GM-ი აცხადებს, რომ ჩიპების გლობალური დეფიციტი მათ შემოსავლებს $2 მილიარდით შეამცირებს

GM-ი აცხადებს, რომ ჩიპების გლობალური დეფიციტი მათ შემოსავლებს $2 მილიარდით შეამცირებს

General Motors-ი აცხადებს, რომ ჩიპების გლობალური დეფიციტი წელს, კომპანიის შემოსავლებს $2 მილიარდით შეამცირებს. ცნობისთვის, ავტომწარმოებლებმა ჩიპების დეფიციტის შესახებ განცხადებების გაკეთება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყეს. ეს კი პირველი „ლოკდაუნების“ შემდეგ გაზრდილმა წარმოებამ განაპირობა. დეფიციტის გამო  General Motors-ს  კანადასა და მექსიკაში მდებარე რამდენიმე ქარხნის დროებით დახურვა მოუწია. წარმოება შეფერხდა ასევე სამხრეთ კორეაში.

კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მარი ბარა აცხადებს, რომ General Motors-ი, მიუხედავად დეფიციტისა, მაინც შეძლებს გეგმის მიხედვით წარმოების განახლებას და სატვირთოებისა და სპორტული მანქანების წარმოებას.

„ჯერ კიდევ არასტაბილური ვითარებაა, მაგრამ ჩვენი ამჟამინდელი პროგნოზია, რომ შევძლებთ წლის ბოლომდე დასახული გეგმის შესრულებას და იმ რაოდენობის ავტომობილის წარმოებას, რასაც ვგეგმავთ“, – განაცხადა მან. მისივე თქმით, კომპანია, სავარაუდოდ, ჯერ ააწყობს ცალკეულ მოდელებს ჩიპების გარეშე და მოგვიანებით დაასრულებს სრულ წარმოებას.

პარალელურად, კომპანიაში აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება მათ $2 მილიარდამდე დაუჯდებათ.

მიმდინარე წელს კომპანიაში ელოდებიან, რომ ხარჯები $9-დან $10 მილიარდამდე იქნება. ამ ხარჯებში შედის ავტომწარმოებლის გეგმები ელექტრომობილებისა და თვითმართვადი ავტომობილების შექმნის პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებითაც.