ისტორიული შენობა თბილისში, სადაც ახალი სასტუმრო და რესტორანი „ესკიზი“ იხსნება

ისტორიული შენობა თბილისში, სადაც ახალი სასტუმრო და რესტორანი „ესკიზი“ იხსნება

თბილისის იმ ისტორიულ შენობაში, სადაც ადრე სალონურ შეხვედრებს დები იშხნელები, ვასო გოძიაშვილი, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი და სხვები მართავდნენ, ივნისის ბოლოდან ახალი სივრცე გაიხსნება. საუბარია „ესკიზზე“, რომელიც რესტორანს, სასტუმროს და პრემიუმ-კლასის ღვინის სალონს გააერთიანებს. პროექტის  საწყისი ინვესტიცია 10 მილიონი ლარია. პირველად რესტორანი გაიხსნება, შემდეგ კი მას ეტაპობრივად დაემატება დაახლოებით 80-ნომრიანი სასტუმრო და ღვინის სადეგუსტაციო სივრცე.

„ესკიზის“ მიზანია, რომ მარჯანიშვილის 51 ნომერში მდებარე ისტორიული  შენობა სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთ წამყვან ქართულ ბრენდად აქციონ, რომელსაც ყველასგან განსხვავებული კონცეფცია და დიზაინი ექნება.

„ესკიზის“ ბრენდზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო. პირველი სასტუმრო თელავში გასულ წელს გაიხსნა. ბრენდის შემქმნელი ბიზნესმენ ლევან თორაძის ოჯახია. “ესკიზის” სასტუმროების მმართველი ნუკი თორაძე ამბობს, რომ თბილისში, მათი შთაგონება ზუსტად ის შენობა იყო,  სადაც „ესკიზი“ იქნება.

„ამ შენობას ძალიან საინტერესო ისტორია . არქივში  ვიპოვეთ 1895 წლის სახლის პირველი ესკიზი, რომელმაც იმდენად მოგვაჯადოვა, რომელიც იმ დროისთვის იმდენად საინტერესო და განსხვავებული სტილის სახლი იყო, რომ გადავწყვიტეთ, ბრენდისთვისაც სახელი “ესკიზი” დაგვერქმია. ეს სახლი თაობებს გადაეცა, და 1935 წელს ამ სახლში დასახლდა ჩემი დიდი ბაბუა – საბა თორაძე.  ამ სახლს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თბილისის არქიტექტურასა და კულტურულ განვითარებაში“, – ამბობს ნუკი თორაძე Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, სასტუმრო „ესკიზი“ ამ ეტაპზე მხოლოდ თელავშია წარმოდგენილი.  ის 57 კონცეპტუალურ ნომერს, ღია აუზს, რესტორანს და ღვინის მარანს აერთიანებს.

თბილისის „ესკიზის“ გახსნის შემდეგ კი კიდევ ერთი სასტუმროს გახსნა გუდაურშიც იგეგმება. თუმცა, ეს უკვე მომდევნო ორი წლის გეგმებია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *