XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა. ეს ამბები ხშირად იმდროინდელ ქართულ პრესაშიც აისახებოდა. ყველაფერთან ერთად, ცნობები, ზოგჯერ სულაც მწირი და ერთი შეხედვით – უმნიშვნელო, ძველი თბილისის ყოველდღიურობასა და ეკონომიკაზე მრავალფეროვან და საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, ზოგჯერ კი სრულიად უჩვეულო რაკურსით გვაჩვენებს ამა თუ იმ მოვლენას და გვიხსნის მის მნიშვნელობას.
რუბრიკაში „ტფილისის დღიური“ ძველი ქართული გაზეთებიდან ამოკრეფილ სწორედ ამ ტიპის პატარ-პატარა ამბებს გაგაცნობთ, რომელთა მთხრობელები, არცთუ იშვიათად, თავად თფილისის მოქალაქეები იყვნენ – ადამიანები, რომლებიც ყველაზე უკეთ გრძნობდნენ, თუ რა ხდებოდა მათ თავს, რა ხდებოდა ქალაქში…
„ტფილისის დღიური“ | 1875 წელი
ამბავი #1 – „იაფი საჭმელ-სასმელი“
ჩვენი ქრონიკა „თფილისის ერთი მცხოვრების“ მიერ გაზეთ „დროებისთვის“ მიწერილი წერილით დავიწყოთ. იმ პერიოდისთვის, როდესაც მოქალაქე გაზეთს მიმართავს, ქალაქის საქმეებს გამგეობის „ახლადარჩეული“ შემადგენლობა განაგებს. ზოგადად ტფილისელები ხშირად მოუწოდებდნენ ქალაქის გამგეობას, ანუ მათ, „ვისიც ჯერ არს“, ყურადღება ამა თუ იმ პრობლემაზე გაემახვილებინათ. როგორც წესი, ამგვარი მიმართვების მიზეზი ის გამოწვევები იყო, რის წინაშეც მოსახლეობა იდგა.
„დროებისთვის“ გაგზავნილი ამ კონკრეტული წერილის ავტორი ქალაქში უვარგისი პროდუქციით ვაჭრობის თემაზე მიუთითებდა – „მგონი არცერთ ქალაქში არ ისყიდება იმდენი უნდილი და დამპალ-გაფუჭებული ხილი და საზოგადოთ ხორაგი, რამდენიც ჩვენს ქალაქში და ამით, რასაკვირველია, ყველაზე მომეტებული ვნება თფილისის ღარიბ ხალხს ეძლევა, სწორედ მათ, ვინც იაფი საჭმელ-სასმლით“ იკვებებაო.
სამწუხაროდ, ეს პრობლემა რელევანტურობას არც მომავალში კარგავდა. წლების შემდეგაც კი, როცა ქალაქის ექიმი და პოლიციის მოხელეები ვაჭრებს მკვახე და მავნებელ, შემოუსვლელ პროდუქტს მტკვარში აყრევინებდნენ, იქვე, ღარიბი მობანავეები იჭერდნენ და სახლში მიჰქონდათ.
ტფილისში გაჭირვებულები მრავლად იყვნენ, ვადაგასულ და დამპალ პროდუქციას კი აბა რა დალევდა?!
უვარგისი საქონლის გასაღების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი „იაფობის კვირა“ იყო, „ფომინობა“, როდესაც ქალაქში მასშტაბური „იაფფასიანი ვაჭრობა“ იმართებოდა. ამ კვირაში განსაკუთრებით ბევრი იყიდებოდა მორჩენილი საქონელი, რომელთა გასასაღებლადაც, ჩვეულებრივ დღეებში, ვაჭრებს დიდი ჯაფა დაადგებოდათ:
„ერთი საშინელი მოძრაობაა ქალებისა ქარვასლებში და დუქნებში. გაცხარებული ვაჭრობა, ქალების ფაცაფუცი… აბა რაც დავარდნილი, დამპალი საქონელი აქვთ ქალაქის ვაჭრებს ახლა გაასაღებენ…“.
ამბავი #2 – „ტაქცია“
დახლებზე გამოტანილ უვარგის საქონელზე არანაკლები თავის ტკივილი იყო ტფილისელთათვის გამოსაყენებლად ვარგისი პროდუქცია, რომელსაც ვაჭრები დაწესებულ ნიხრზე გაცილებით ძვირად ყიდდნენ.
მართალია, თფილისში შესაბამისი ორგანოების მიერ „ხორაგის ტაქცია“ იყო დანიშნული, მაგრამ ამ „ტაქციას“ ვაჭრები ყურადღებას არ აქცევდნენ და პროდუქტს გაცილებით ძვირად ყიდდნენ – „განსაკუთრებით თუ ხამი კაცი ნახეს, ერთი-ორად ჰყიდიანო“.
ამგვარი პრობლემების მოგვარება სავაჭრო პოლიციის წარმომადგენლებს, ე.წ. ბაზარნიკებს ევალებოდათ, მათ უნდა ეკონტროლებინათ, რომ ქალაქის ბაზრებში ვაჭრებს „უწესოება“ არ ჩაედინათ, მაგრამ, როგორც ამბობდნენ, „ბაზარნიკები“ ხელსაც არ ანძრევდნენ, მეტიც, ზოგჯერ სულაც ვაჭრების მხარეს იჭერდნენ…
ტფილისელები კი მოითხოვდნენ, რომ შესაბამის დაწესებულებებს ამ საკითხისთვის ყურადღება მიექციათ და ამისთანა „უწესოება“ მოესპოთ, მაგრამ…
ამბავი #3 – „უცხო ქვეყნელი ვაჭრები“
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მოსახლეობის ნაწილს უსამართლოდ მიაჩნდა, ის იყო, რომ ჩვენს ქალაქში „უცხო ქვეყნიდამ მოსულ ვაჭრებსა და ხელოსნებს ხარჯი სრულებით არა ხვდებოდათ, მაშინ, როდესაც ქალაქის და აგრეთვე შემოსულ მუშას და საზოგადოთ ღარიბს და ულუკმა-პურო ხალხს, რომელიც ხშირად უსაქმოთ დაიარება, ქვეშიდამ საფენის ნაგლეჯს აცლიან და ისე ახდევინებენ ქალაქის შეწერილ ხარჯსაო“.
„უცხო ქვეყნიდამ“ მოსულები კი, როგორც ჩანს, საკმაოდ იყვნენ, ყოველ შემთხვევაში, 1875 წელს ამაზე ქართული პრესაც ამახვილებდა ყურადღებას:
„უცხო ქვეყნელი ვაჭრები თან-და-თან უფრო ეჩვევიან და ესევიან ჩვენს ქვეყანასა. როგორც სჩანს, შეუმუშავებული ბუნებითი სიმდიდრე და დაუდგენელი, ღარიბი ხალხი ნახეს, რომელსაც ამ სიმდიდრის გამოყენება ვერ მოუხერხებია. მოდიან და სარგებლობენ.
რამდენი ფრანცუზია ეხლა ჩვენში, რომელთაც თუ კასრის (ბოჩკის) ხეები, თუ კაკლის კუნძები, თუ საშენი და სხვა გვარი ტყე, თუ საქონლის ტყავი, თუ ღორის ჯაგარი, სიმინდი გააქვთ და უკანასკნელი ხუთი-ათი წლის განმავლობაში 20-50-100 ათასი მანეთის სიმდიდრე შეუძენიათ!
ამბობენ, რომ უფალი რიშარი წელიწადში მარტო კუნძსა და ღორის ჯაგარს ასი ათასი მანეთისას ჰყიდისო სამზღვარ გარეთაო.
ახლა ვიღაც სხვა ფრანცუზები ჩამოსულან და, როგორც შევიტყეთ, საქონლის ტყავის ყიდვას აპირებენ“.
ამბავი #4 – „საადვოკატო კანტორები“
ტფილისში, კავკასიის ეკონომიკურ ცენტრში, სადაც, როგორც ვნახეთ, არა მხოლოდ მიმდებარე რეგიონებიდან, არამედ მეზობელი თუ „უცხო“ ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ ხელოსნები, მუშები, მეწარმეები თუ საქმოსნები, მნიშვნელოვანი იქნებოდა საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა და იმდროინდელი სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედება.
თუმცა, როგორც „თფილისის მოამბე“ იუწყებოდა, ადამიანი, ვისაც სასამართლოში მიმდინარე დავა ჰქონდა, გაჭირვებულ მდგომარეობაში ვარდებოდა, რადგან უმეტესობას იმდენი შეძლება არ ჰქონდა, რომ პროფესიონალი ადვოკატი დაექირავებინა, შესაბამისად, ისინი ხშირად „ჩვენებური გაიძვერა ადვოკატებისგან“ შევიწროებულნი და მოტყუებულნი რჩებოდნენ.
[საადვოკატო საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული თფილისელი „აბლაკატები“, ე.წ. უფლებადამცველები, რომლებიც ძირითადად არა კლიენტების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდნენ და სარგებლის მისაღებად უკადრებელსაც კადრულობდნენ.]
ტექსტის ავტორის აზრით, ამგვარი ვითარების გამოსასწორებლად, უპრიანი იქნებოდა საადვოკატო კანტორების დაფუძნება, სადაც შეჭირვებულ მოსახლეობას საკუთარი ინტერესების დაცვაში უსასყიდლოდ დაეხმარებოდნენ – „კარგი იქნება, თუ ამგვარ კანტორებში ღარიბ ხალხს უსასყიდლოდ შეეძლება არა თუ მარტო დარიგების და რჩევის მიღება, არამედ ადვოკატის შოვნაც“.
ამ კეთილშობილური აზრის მიუხედავად, ირკვევა, რომ პატიოსანი, მოყვასის მოყვარული იურისტების სიმრავლით ტფილისი ვერც მომავალში დაიკვეხნიდა, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენ მიერ ხსენებულ „აბლაკატებზე“, რომელთაც დროთა განმავლობაში გვარიანად გაუშლიათ ფრთა და მთელ ქალაქს მოსდებიან. თუკი მანამდე ისინი სასამართლოებთან „დაწანწალებდნენ საშუამავლოდ“, მერე და მერე თბილისის „თვით-მმართველობის სახლის“ წინაც დავანებულან და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, პირადი კავშირების გამოყენებით, დახმარებას ჰპირდებოდნენ ყველას, ვისაც გამგეობაში რაიმე საქმე ჰქონდა.
ამბავი #5 – ახალგაზრდა გამომცემელთა წრე
„საადვოკატო კანტორების“ რა გითხრათ, მაგრამ ქალაქში არაერთხელ დაარსებულა საგამომცემლო საქმიანობით დაინტერესებულ ახალგაზრდათა წრე, რომლებიც სხვადასხვა მიზნებს ისახავდნენ.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ტფილისში, „კეკლუცად“ დაბეჭდილი წიგნების ქალაქში, აქტიურად გამოიცემა სხვადასხვა შინაარსისა და ხარისხის ლიტერატურა – „შაურიანი“ წიგნებით დაწყებული, საშუალო ხარისხის გამოცემებითა და „ქართველიშვილისეული ვეფხისტყაოსანით“ გაგრძელებული.
ამავდროულად, აქტიურად გვხვდება საგაზეთო რეკლამები, რომლითაც გამომცემლები საკუთარი წიგნების პოპულარიზაციასა და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას ისახავენ მიზნად.
გაზეთ „დროების“ ინფორმაციით, ამ პერიოდში, 1875 წელს, რამდენიმე ახალგაზრდის თაოსნობით, ტფილისში „სდგებოდა ქართული წიგნების გამომცემლების წრე“, რომელიც სახალხო წიგნების გარდა, „საუკეთესო ახალი და ძველი მწერლების თხზულებათა“ გამოცემასაც გეგმავდა.
უცნობია, როგორ განვითარდა კონკრეტულად ამ ჯგუფის მომავალი, თუმცა, როგორც წესი, ამგვარი „უსახელო საზოგადოებები“, რომლებიც ტფილისში არცთუ იშვიათად არსდებოდა, მაგალითად, ტფილისური „ქართველთა წრე“, რომელსაც მიზნად ჰქონდა „სწერონ მდაბიურისა და გასაგების ენით პატარ-პატარა წიგნები სამეცნიერო შინაარსისა“, წარმატებისათვის „მაინცდამაინც არ იყო განწირული“…
ამბავი #6 – თავად ჩოლოყაშვილის „მაშინა“
წიგნების გამომცემელთა წრეების საპირისპიროდ, წარმატების საკმაოდ კარგი წინაპირობა უნდა ჰქონოდა თავად ერასტი ჩოლოყაშვილის გამოგონილ „სალეწავ იარაღს“, რომლის გამოცდა თფილისში 10 ოქტომბერს, „აკლიმატიზაციის ბაღში, სამეურნეო საზოგადოების მწევრთა და ზოგიერთ სხვა პირთა თანდასწრებით“ მოხდა.
არაერთი თფილისელი გამომგონებლის მსგავსად, ალბათ ერასტი ჩოლოყაშვილსაც ჰქონდა გამდიდრების იმედი, მით უფრო, რომ საქმე ეხებოდა ისეთი ფართო მოხმარების საგანს, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა სოფლის მეურნეობის საქმეში.
„ამ გამოცდის დამფასებლად ორი აგრონომი იყო დანიშნული: ს.ქ. ხოჯაევი და ო.ვ. მარკგრაფი. ამათი ჰაზრით, ეს სალეწავი 3 ½ ჯერ უფრო მსწრაფლად ლეწავს და 2 ½ ჯერ უფრო ნაკლებ მუშას თხოულობს, ვიდრე ადგილობრივი კევრიო.
ამას გარდა, ჩოლოყაშვილის მაშინა წმინდათ, სუფთად ლეწავს და კარგი თვისების ბზესაც სტოვებსო. ორი საათისა და 10 მინუტის განმავლობაში, სამი უბრალო ცხენით, ამ იარაღმა 300 ძნა პური გალეწა“.
მაგრამ ეს „მაშინა“, რომლის ღირებულებაც 150-დან 250 მანეთამდე უნდა ყოფილიყო, გლეხებისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნებოდა, ამიტომაც, ზემოხსენებულ აგრონომთა აზრით, ჩოლოყაშვილის გამოგონება გამოსადეგი იქნებოდა „მხოლოთ დიდი მემამულეებისათვის, ან გლეხებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მთელი სოფელი ერთად გამოიწერდა საზოგადო სახმარებლად“. არსებობდა კიდევ ერთი ვარიანტი, რითაც პროდუქტის გაიაფება იყო შესაძლებელი – თუკი რკინის ზოგიერთი ნაწილის ნაცვლად ხის დეტალებს გამოიყენებდნენ, „მაშინის“ თვითღირებულება შემცირდებოდა.
„ერთის სიტყვით, უეჭველია, რომ ეს სალეწავი მაშინა ყურადღებაში მისაღები მოგონებაა და თავად ერასტი ჩოლოყაშვილი თავის შრომისათვის საზოგადო მადლობის ღირსია; მაგრამ მომეტებული მადლობა მაშინ უნდა ეძღვნას, თუ ისე მოაგვარებს თავის მაშინას, რომ უფრო იაფად დაჯდეს და ამნაირად სოფლის ხალხმაც შეძლოს იმით სარგებლობა“.
საინტერესოა, რამდენად მოახერხა „სოფლის ხალხმა“ ამ გამოგონებით სარგებლობა, მით უფრო, რომ რამდენიმე წელიწადში გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე გამოჩნდა „სამეურნეო მაშინებისა და იარაღების“ გერმანული საწყობის რეკლამა, რომელიც ე.ფ. აუფერმანს ჰქონდა ტფილისში გამართული. სხვა იარაღებთან ერთად, საწყობში იყიდებოდა „ფოლადის გუთნები ერთ-სახნისიანი ღრმად-მხვნელი და ბევრ სახნისიანი; სალეწი მაშინა (ცხენით და ორთქლით სატრიალებელი); მარცვლის გამრჩევი და გამწმენდი მაშინები“…
ამბავი #7 – „ჩინოვნიკები“
დასასრულ კი კიდევ ერთი მოკლე ამბავი იმდროინდელი „ჩინოვნიკების“ თავხედობისა, რომლებიც არათუ ჯეროვნად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, არამედ უბრალო ხალხის წვალების ხარჯზე, რაც ასე აღიზიანებდა მოსახლეობას, თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ:
„ქალაქში აქციზის ჩინოვნიკების შესახებ ამბობენ, მის მაგიერად, რომ თვითონ სოფლებში წავიდნენ და შეამოწმონ ქვაბები, ეს ჩინოვნიკები ორმოცი-სამოცი ვერსიდამ [ერთი ვერსი უდრის 1.06 კმ-ს.] იბარებენ საარყე ქვაბებით გლეხებს ქალაქში და აქ ამოწმებენო…“.