H&M-ი 250 მაღაზიის დახურვას აპირებს მომავალ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, ვინაიდან ონლაინ-შოპინგს თანდათან უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას.
ტანსაცმლის შვედურ ბრენდს მსოფლიოს მასშტაბით 5 000 მაღაზია აქვს. 250 მაღაზია კი ჯამში 5%-ის დახურვას გულისხმობს.
როგორც H&M-ში აცხადებენ, მესამე კვარტალში – ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, გაყიდვების მაჩვენებელი აღდგა და ამაზე ნაწილობრივ ონლაინ გაყიდვების ზრდამაც იქონია გავლენა. თუმცა, სექტემბერში გაყიდვების 5%-იანი კლება დაფიქსირდა გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით.
“მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები ჯერ შორსაა იმისგან, რომ ისინი დაძლეულად ჩავთვალოთ, ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და ახლა კარგ პოზიციაში ვართ იმისათვის, რომ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვიდეთ“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჰელენა ჰელმერსონმა.
ცნობისთვის, H&M-ის მთავარი კონკურენტი Inditex-ი, რომელიც Zara-ს და სხვა ბრენდებს აერთიანებს, აცხადებს, რომ მიმდინარე და მომავალ წელს მსოფლიოს მასშტაბით 1200 მაღაზიის დახურვას აპირებს.