ჰაკერებმა პოპულარული NFT-თამაში, Axie Infinity-ი დაჰაკეს და მისი ბლოკჩეინიდან, სახელწოდებით Ronin-ი $625 მილიონის კრიპტოვალუტა, 173,600 ეთერი და 25.5 მილიონი USDC მოიპარეს, – სისტემური გარღვევის შესახებ ბლოკჩეინისა და თამაშის მფლობელმა, Sky Mavis-მა განაცხადა.
როგორც ირკვევა, ჰაკერული თავდასხმა Ronin-ის ბლოკჩეინ-ხიდზე განხორციელდა, რომელიც Axie Infinity-ს სხვა ბლოკჩეინებთან აკავშირებს, მათ შორის ეთერიუმთან. ამ ბლოკჩეინ-ხიდის გამოყენებით, მომხმარებლებს ეთერის და USDC-ის ჩარიცხვა შეუძლიათ, რომლითაც თამაშისთვის საჭირო ნივთებს და ვირტუალურ ვალუტას ყიდულობენ. ამ ეტაპზე, Ronin-ის ბლოკჩეინ-ხიდი დროებით გაყინულია, ანუ მომხმარებლებს ტრანზაქციების გატარება არ შეუძლიათ.
Sky Mavis-ის განცხადებით, თავდამსხმელებმა დაჰაკული კერძო გასაღებები გამოიყენეს, რომლებითაც ქსელში გატარებული ტრანზაქციების ვალიდურობის დამადასტურებელი კვანძები საფრთხეში ჩააგდეს და დიდი მოცულობის კრიპტოვალუტა გაიტანეს. როგორც ირკვევა, კიბერ-თავდასხმის შესახებ ინფორმაცია Sky Mavis-მა ერთი კვირის თავზე მიიღო, როცა ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ ბლოკჩეინიდან 5,000 ეთერი ვერ გაჰქონდა.
კომპანიის განცხადებით, ის უსაფრთხოების პროტოკოლს ცვლის – ამიერიდან, თითოეული ტრანზაქციის ვალიდურობას რვა კვანძი შეამოწმებს. „როგორც ვიხილეთ, ექსპლუატაციისადმი იმუნიტეტი არც Ronin-ს აქვს – ამ თავდასხმამ უსაფრთხოების, ყურადღებისა და ყველა საფრთხის აღმოფხვრის მნიშვნელობა გადაგვააზრებინა“, – განაცხადეს კომპანიაში.