იაპონური ავიაკომპანია მომხმარებელს გაჩერებულ თვითმფრინავში ვახშამს სთავაზობს

იაპონური ავიაკომპანია მომხმარებელს გაჩერებულ თვითმფრინავში ვახშამს სთავაზობს

იაპონიაში უმსხვილესი ავიაკომპანია მსურველებს თვითმფრინავის პირველ კლასში ვახშამს $540-ად სთავაზობს. საუბარია All Nippon Airways-ზე (ANA), რომელმაც ოთხშაბათიდან ამ სერვისის შეთავაზება უკვე დაიწყო. მაშინ როდესაც პირველი კლასით მგზავრობა და შესაბამისად ვახშამიც უფრო ძვირია, მომხმარებელს შეუძლია, უფრო იაფი – ეკონომკლასის ვახშმობაც დაჯავშნოს. ბორტზე გარემო ისეთია, თითქოს თვითმფრინავი მიემგზავრება. ავიაკომპანია მომხმარებელს თვითმფრინავის საკვებით ტოკიოს აეროპორტში გაჩერებულ Boeing 777-ში უმასპინძლდება.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო გლობალური ავიაინდუსტრია კრიზისში აღმოჩნდა, ავიაკომპანიებმა გამოსავალზე დაიწყეს ფიქრი. ამ მხრივ იაპონური ავიაკომპანია პირველი არ არის. მაგალითად, გასულ კვირას British Airways-მა მსურველებს პირველი კლასის მენიუს გამოძახების სერვისი შესთავაზა. გასული წლის ოქტომბერში კი სინგაპურის ავიახაზებმა  თვითმფრინავში ვახშმობის მსურველები  აეროპორტში გაჩერებულ Airbus A380-ში მიიწვიეს. მიუხედავად საკმაოდ მაღალი საფასურისა ($525), ბილეთები ორ თარიღზე ნახევარ საათში გაიყიდა.

პანდემიის შედეგად დაზარალებული ტურიზმისა და ავიაინდუსტრიის დახმარებას განვითარებული ქვეყნები სხვადასხვა გზით ცდილობენ. ცოტა ხნის წინ ავსტრალიის მთავრობამ $1.2-მილიარდიანი პროგრამა აამოქმედა, რომლის მიზანიც შიდა მოგზაურობების წახალისებაა. პროგრამის მიხედვით, ივლისის ბოლომდე ავიაკომპანიების 800 000 ბილეთი ნახევარ ფასად გაიყიდება. ამგვარად, მთავრობა, ერთი მხრივ, შიდა ტურიზმის წახალისებას, მეორე მხრივ კი ავიაკომპანიების დახმარებას ცდილობს.