IEA-მ ნავთობზე მოთხოვნის შესახებ 2020 წლის პროგნოზი შეამცირა

IEA-მ ნავთობზე მოთხოვნის შესახებ 2020 წლის პროგნოზი შეამცირა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) 2020 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი შეამცირა. ამის შესახებ CNBC წერს. IEA-ს განცხადებით, ამ მხრივ წინ „ვერაგი“ გზაა გასავლელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების ზრდიდან და შესუსტებული ბაზრის განწყობებიდან გამომდინარე.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თვიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ნავთობზე მოთხოვნა დღის განმავლობაში 91.7 მლნ ბარელამდე შემცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული წლის პროგნოზთან შედარებით, ეს რიცხვი დღეში 8.4 მლნ ბარელით ნაკლებია.

“ეკონომიკურ შენელებას თვეები დასჭირდება საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყოს სვლა, მაშინ როდესაც ცალკეული სექტორები, მაგალითად ავიაცია, მოხმარების პრეპანდემიურ დონეს მომავალ წლამდე არ დაუბრუნდება“, – წერია IEA-ს ანგარიშში.

სამშაბათის მონაცემებით, „ბრენტის“ ტიპის ნავთობი $40.02-ად ივაჭრება. WTI-ს ტიპის ნავთობის ფასი კი $37.76-ია.

ცნობისთვის, ნავთობის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული.