HPE ბოლო კომპანიაა, რომელიც "სილიკონ ველის" ტოვებს

HPE ბოლო კომპანიაა, რომელიც "სილიკონ ველის" ტოვებს

HPE (Hewlett Packard Enterprise) არის ბოლო კომპანია, რომელმაც კალიფორნიაში მდებარე “სილიკონ ველის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში აცხადებენ, მათ სათაო ოფისი კალიფორნიიდან ჰიუსტონში, ტეხასში გადააქვთ.

“HPE უმსხვილესი დასაქმების ჰაბია ამერიკაში. ჰიუსტონი მიმზიდველი ბაზარია ახალი თანამშრომლების ასაყვანად და მომავლის განსხვავებული ტალანტების მქონე ადამიანების შესანარჩუნებლად. ჰიუსტონში კომპანია აშენებს ახალ კამპუსს“, – აცხადებენ კომპანიაში.

ჯერჯერობით უცნობია ეს დიდი გადაბარგება რამდენ თანამშრომელს შეეხება, თავად HPE-ში აცხადებენ, რომ ისინი თანამშრომლების დათხოვნას არ აპირებენ.

ამასთან, ცნობილია, რომ კომპანია კალიფორნიაში სან ხოსეს კამპუსსაც შეინარჩუნებს.

ტექნოლოგიური კომპანია HPE-ის შემოსავლები ბოლო კვარტალში $7.21 მილიარდს შეადგენდა, მაშინ როდესაც მოსალოდნელი იყო $6.88 მილიარდიანი შემოსავალი. 

HPE 1939 წელს დაარსებული კომპანიაა ბილ ჰიულეტისა და დეივ პაკარდის მიერ. 2015 წელს კომპანია ორად გაიყო – HPE-დ და HP-დ. ეს უკანასკნელი “სილიკონ ველის” არ ტოვებს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტექნოლოგიურ კომპანიებს და მათ შორის “სილიკონ ველიზე” მდებარე ცნობილ სტარტაპებს მოუწიათ ამ ჰაბის დატოვება. ბევრი კომპანია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა და აღარ უღირდათ მაღალი გადასახადების გადახდა. მოგეხსენებათ სან-ფრანცისკოში ცხოვრებაც ძალიან ძვირია. გადაბარგებულ კომპანიებს შორის არის მონაცემთა ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Palantir Technologies-ი, ასევე Dropbox-ი.