ილონ მასკი კვლავ ტრილიონერია

ილონ მასკი კვლავ ტრილიონერია

ფოტო: Dimitrios Kambouris/Getty Images for The Met Museum/Vogue

 

დღეს ილონ მასკის ქონებამ $1 ტრილიონს კვლავ გადააჭარბა, რითაც Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრილიონერის სტატუსი დაიბრუნა. მისი ქონების ზრდა სწორედ SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების გაძვირებას უკავშირდება.

Forbes-ის შეფასებით, ორშაბათს მასკის ქონება პარასკევის მაჩვენებელზე $30.6 მილიარდით გაიზარდა და ისტორიული ნიშნული კიდევ ერთხელ გადაკვეთა. მილიარდერების რეიტინგში მეორე ადგილზე კვლავ Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონებაც $371.5 მილიარდად არის შეფასებული.

მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი ივნისში გახდა, მას შემდეგ, რაც Nasdaq-ზე SpaceX-ის აქციებით ვაჭრობა დაიწყო. თუმცა რამდენიმე დღეში აქციების ფასის კლების გამო მან ეს სტატუსი დაკარგა.

Tesla-ს აქციების ფასის ზრდას ხელი კომპანიის მესამე კვარტლის მიწოდებების მაჩვენებლებმა შეუწყო, რომლებმაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. ამის გავლენით, მხოლოდ პარასკევს, ილონ მასკის ქონება $61 მილიარდით გაზარდა. ორშაბათს Tesla-ს აქციების ღირებულება კიდევ 1%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო SpaceX-ის აქციების ფასმა 5%-ზე მეტად მოიმატა.

SpaceX-ის აქციების ფასის ზრდას წინ უძღოდა Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის აქციები სათანადოდ არ იყო შეფასებული. ამასთან, გასულ კვირას SpaceX-ის Starship-მა ორბიტას წარმატებით მიაღწია, რამაც ინვესტორები კომპანიის მომავლის მიმართ დადებითად განაწყო.

SpaceX-ის აქციების აღმასვლას დაემთხვა მასკის მიერ კვირას გავრცელებული განცხადებაც, რომლის თანახმად, კომპანია SpaceXAI-ის სახელის „SpaceXSI“-ით შეცვლას განიხილავს. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება, რომ „ხელოვნურ ინტელექტს“ მომავალში „სუპერინტელექტი“ უნდა ეწოდოს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი