ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $16.7 მილიარდით გაიზარდა

ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $16.7 მილიარდით გაიზარდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება გუშინ 5%-ით, 16.5 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. მასკის სიმდიდრის ზრდა დიდწილად ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციების ფასის 12%-ით ზრდას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის ქონება ჯერ კიდევ 110 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებია დეკემბერში დაფიქსირებულ პიკთან შედარებით. ამერიკული Forbes-ის მონაცემებით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ამჟამად $351.2 მილიარდად შეფასებულ ქონებას ფლობს, რაც საკმარისია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსის ფლობისთვის.

როგორც აღვნიშნეთ, მასკის ქონების ზრდაში დიდი წვლილი Tesla-ს აქციების ფასის გაძვირებამ გამოიწვია. გუშინ ავტომწარმოებლის აქციების ღირებულებამ თითო აქციაზე 278,39 დოლარი შეადგინა. გუშინდელი ზრდის მიუხედავად, Tesla-ს აქციების ღირებულება მკვეთრად არის გაუფასურებული გასული წლის 17 დეკემბერს დაფიქსირებული პიკის შემდეგ. ამ დღეს ავტომწარმოებლის ერთი აქციის ფასმა თითქმის 480 დოლარს მიაღწია.

თავის მხრივ, Tesla-ს აქციების ფასის ზრდა საფონდო ბირჟებზე ვითარების გამოსწორებამ განაპირობა. კერძოდ, S&P 500 1.8%-ით გაიზარდა და 7 მარტის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. Dow Jones Industrial Average-ი 1.4%-ით, 590 პუნქტზე მეტით გაიზარდა. რაც შეეხება Nasdaq-ს, ამ შემთხვევაში ზრდამ 2.3% შეადგინა.

Sevens Report-ის დამფუძნებლის, ტომ ესაის განმარტებით, ბაზრის გაძლიერება აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის ცვლილებებთანაა დაკავშირებული. Bloomberg-ისა და The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ტრამპის მიერ მომზადებული საპასუხო ტარიფები, რომლებიც მომავალ კვირას უნდა ამოქმედდეს, გაცილებით მიზანმიმართული იქნება, ვიდრე მანამდე იყო ნავარაუდევი. გარდა ამისა, ტრამპის განცხადებამ, რომ შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანას ტარიფებისგან „შეღავათები“ მისცეს, ინვესტორთა ოპტიმიზმი კიდევ უფრო გაამყარა და საფონდო ბირჟების გაძლიერებას შეუწყო ხელი.