მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის განცხადებით, კომპანია Twitter-ის 44 მილიარდად შეძენის გარიგება დროებით შეჩერებულია.
მილიარდერის განცხადება Twitter-ის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებს უკავშირდება. კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 5%-ზე ნაკლებია ყალბი ანგარიშის მქონე (ბოტი).
მასკის განმარტებით, გარიგება იქამდე შეჩერდება, სანამ Twitter-ის ჯგუფი არ წარმოადგენს აღნიშნული კალკულაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. როგორც ჩანს, მილიარდერ მეწარმეს Twitter-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემების სანდოობის არ სჯერა და ყალბი ანგარიშების რაოდენობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის აქციების შეძენის შემდეგ, მასკმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი უმთავრესი პრიორიტეტი Twitter-ის ტროლებისა და ბოტებისგან გასუფთავება იქნებოდა, რასაც თავად კომპანია წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.
სოციალური პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქტიურ მომხმარებელთა ბაზის ავთენტურობის მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურ ქსელში ბოტების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, ეს შეზღუდავს როგორც პლატფორმას, ასევე თავად კომპანიის შემოსავლიანობას, რადგან ბიზნესებს აღარ ექნებათ სურვილი სარეკლამო ბანერები ბოტებით გადატვირთულ ქსელში განათავსონ.