თურქეთი Anka-ს ტიპის დრონებს ყაზახეთთან თანამშრომლობით აწარმოებს

თურქეთი Anka-ს ტიპის დრონებს ყაზახეთთან თანამშრომლობით აწარმოებს

გავრცელებული ცნობებით, თურქეთი და ყაზახეთი დრონების ერთობლივ წარმოებას დაიწყებენ. უპილოტო საფრენი აპარატი სახელად Anka თურქი და ყაზახი ექსპერტების თანამშრომლობით იწარმოება. კონკრეტულად კი, მათი წარმოება ყაზახეთში დაიწყება.

თურქულმა კომპანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ყაზახურ სახელმწიფო კომპანია Kazakhstan Engineering-თან გააფორმა, რომლის თანახმადაც, თურქული მხარე ყაზახეთს ტექნოლოგიას გადასცემს. გარდა ამისა, გაუზიარებს შეკეთებისა და სერვისის გამოცდილებასაც.

აღნიშნული შეთანხმება ყაზახეთს Anka-ს მწარმოებელ პირველ არათურქულ სახელმწიფოდ აქცევს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ყაზახეთმა თურქეთისაგან Anka-ს სამი პარტია შეიძინა. 2021 წლის მაისში კი ორმა მხარემ სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

აღნიშნული დრონის პირველი მყიდველი ტუნისი გახლავთ. გასული წლის დეკემბერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტუნისმა თურქეთისგან სამი უპილოტო Anka-ს ტიპის დრონი 800 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

ცნობისათვის, Anka-მ პირველი სატესტო ფრენა ჯერ კიდევ 2010 წელს განახორციელა. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა კი შეიარაღებაში ის 2017 წელს მიიღო. დრონს სხვადასხვა ტიპის მისიების შესრულება შეუძლია. Anka-ს ტიპის დრონით შესაძლებელია რეალურ დროში სადაზვერვო ინფორმაციის მიღება, მეთვალყურეობა. ასევე, შესაძლებელია მისი საკომუნიკაციო საშუალებად გამოყენება. დრონს შეუძლია სამიზნის აღმოჩენა, თვალთვალი და მასზე თავდასხმაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *