Henley & Partners: ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს

Henley & Partners: ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს

Henley & Partners Group-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით, ნიუ-იორკი, ტოკიო და სან-ფრანცისკოს ყურე ის ადგილებია, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ მილიონერებით დასახლებული ქალაქების პირველი ათეულის ნახევარი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნიუ-იორკმა 2022 წლის პირველ ნახევარში მილიონერების 12% დაკარგა, მაშინ როდესაც სან-ფრანცისკოში მათი რიცხვი, პირიქით, 4%-ით გაიზარდა.

ყურადღებას იპყრობს New World Wealth-ის მიერ შემუშავებული სტატისტიკა, რომელიც ცხადყოფს, რომ მიმდინარე წელს, მილიონერების მზარდი მაჩვენებელი საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში ფიქსირდება. მსგავს ქალაქებს შორის მოხვდნენ აბუ-დაბი და დუბაიც.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულის მიზეზი არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალი საგადასახადო პოლიტიკა და ახალი საცხოვრებელი სქემებია, რომლებიც მდიდარ ადამიანებს იზიდავს. საამიროებში მდიდრების რეკორდულ შედინებას კი ექსპერტთა ნაწილი რუსეთიდან ემიგრაციასაც უკავშირებს.

Henley & Partners Group-ის რეიტინგის ტოპ-ათეულის ბოლო ადგილებს პეკინი და შანხაი იკავებენ, რომელთა მილიონერი მოსახლეობაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შემცირდა. კვლევის ავტორების ვარაუდით, მიმდინარე წელს ჩინეთი, რუსეთის მსგავსად, სიმდიდრის გადინების მეორე უდიდეს ტალღას გამოცდის.

Henley & Partners Group-ის მიხედვით, ყველაზე მეტი მილიონერით დასახლებული ქალაქების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. ნიუ-იორკი – 345,600 მილიონერი
  2. ტოკიო – 304,900 მილიონერი
  3. სან-ფრანცისკოს ყურე – 276,400 მილიონერი
  4. ლონდონი – 272,400 მილიონერი
  5. სინგაპური – 249,800 მილიონერი
  6. ლოს-ანჯელესი & მალიბუ – 192,400 მილიონერი
  7. ჩიკაგო – 160,100 მილიონერი
  8. ჰიუსტონი – 132,600 მილიონერი
  9. პეკინი – 131,500 მილიონერი
  10. შანხაი – 130,100 მილიონერი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *