OPEC-ი და მისი მოკავშირეები ნავთობის წარმოების ეტაპობრივ გაზრდაზე შეთანხმდნენ

OPEC-ი და მისი მოკავშირეები ნავთობის წარმოების ეტაპობრივ გაზრდაზე შეთანხმდნენ

OPEC-ი და მისი მოკავშირეები ნავთობის წარმოების ეტაპობრივ გაზრდაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ნავთობექსპორტიორი ქვეყნები მომდევნო სამი თვის მანძილზე წარმოებას ნელ-ნელა გაზრდიან. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ქვეყნებში კოვიდ-ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ მზარდია, ვაქცინაციამ და ეკონომიკების გახსნამ ნავთობის ინდუსტრიაში პოზიტიურ ძვრებს მისცა დასაბამი.

OPEC-მა და მისმა მოკავშირეებმა, რომელთა შორის რუსეთიცაა, გადაწყვიტეს, რომ მაისიდან ნავთობის წარმოების დღიური მოცულობა 350 000 ბარელით გაზარდონ, კიდევ 350 000 ბარელით გაიზრდება წარმოება ივნისიდან, ხოლო ივლისიდან – დამატებით 450 000 ბარელით.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ამერიკული WTI-ის ფიუჩერსის ფასი 2.4%-ით გაიზარდა და $60-ს გადააჭარბა. „ბრენტის“ ტიპის საწვავი კი 2.2%-ით გაძვირდა და ბარელზე მისი ფასი $64-ს გასცდა.

ნავთობმწარმოებლები საწვავზე მოთხოვნის ზრდას ელოდებიან. როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, 2021 წლის ბოლომდე ნავთობზე გლობალური მოთხოვნის დღიური მოცულობა 5.5 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. თუმცა ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ რისკები ჯერ კიდევ ბევრია.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ OPEC-მა და მისმა მოკავშირეებმა, პანდემიის გამო საწვავზე მოთხოვნის მკვეთრი კლების შემდეგ, ფასების დარეგულირების მიზნით დღიური წარმოების მოცულობის შემცირება გადაწყვიტეს, რამაც  ე.წ. შავ ოქროზე ფასების ეტაპობრივად დასტაბილურება გამოიწვია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *