ილონ მასკი: Twitter-ი შესაძლოა ყველა მომხმარებლისთვის ფასიანი გახდეს

ილონ მასკი: Twitter-ი შესაძლოა ყველა მომხმარებლისთვის ფასიანი გახდეს

ილონ მასკი პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წვდომისთვის გადასახადის დაწესებას განიხილავს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის განცხადებით, გადახდის სისტემა, რომელიც ყველა მომხმარებელს შეეხება, სოციალურ მედიას ე.წ. „ბოტებისგან“, ანუ ავტომატიზებული ანგარიშგებისგან დაიცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური მედიის გამოყენებისთვის გადასახადის დაწესების საკითხს Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრისას შეეხო. ამჟამად Twitter-ის მომხმარებელს გადასახადის გადახდა მხოლოდ სააბონენტო სერვისის, X Premium-ის გამოყენების შემთხვევაში უწევს. X Premium-ი, რომელიც ანგარიშებისთვის სხვადასხვა ბენეფიტს, მათ შორის „დამოწმებული ანგარიშის მონიშვნის“ ფუნქციას უზრუნველყოფს, ამერიკის შეერთებულ შტატებში iPhones-ისთვის თვიურად $11 ღირს.

ილონ მასკის ცნობით, ამჟამად პლატფორმა X-ის ყოველთვიურ მომხმარებელთა რიცხვი 550 მილიონს აღწევს, რომლებიც დღეში 200 მილიონამდე პოსტს ქმნიან. 2022 წლის ოქტომბერში, მილიარდერის მიერ სოციალური გიგანტის შეძენამდე, პლატფორმა მომხმარებელთა ბაზას განსხვავებული მეთოდით, მონეტარიზებული დღიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობით აფასებდა, რაც მათ რიცხვს 238 მილიონით განსაზღვრავდა.

შეგახსენებთ, რომ მასკმა სოციალური მედიის პლატფორმა Twitter-ი გასული წლის 27 ოქტომბერს, $44 მილიარდად შეისყიდა. Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკი, $264.2 მილიარდით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.