თურქეთი უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პროექტზე მუშაობას განაგრძობს

თურქეთი უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პროექტზე მუშაობას განაგრძობს

12 ივლისს უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ოლექსი ლიუბჩენკომ და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეტ მუშმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროექტზე  მუშაობის დაჩქარების მიზნით სამოქმედო გეგმა განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსის სასურველი დონის მისაღწევად მოლაპარაკებები კიდევ გაგრძელდება. ,,ჩვენს თურქ კოლეგასთან მოლაპარაკებების დროს კონსტრუქციულ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც დაიცავს ორივე ქვეყნის ადგილობრივ ბაზარს და ამასთანავე ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას”.

თავის მხრივ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის დელეგაციებმა უნდა გაააქტიურონ მუშაობა შეთანხმების ყველა ასპექტზე, რათა უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადება.

,,ჩვენმა დელეგაციამ ნაყოფიერად იმუშავა შეთანხმებაზე. ჩვენ მზად ვართ, მომავალ კვირას ვუმასპინძლოთ უკრაინის დელეგაციას, რათა შევთანხმდეთ ხელშეკრულების ტექნიკურ ასპექტებზე”, – განაცხადა მეჰმეტ მუშმა.

როგორც აღვნიშნეთ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ აქტიურ ფაზაში შედის. ექსპერტების მოსაზრებით, ამ ხელშეკრულების ხელმოწერით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა გაორმაგდება და, სავარაუდოდ, 10 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

ცნობისთვის, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი უკვე მოქმედებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *