1991 წელს კოლორადოს იმდროინდელმა გუბერნატორმა როი რომერმა ლინდა ალვარადოს ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB) თავდაპირველ ინვესტორთა გუნდში გაწევრიანება შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ალვარადოს სააქციო წილი სულ რაღაც 1%-ს უტოლდებოდა, ლინდა ერთდროულად გახდა MLB-ის პირველი ლათინური ამერიკის წარმომადგენელი და ამავდროულად ლიგის პირველი „სელფ-მეიდ“ მფლობელი ქალი. „ეს არ იყო ჩემი ქმარი. ეს ვიყავი მე“ – ამბობს ლინდა ალვარადო, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალბატონი.
ამის შემდგომ კი ალვარადოს ქონება და გავლენა დენვერსა და მის ფარგლებს გარეთ მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. მის სამშენებლო კომპანია Alvarado Construction-ს უკავშირდება დენვერში Mile High Stadium-ისა და საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. მან ასევე ააშენა სარესტორნო ქსელ Yum-ის 258 ფილიალის დიდი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ფრანშიზული კომპანია Palo Alto-ში, რომელიც ისეთ ცნობილ ბრენდებს მართავს, როგორიცაა Taco Bells-ი, Pizza Huts-ი და KFCs-ი, ალვარადოს სააქციო წილი 51%-ს უდრის, მისი ქმარი კი იმავე კომპანიის 49%-ის მფლობელია. $250-მილიონიანი ქონებით ლინდა ალვარადო ქვეყნის იმ უმდიდრეს ქალთა ასეულში შედის, რომლებმაც წარმატებას თავად მიაღწიეს.
ამერიკის ას ყველაზე მდიდარ ქალთა რეიტინგში მყოფი ლინდა ალვარადოს წარსული სხვა ისტორიებისგან დიდად არ გამოირჩევა. ბიოგრაფიის მოკლე მიმოხილვისთვის გეტყვით, რომ ლინდა მარტინესი 1951 წელს ნიუ-მექსიკოში დაიბადა, მშობლები მოწოდებით მშენებლები ჰყავდა, რომლებსაც შვილის მომავალთან დაკავშირებით სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებული გეგმები ჰქონდათ. მარტინესები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ქალიშვილი საოჯახო საქმეებისგან ჩამოეცილებინათ, რათა აკადემიური საქმიანობისთვის მეტი დრო ჰქონოდა. როგორც ჩანს, ლინდას დედის მოძღვრებაც: “Empieza pequeño, pero piensa muy grande” (დაიწყე მცირედით, თუმცა იფიქრე უფრო დიდზე) ცხოვრების მთავარ თეზისად ექცა და თავისი ინოვაციური და არასტანდარტული ხედვით დიდ წარმატებასაც მიაღწია.
ექვს დედმამიშვილში ყველაზე პატარამ და ერთადერთმა გოგომ თავი ჯერ სპორტში გამოსცადა, საკმაოდ წარმატებულადაც და წლის ათლეტი გოგონას“ ჯილდოც კი მოიპოვა. ალვარადოს სპორტული მონაცემები თავის მხრივ მომავალი კარიერისაკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმის მიზეზი გახდა. კალიფორნიაში ეკონომიკის შესწავლისას, ალვარადომ უარყო ადმინისტრატორის შეთავაზება კაფეტერიასა და ბიბლიოთეკაში მუშაობის თაობაზე და სანაცვლოდ, მებაღეთა გუნდში გაწევრიანება მოითხოვა. ამ გამოცდილებამ 1973 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, ალვარადოს ლოს-ანჯელესის სამშენებლო კომპანიის კარი გაუღო. კომპანიაში მისაღებად ლინდამ ერთ ხერხს მიმართა, აპლიკაციის შევსებისას მხოლოდ ინიციალები გამოიყენა, რათა დამსაქმებლის მხრიდან გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი არ გამხდარიყო. ხოლო მომავალი კარიერული გზა საბოლოოდ მაშინ განსაზღვრა, როდესაც ნახაზების შენობებად გარდაქმნის მაგიამ შეიპყრო.
სამშენებლო საქმიანობასთან ერთად ლინდამ კომპიუტერული უნარებიც შეითვისა და მიუხედავად სქესობრივ და ნაციონალურ ნიადაგზე დისკრიმინაციისა, 1976 წელს, 24 წლის ასაკში, საკუთარი კომპანია შექმნა. სესხზე ექვსი ბანკისგან უარის მიღების შემდგომ მშობლებისგან მიღებული $2,500 დაიხმარა, საბოლოოდ კი Small Business Administration-ის კრედიტიც მიიღო. ალვარადოს ცხოვრების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი 1983 წელია, როდესაც „კოლორადოს ქალთა ბანკის“ დამფუძნებელმა ლინდა დენვერში 17-სართულიანი სასტუმროს განახლებისთვის დაიქირავა.
დღეს ალვარადოს სამშენებლო კომპანიის, Alvarado Construction-ის ოფისები არიზონაში, კალიფორნიაში, კოლორადოსა და ნიუ-მექსიკოშია. კომპანია აშენებს შემდეგ პროექტებს: Kaiser Permanente-ს, Xcel Energy-სა და PG&E-ს. მშენებლობის გარდა კი მისი წილი კვების ინდუსტრიაშიც მნიშვნელოვანია. ალვარადოსა და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული კომპანია Palo Alto ქვეყანაში რიგით 28-ე ფრანშიზული ორგანიზაციაა, რომლის ყოველწლიური შემოსავალი $325 მილიონს უდრის, ძირითადად კოლორადოში, ნიუ-მექსიკოსა და კალიფორნიაში ოპერირებადი ერთეულებიდან.
ახალი რესტორნების მშენებლობისთვის დროის შემცირების გარდა, ალვარადოს კომპანიამ გამოსცადა ყველაფერი – ციფრული მიწოდების კიოსკებითა და ჭურჭლის სარეცხი მანქანებით დაწყებული, რესტორნების სრულიად ახალი ფორმატით დასრულებული. კომპანიამ Taco Bell Cantina-ს კონცეფციის პროტოტიპი ააშენა, რომელიც ლუდისა და პრემიუმ-მენიუს შეთავაზების გარდა, საოჯახო-მეგობრულ გარემოს ქმნის ტელევიზორებითა და სხვადასხვა სპორტული აქტივობით გასართობად. ჯერჯერობით კომპანიებს ლინდა და მისი მეუღლე უძღვებიან, თუმცა სარესტორნო ბიზნესის მართვას თანდათანობით მათი უფროსი შვილი გადაიბარებს.