საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ექსპრესმონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 41.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.
აღნიშნული მონაცემიდან 331.3 მილიონ აშშ დოლარს ექსპორტი, 778.1 მილიონ აშშ დოლარს კი იმპორტი შეადგენს. საგულისხმოა, რომ 2022 წლის იანვარში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 446.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ია.
პანდემიის გავლენით შემცირებული საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, როგორც ჩანს, არა მხოლოდ პირვანდელ სახეს უბრუნდება, არამედ უფრო დადებითი ტენდენციებიც შეინიშნება. ბუნებრივია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნამ შედეგი საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზეც იქონია.