IATA ვარაუდობს, რომ ავიაინდუსტრია $84 მილიარდს დაკარგავს

IATA ვარაუდობს, რომ ავიაინდუსტრია $84 მილიარდს დაკარგავს

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ავიაინდუსტრია ემზადებოდა მგზავრების რაოდენობის გაზრდისათვის. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) 2037 წლისთვის მგზავრთნაკადის 8.2 მილიარდამდე გაზრდას ვარაუდობდა. თუმცა, პანდემიის გამო აპრილში, საჰაერო მგზავრობა 98%-ით შემცირდა. IATA-ს მთავარ ეკონომისტ ბრაიან პირსის თქმით, ავიაკომპანიებს 2020 წელს $84 მილიარდის ოდენობის უპრეცედენტო დანაკარგი ექნებათ.

თუმცა, 2020-ის მეორე ნახევარში ელოდებიან მდგომარეობის გამოსწორებას.

საერთაშორისო მოგზაურობა ჯერ მაინც შეზღუდულია, მაგრამ ცალკეულ ქვეყნებში შიდაფრენები აღდგენილია, მათ შორის ჩინეთში, ინდონეზიასა და შეერთებულ შტატებში. “ეს საკმარისია, რომ ავიატრანსპორტის ინდუსტრიას ზოგ ქვეყანაში პატარა გასაქანი მიეცეს. თუმცა, ზოგი ავიაკომპანია მაინც დამოკიდებულია საერთაშორისო რეისებზე,” – ამბობს პირსი.

სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება ავიაინდუსტრიის თავიდან ამოსაქოქად მნიშვნელოვანი იქნება. ზოგიერთი ავიაკომპანია (Flybe, Virgin Australia და Trans States Airlines) უკვე განიცდის მნიშვნელოვან ზარალს. მთავრობები სულ უფრო ხშირად სთავაზობენ მათ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის აშშ-ი, ავსტრალია, ტაივანი. IATA ვარაუდობს, რომ სახელმწიფოებისგან ჯამში $200 მილიარდის ოდენობის დახმარება იქნება საჭირო.

ინდუსტრიის ფეხზე წამოდგომასთან ერთად, IATA-მ და Airports Council International-მა (ACI) განავითარეს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ავიასატრანსპორტო ინდუსტრიის ფუნქციონირების უსაფრთხოდ აღდგენა. ეს მოიაზრებს აეროპორტებსა და ფრენების დროს დამცავი აღჭურვილობის გამოყენებას, უკონტაქტო სერვისების დანერგვას და ა.შ.