ილონ მასკი კომპანია Twitter-ის აქციების 100%-ის შეძენას გეგმავს

ილონ მასკი კომპანია Twitter-ის აქციების 100%-ის შეძენას გეგმავს

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონმ მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილის შეძენის შემდეგ, დირექტორთა საბჭოს ახალი შეთავაზებით მიმართა – მასკს კომპანიის 100%-ის შეძენა სურს.

საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიისათვის წარდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ილონ მასკი მზად არის – Twitter-ის თითოეული აქციის სანაცვლოდ 54.2 დოლარი გადაიხადოს, რაც ამჟამინდელ სავაჭრო ფასს თითქმის 10 დოლარით აღემატება. საერთო ჯამში, ილონ მასკი მზაობას გამოხატავს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის შესაძენად დაახლოებით 42 მილიარდი დოლარი გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ მასკმა რამდენიმე დღით ადრე უარი განაცხადა Twitter-ის დირექტორთა საბჭოს წევრობაზე. სავარაუდოდ, აღნიშნული ქმედების განმაპირობებელი მიზეზი კომპანიის ყიდვის სურვილი იყო, რადგან საბჭოს წევრობით მას შეეზღუდებოდა Twitter-ის 14.9%-ზე მეტი წილის შეძენის უფლება.

„ეს არის ჩემი საბოლოო და საუკეთესო შეთავაზება, რომლის არ მიღების შემთხვევაში, მე მომიწევს ჩემი, როგორც კომპანიის აქციონერის პოზიციის გადახედვა.

ინვესტიციის განხორციელების შემდეგ გავაცნობიერე, რომ კომპანია ამჟამინდელი ფორმით ვერც აყვავდება და ვერც თავის საზოგადოებრივ მოვალეობას შეასრულებს. Twitter-ი კერძო კომპანია უნდა გახდეს“, – განაცხადა ილონ მასკმა.

საგულისხმოა, რომ ილონ მასკს Twitter-ის სამომხმარებლო პოლიტიკისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობის სტანდარტების მიმართ უკმაყოფილება არაერთხელ გამოუხატავს. მილიარდერი მეწარმე მიიჩნევს, რომ სოციალურმა პლატფორმამ თავისი დანიშნულება პირნათლად უნდა შეასრულოს და Twitter-ზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად უნდა იყოს დაცული, ცენზურისა და კონტროლის გარეშე.