Goal.com: 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებს შორის კვარაცხელია მე-15 ადგილზეა

Goal.com: 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებს შორის კვარაცხელია მე-15 ადგილზეა

მსოფლიოს ერთ-ერთმა პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ, Goal.com-მა „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, საფეხბურთო სამყაროს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მიღების კანდიდატთა შორის მე-15 ადგილზე დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს ბურთის“ შემდეგი დაჯილდოება მომავალ ოქტომბერს გაიმართება და თან, წელს მსოფლიო ჩემპიონატია, რომელზეც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს, ამგვარ სიაში მოხვედრა ხვიჩა კვარაცხელიასთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

როგორც უკვე გითხარით, 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის ხვიჩა კვარაცხელია მე-15 ადგილს იკავებს – აღნიშნულ სიაში, ქართველმა დორტმუნდის „ბორუსიის“ შემტევს, ჯუდ ბელინგემს, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს, ფედერიკო ვალვერდეს, ეინდჰოვენის PSV-ს შემტევს, კოდი გაკპოს, „მილანის“ შემტევს, რაფაელ ლეაოსა და მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევს, ლიროი ზანეს გადაუსწრო.

„ევროპული საფეხბურთო სეზონის ახალი ვარსკვლავი – ადამიანი, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონას“ უწოდებენ, ამ სეზონში, Serie A-სა და „ჩემპიონთა ლიგის“ ნამდვილი აღმოჩენაა.

კვარაცხელია „ნაპოლის“ იმ შემტევი დანაყოფის ნაწილია, რომელმაც ყველა მოწინააღმდეგე ამაღელვებელი ფეხბურთით გააოცა. კვარაცხელიას თამაშის სტილმა და უშეცდომო პასებისა და დარტყმის უნარმა გულშემატკივრები ყველა იმ სტადიონზე აღაფრთოვანა, სადაც მას 2022-23 წლების სეზონში უთამაშია.

მას არ ექნება საშუალება, რომ იმ ადამიანებს, ვინც „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ხმას აძლევენ, საკუთარი ნიჭი მსოფლიო ჩემპიონატზე დაანახვოს, მაგრამ თუ საკუთარ ფორმას შეინარჩუნებს, არ არსებობს არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს ის მისი ერთ-ერთი პრეტენდენტი“, – ვკითხულობთ გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ „ოქროს ბურთი“ (ფრანგ. Ballon D’Or) საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელსაც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, France Football-ი 1956 წლიდან გასცემს. „ოქროს ბურთის“ უკანასკნელი დაჯილდოება მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ჩატარდა, რომელზეც, მამაკაცთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად Real Madrid-ის შემტევი, ფრანგი ქარიმ ბენზემა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელ ქალად Barcelona-ს ნახევარმცველი, ალექსია პუტელიასი დასახელდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *