2 მილიონი მომხმარებელი, 5000-ზე მეტი დასაქმებული, 9 მილიარდი ლარის აქტივები, 4,8 მილიარდი ლარის დეპოზიტები, 5,5 მილიარდი ლარის სესხები და 144 მილიონი ლარის წმინდა მოგება – ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება იყოს მორიგი გამოწვევა ბანკისთვის, რომელსაც 4-მილიონიან ქვეყანაში ასეთი მაჩვენებლები აქვს და რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგში ივაჭრება. თუმცა, ისევე როგორც ცხოვრებაში, ფინანსურ სექტორშიც ყოველთვის არსებობს შემდეგი ეტაპი. როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, “საქართველოს ბანკის” შემდეგი ეტაპი ერთი მიზნის მიღწევაა: რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა გაიაროს გზა Express Bank-იდან SOLO-მდე.
“საქართველოს ბანკის” საცალო მომსახურებით 1,5 მილიონზე მეტი კლიენტი სარგებლობს. ბანკი მათ ისეთ პროდუქტებს სთავაზობს, როგორიცაა: მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები, ანაბრები, ფულადი გზავნილები, იპოთეკური სესხები, სამომხმარებლო სესხები, განვადება, ავტოსესხი, საკრედიტო ბარათები. ამას ემატება Express Bank-ის 445 ათასი მომხმარებელი და პრემიული საბანკო მომსახურების, ანუ SOLO-ს 16 ათასზე მეტი მომხმარებელი. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას, ამ მიმართულებით “საქართველოს ბანკის” მიერ გაცემულ სესხებზე მთლიანი ბაზრის 1/3 მოდის. ბანკის მიერ შეთავაზებული პროდუქტები ისეა შემუშავებული, რომ თითოეულ მათგანს თავისი მკაფიოდ განსაზღვრული მომხმარებელი ჰყავს. მათი მაჩვენებლების ანალიზი ცხადყოფს, რამდენად იზრდებიან მომხმარებლები წლიდან წლამდე იმის მიხედვით, თუ როგორ ინაცვლებენ მომსახურებების ერთი სეგმენტიდან მეორეში. უმეტეს შემთხვევაში, საწყისი წერტილი Express Bank-ია. რატომ? იმიტომ, რომ მარტივია.
ბანკში პირველად
Express Bank-ი ხუთი წლის წინ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ნებისმიერი მომხმარებლისთვის ბანკთან ურთიერთობა მარტივი გაეხადა. კონცეფცია ეფუძნება იმას, რომ მომსახურების მიღება მომხმარებლისთვის მარტივი და სწრაფი იყოს.
ასეთი კონცეფციის შექმნის საჭიროება “საქართველოს ბანკმა” კლიენტებთან ურთიერთობის საფუძველზე დაინახა. საფინანსო სფეროში ბევრი რამ შეიძლება იყოს რთული და გაუგებარი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, რომელსაც საბანკო ოპერაციების სწრაფად და ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე განხორციელება სურს. სწორედ მათთვის შეიქმნა Express Bank-ი, რომლის მუშაობის სტილი კიდევ ერთ კარგ საქმეს აკეთებს – მომხმარებელს აჩვევს თვითმომსახურებას და უახლეს ტექნოლოგიებთან ურთიერთობას ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას.
მომსახურების სიმარტივესა და სისწრაფეს შესაბამისი ტექნოლოგიური მხარდაჭერაც სჭირდება და ამ მიმართულებით Express Bank-ი მუდმივად ნერგავს სიახლეებს, რაც განაპირობებს კიდეც მომხმარებელთა ნდობას სერვისის მიმართ. არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, დროთა განმავლობაში ფილიალების ქსელი მუდმივად ფართოვდება და მეტად თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღიჭურვება, რადგანაც კონცეფციამ უნდა შეინარჩუნოს ორი მთავარი მახასიათებელი, რის გამოც ის ასე მიმზიდველია მომხმარებლებისთვის – დინამიკურობა და თანამედროვეობა.
Express Bank-ის 24-საათიანი ფილიალები ძირითადად საცხოვრებელ ზონებთან ახლოს, უბნებში ხალხმრავალი ადგილების მიმდებარედ არის განთავსებული და მათი უნიკალურობის გამო, ამ ფილიალების მომსახურებით ნებისმიერი ადამიანი სარგებლობს. თუმცა, მეორე მხრივ, Express Bank-ი საინტერესო და მოსახერხებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ მხოლოდ იწყებს ბანკთან ურთიერთობას, რადგან მისი კონცეფცია ფინანსური ინსტიტუტის მიმართ პირველი ნაბიჯის გადადგმას ამარტივებს, ახალბედა მომხმარებელს საბანკო ისტორიის შექმნასა და საბანკო ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იდეალურ შემთხვევაში, მომხმარებლები იწყებენ Express Bank-ით და ხდებიან SOLO. როგორც ირკვევა, ასეთი პროგრესული მომხმარებელი საკმაოდ ბევრია, რაც ბანკისთვის განსაკუთრებით საამაყოა.
SOLO პრივილეგია
SOLO – გამორჩეული სერვისების, შესაძლებლობების, ცხოვრების სტილის ნაზავია. SOLO-ს რადიკალურად განსხვავებული კონცეფცია და მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი აწყობილია მისი მომხმარებლის მოლოდინებისა და ცხოვრების სტილის გარშემო. მომხმარებელი პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა თუ სერვისებით სარგებლობს და ამავე დროს SOLO LIFESTYLE-ის შესაძლებლობებს იზიარებს.
პრემიული სეგმენტისთვის ცალკე მომსახურება “საქართველოს ბანკმა” შვიდი წლის წინ დანერგა, თუმცა 2015 წლამდე დაგროვილმა გამოცდილებამ აშკარა გახადა ახალი მიდგომების აუცილებლობა და სწორედ ამან განაპირობა SOLO-ს კონცეფციის განახლებაც. თუკი თავიდან აქცენტები მაინც საბანკო პროდუქტებზე კეთდებოდა, ახალმა კონცეფციამ მომხმარებელს იმაზე მეტი შესთავაზა, ვიდრე მხოლოდ ბანკთან პრივილეგირებული ურთიერთობა იყო: მეტი ექსკლუზიურობა და ახალი სერვისები, რომლებიც SOLO მომხმარებლის ცხოვრების სტილზეა მორგებული.
ასეთი მიდგომა 2015 წლის აპრილში დაინერგა და მისი შედეგები უკვე თვალში საცემია: მომხმარებლების რაოდენობა ერთ წელში 40%-ით გაიზარდა. ასეთ ზრდას ის ფაქტორი განაპირობებს, რომ SOLO-ს გუნდი ცდილობს, მაქსიმალურად ადეკვატურად უპასუხოს საკმაოდ მომთხოვნი მომხმარებლის მოლოდინებს, შესთავაზოს ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ რაოდენობასა და ლოიალურობას.
SOLO lounge – ადგილი, რომელიც არ ჰგავს კლასიკური გაგებით ბანკს. ეს არის ბანკი სასტუმროს ტიპის დახვეწილი ინტერიერით, რომელიც ექსკლუზიურად იტალიური დიზაინსტუდია DINN-ის მიერ შეიქმნა. თუმცა SOLO-ს განსაკუთრებულობა ექსტერიერით იწყება. ეს არის ვიტრინა, რომელიც ვიზუალური და ხმოვანი ეფექტებით წლის თითოეულ სეზონზე საინტერესო ისტორიას ჰყვება. SOLO lounge ეს არის გარემო, სადაც SOLO LIFESTYLE-ისა და SOLO საბანკო სივრცეები ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. ამ გარემოში, საბანკო მომსახურების მიღებასთან ერთად, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი ბიზნესშეხვედრებიც გამართოს და ექსკლუზიურად SOLO- სთვის იტალიიდან ჩამოტანილი ყავა მიირთვას. ამასთან, SOLO LIFESTYLE-ის ბუტიკში შეიძინოს სპეციალურად SOLO-სთვის შექმნილი არაერთი ნივთი.
იყო SOLO ნიშნავს, გქონდეს პერსონალური გზამკვლევი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას. ეს გზამკვლევი SOLO-ს ჟურნალი VOYAGER-ია, სადაც დასვენების, მოგზაურობის, მოდის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და კულტურის შესახებ ყველა იმ სიახლეს გაეცნობით, რომლებიც ერთდროულად საინტერესოცაა და სასარგებლოც. VOYAGER-ი წერს ადამიანის სამოგზაურო გამოცდილებაზე, შთაბეჭდილებებზე, მარშრუტებსა და ექსტრემალურ გატაცებებზე. ჟურნალის საშუალებით SOLO მომხმარებელი საკუთარ მოგზაურობას ისე დაგეგმავს, რომ წინასწარ ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა წაიღოს თან გამგზავრებისას, რა ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროს, სად მიირთვას საუკეთესო კერძები და რომელ მუზეუმს ეწვიოს.
ყოველთვიურად მომხმარებლებისთვის SOLO ამზადებს ასევე ექსკლუზიურ შეთავაზებებს: გამორჩეული ბრენდების მაღაზიებში, ასევე მაღალი კლასის სასტუმროებში ესთეტიკური და ფიტნესცენტრების მომსახურებას. პერიოდულად SOLO მომხმარებლებისთვის ტარდება სხვადასხვა შინაარსის დახურული ღონისძიებები, მათ შორის – საგანმანათლებლო, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბიზნესსკოლის პროფესორები მართავენ სემინარებს. ასევე, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცნობილი სპეციალისტების კულინარიულ და ღვინის მასტერკლასებს დაესწრონ. 2016 წელს მსოფლიო დონის არაერთი ვარსკვლავის კონცერტი გაიმართა, ისეთების, როგორებიც არიან კრის ბოტი, სტინგი, ერიკ ბენე.
რა შედეგი მოაქვს ინვესტიციას ასეთი ტიპის მომსახურებაში? კლიენტების კმაყოფილება მუდმივად იზრდება და სწორედ ეს არის თავად კონცეფციის მიზანიც, ვინაიდან კმაყოფილი კლიენტი ლოიალურია, ხოლო მისი ლოიალურობა შესაბამის ფინანსურ მაჩვენებლებში აისახება.
მთავარი კაპიტალი
როცა ბანკში 5 ათასზე მეტი თანამაშრომელი მუშაობს, მნიშვნელოვანია ყველა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე განსაკუთრებულად პროფესიონალი კადრების შერჩევა. კორპორაციული კულტურით კი საბანკო სექტორი მართლაც გამონაკლისია.
“საქართველოს ბანკის” კორპორაციული კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ერთ სიტყვაში გამოიხატება – გაბედულება. თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ და ინოვაციური იდეების გენერირება მოახდინონ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც დიდ ყურადღებას აქცევენ ბანკში, გუნდურობის პრინციპია. გუნდური მუშაობით მიღწეული წარმატება ყოველთვის გადაწონის ინდივიდუალურ კონტრიბუციას, თუნდაც ყველაზე კომპეტენტურს.
ბანკში გაბედულება და გუნდურობა სათანადოდ ფასდება – თანამშრომლები სარგებლობენ გამორჩეული ბენეფიტების პაკეტით, რომელიც კონკურენტული საბაზისო კომპენსაციების, ჯანმრთელობისა და საპენსიო დაზღვევის გარდა, მოიცავს ფინანსურ მხარდაჭერას სხვადასხვა შემთხვევაში. გარდა ამისა, თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ტრენინგები და ლიდერობის განვითარების პროგრამები, რაც, თავის მხრივ, მათი კარიერული წინსვლის წინაპირობას ქმნის. საქართველოს ბანკის თანამშრომლების სამოტივაციო სისტემის ნაწილი სწორედ მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვაა. საქართველოს ბანკის, როგორც დამსაქმებლის მიზანია, თითოეულ თანამშრომელს მისცეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და რეალიზების შესაძლებლობა. ჯანსაღი სამუშაო გარემო – გახსნილი და კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობა არა მხოლოდ კოლეგებთან, არამედ ნებისმიერი რანგის მენეჯერებთან, რადგან ბანკში სჯერათ, რომ თანამშრომელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ბედნიერი სამსახურში, თუ მას საკუთარი პროფესიული და პიროვნული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა აქვს. ბანკში ყველაფერი კეთდება, რომ თითოეული თანამშრომელი მაქსიმალურად იყოს ჩართული ბანკში მიმდინარე პროცესებში და უშუალოდ გრძნობდეს, როგორ შეაქვს წვლილი კომპანიის საერთო წარმატებაში.
“საქართველოს ბანკში” ახალ თანამშრომლებს კონკურსის საფუძველზე იღებენ და შერჩევის კრიტერიუმები ყოველთვის წინასწარ და ცხადად არის გაწერილი ვაკანტური პოზიციების შესაბამისად. თუმცა ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულების ამოცანა არა მხოლოდ არსებული ვაკანსიების შევსებაა კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატებით, არამედ პოტენციური ლიდერების აღმოჩენა კომპანიის მომავალი განვითარებისთვის.
სავარაუდოდ, ადამიანური რესურსის მართვის ასეთი მიდგომა განაპირობებს იმას, რომ ბანკში დამწყები პოზიციიდან მენეჯერულ პოზიციამდე არაერთი თანამშრომელი განვითარდა. სტატისტიკურად, სხვადასხვა დონის მენეჯერულ პოზიციაზე, მათ შორის – დეპარტამენტის დირექტორის, ყოველ წელს 50-მდე თანამშრომლის დაწინაურება ხდება.
მცირე და საშუალო ბიზნესსესხი, როგორც ურთიერთობა
იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ბიზნესის კეთების კულტურა დროთა განმავლობაში იხვეწება, კლიენტებიც ბანკის მიმართ მომთხოვნები ხდებიან. როცა საბანკო სექტორში ასეთი კონკურენციაა, ბიზნესის ნდობის მოპოვებისთვის ბრძოლაში იმარჯვებს ის, ვისაც კომპლექსური მომსახურების შეთავაზება შეუძლია, ანუ პროცესები ისე აქვს გამართული, რომ კლიენტის ნებისმიერ საჭიროებას სწრაფად და მარტივად აკმაყოფილებს. თანამედროვე მცირე და საშუალო ბიზნესსესხთან (SME) ერთად მომხმარებელს გადახდის ინსტრუმენტები, დისტანციური სერვისები, კომპეტენტური რჩევები სჭირდება და “საქართველოს ბანკში” ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კლიენტის მომსახურება იყოს ურთიერთობა და არა უბრალოდ სესხის გაცემა. სწორედ ამიტომ, დაკრედიტებას კონკრეტული ინდუსტრიის მიმართულებებით სპეციალიზებული ბანკირები ახორციელებენ. “საქართველოს ბანკის” SME-ის საკრედიტო პორტფელი, რომლის მოცულობა მილიარდ ლარს აჭარბებს, მიმდინარე წელს 150 მილიონი ლარით გაიზარდა. პორტფელი მოიცავს სხვადასხვა ტიპის სესხებს, მათ შორის აგროსექტორის მიმართულებით, სადაც მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფო პროგრამებს უკავია. მაგალითად, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემული სესხების პორტფელის მოცულობა 200 მილიონ ლარს აღწევს.
“საქართველოს ბანკის” მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესს, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან ასპექტებშიც დაუჭიროს მხარი. ბანკი მუდმივად ცდილობს, ადგილობრივ ბიზნესს თავისი გამოცდილება გაუზიაროს, მისცეს რჩევები სხვადასხვა სექტორის მიხედვით, გაუწიოს კონსულტაციები. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის “საქართველოს ბანკის” მოდელი მხოლოდ დაფინანსებით არ შემოიფარგლება და მნიშვნელოვანწილად რეალურად ხელს უწყობს ადგილობრივ ბიზნესს გაფართოებასა და წინსვლაში.
ბანკის პრიორიტეტიდან გამომდინარე – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას დაუჭიროს მხარი, შეიქმნა სრულიად ახალი SME–პლატფორმა. სწორედ ეს არის კომპლექსური მიდგომა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ, რაც თავის თავში მოიცავს მათზე მორგებულ ფინანსურ რჩევებს, სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებსა და მომსახურებებს. ეს პლატფორმაც, ისევე როგორც ბანკის სხვა ინიციატივები, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მომხმარებელთან ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის.