Google-ი თავის პირველ საცალო გაყიდვების მაღაზიას ხსნის

Google-ი თავის პირველ საცალო გაყიდვების მაღაზიას ხსნის

Apple-ის საცალო მაღაზიის გახსნიდან ოცი წლის შემდეგ,  Google-იც მის კვალს მიჰყვება.

კომპანიამ წინა კვირას დააანონსა, რომ 2021 წლის ზაფხულში ის საცალო გაყიდვების პირველ მაღაზიას, Google Store-ს ნიუ-იორკში გახსნის,  სადაც წარმოდგენილი იქნება Pixel-ის ტელეფონები, Nest-ის პროდუქტები, FitBit მოწყობილობები და PixelBooks-ი.

Apple-ის Genius Bar-ის კონცეფციის მსგავსად, Google დაასაქმებს „ექსპერტებს“, რომლებიც მომხმარებლებს პრობლემის მოგვარებაში, მაგალითად, მწყობრიდან გამოსული  Pixel-ის ეკრანის შეკეთებაში ან პროდუქტის ინსტალაციაში დაეხმარებიან. ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში კომპანიამ ამ წამოწყებას „ტექნიკის მოგზაურობაში შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“  უწოდა.

„ძალიან ბევრ მომხმარებელს მოწყობილობის შეძენამდე სურს გამოსცადოს ის, მოისმინოს მისი ხმა, შეამოწმოს, როგორ გამოიყურება მათ ხელში ან მაგიდაზე“, -ვკითხულობთ ბლოგპოსტში.

Google-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ტექნიკის გაყიდვები „მრავალმილიარდიანი ბიზნესია“, თუმცა კომპანია თავისი პროდუქციის გაყიდვის მონაცემებს ჯერ კიდევ არ აქვეყნებს.

წლების განმავლობაში, კომპანიამ ტექნიკის დროებითი მაღაზიები გახსნა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ჩიკაგო, ნიუ-იორკი და ლონდონი. ეს მაღაზიები მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, შეემოწმებინათ, როგორ მუშაობს ესა თუ ის პროდუქტი, დასწრებოდნენ ვორკშოფებს და შეესყიდათ ტექნიკა.

მას შემდეგ, რაც Apple-მა წარმატებას მიაღწია მსოფლიო მასშტაბით საცალო გაყიდვებში, სხვა კომპანიებმაც დაიწყეს ამისათვის ბრძოლა. Microsoft-ი წლების განმავლობაში აფართოებდა საცალო ვაჭრობას, ხსნიდა მაღაზიებს, ყიდდა პროდუქტს და მომსახურებას, თუმცა გასულ ზაფხულს მან 83 მაღაზიის დახურვის შესახებ გვაცნობა და განაცხადა, რომ ეს ონლაინგაყიდვებზე კონცენტრირებისთვის გააკეთა.

ნიუ-იორკში Google-ის ახალი მაღაზია სულ რამდენიმე ათეული მეტრით იქნება დაშორებული Apple-ის მაღაზიისგან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *