Google-ის CEO სუნდარ პიჩაის განცხადებით, ღია და თავისუფალ ინტერნეტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფრთხე ემუქრება. პიჩაის მტკიცებით, ქვეყნები ინფორმაციის ნაკადის აკრძალვას ცდილობენ. გარდა ამისა, სახელმწიფოები ინტერნეტზე ზეგავლენას საგადასახადო წნეხით, კონფიდენციალობის პოლიტიკის კონტროლითა და მონაცემთა ბაზებზე შეზღუდვებით ახდენენ.
BBC-სათვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, „გუგლის“ ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზეც საუბრობს და მას ცეცხლზე, ელექტრობასა და ინტერნეტზე უპირატესად მიიჩნევს.
სუნდარ პიჩაი ყველაზე კომპლექსური და მდიდარი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია. გარდა Google-სა, პიჩაი მის მშობელ კომპანიას, Alphabet-საც, მართავს. იგი პასუხისმგებელია ისეთი სერვისების მუშაობაზე, როგორიცაა – Gmail-ი, Google Chrome-ი, Google Maps-ი, Google Earth-ი, Google Docs-ი, Google Photos, ანდროიდის ოპერაციული სისტემა და „გუგლის“ საძიებო ველი. კომპანიის ფუნქციონირების 23-წლიან ისტორიაში, შეიძლება ითქვას, რომ Google-მა უზრუნველყო ინტერნეტის ღიაობა და თავისუფლება ისეთი სახით, როგორიც დღეს გვაქვს.
ტექნოლოგიური გიგანტისთვის მისაღები არ აღმოჩნდა შეერთებული შტატების ახალი ინიციატივა გლობალურ საკორპორაციო გადასახადთან დაკავშირებით. ათობით წლის განმავლობაში Google-მა საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა ბუღალტრებისა და იურისტების მომსახურებაში საგადასახადო ვალდებულებების ლეგალურად შემცირებისათვის. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ სუნდარ პიჩაი აღნიშნულ ინიციატივას ინტერნეტის თავისუფლებისათვის საფრთხედ აღიქვამს.
გარდა ამისა, პიჩაი საფრთხედ ჩინეთის პრაქტიკასაც აღიქვამს ინტერნეტის კონტროლის მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი სახის კონტროლი, რეგულაციები და სამართლებრივი შეზღუდვები, „გუგლის“ ხელმძღვანელის აზრით, ინტერნეტის ღიაობის მთავარი მტერია.