Google-ის CEO-ს სახლიდან სამსახურში მგზავრობა და ძველი რუტინა ენატრება

Google-ის CEO-ს სახლიდან სამსახურში მგზავრობა და ძველი რუტინა ენატრება

კარანტინის გამო, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს მოუწია ყოველდღიური ცხოვრების სტილის შეცვლა. მათ შორის არის Google-ის აღმასრულებელი დირექტორიც, რომელიც ამბობს, რომ მგზავრობა ენატრება სამსახურიდან სახლში და პირიქით.

“მენატრება დღის განმავლობაში ადგილის შეცვლა… დრო, როდესაც ავტომობილის მართვის დროს ვფიქრობდი ათას რამეზე, ეს პროცესი მენატრება“, – ამბობს სანდერ პიჩაი.

მისივე თქმით, მას ენატრება შეხვედრებს შორის შესვენებები, სამუშაო პროექტები, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე ფიზიკურად გადაადგილებას მოითხოვდა.

Google-ის აღმასრულებელი დირექტორი Verge-თან ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ შესაძლოა, მგზავრობაში დროის დაზოგვა კარგია, თუმცა, მისთვის ეს იყო მშვიდად ფიქრის საშუალება.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო გრაფიკსა და პირად ცხოვრებას შორის “საზღვრების“ დასაწესებლად, საკუთარ თავში ჰობიც კი აღმოაჩინა, რომელზეც ამ დრომდე არასოდეს უფიქრია.

პიჩაის თქმით, მისი ერთ–ერთი ჰობი Google-ის კუთვნილ YouTube-ს ეხება.

“გასულ კვირას პიცა გავაკეთე და ამისათვის მადლობა YouTube-ის ვიდეოებს, რომელიც დამეხმარა“, – აღნიშნა Google-ის CEO-მ.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პიჩაი არ არის ასეთ მდგომარეობაში დისტანციურად მუშაობის გამო. აპრილში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა, რომ გამოკითხული 1000 დასაქმებულიდან ევროპასა და აშშ-ში 69%-ს ენატრება ყოველდღიური ძველი რუტინის ცალკეული ასპექტები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *