოქმედებაზე იქნება ფოკუსირებული.
Global Citizen Impact Funds-ის მიზანი, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმის მიღწევისთვის, ღარიბი ქვეყნების ფინანსური დახმარებაა. გაეროს გეგმა სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის, ასევე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავს. ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს 2030 წლის მიზნის შესასრულებლად ყოველწლიურად დაახლოებით $400 მილიარდის საგარეო დაფინანსება სჭირდებათ, თუმცა ამჟამად ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს იღებენ.
Global Citizen-ის განცხადებით, სწრაფი ცვლილებების მხარდასაჭერად, NPX-თან პარტნიორობით შეიქმნა ფონდები, რომლებიც მდგრადი განვითარების დასაფინანსებლად ინვესტორებსა და ფილანთროპებს გააერთიანებს. ორგანიზაციის მიზანი, მომავალი 6-9 თვის განმავლობაში, დონორთა თანხების საშუალებით, თითოეული ფონდიდან სულ მცირე $25 მილიონის შეგროვებაა. გარდა ამისა, Global Citizen-ი სამომავლოდ ფონდების სწრაფი გაფართოებისა და $1 მილიარდამდე დაფინანსების მოგროვების იმედსაც გამოთქვამს.
შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები One Acre Fund-საც მოიცავს, რომელიც აფრიკაში, კლიმატური ცვლილების ფარგლებში, მცირე ფერმერების მხარდამჭერია. One Acre Fund-ის მიზანი, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დარგული 44 მილიონი ხის გადარჩენაა. წარმატების შემთხვევაში, გეგმა მომდევნო ათწლეულში 1 მილიარდზე მეტი ხის გაზრდასაც ითვალისწინებს. სხვა ფონდები ფოკუსირებული იქნება მალარიის მკურნალობაზე, ასევე ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებაზე, სუფთა წყლის ხელმისაწვდომობასა და სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.