ილონ მასკმა $3.58 მილიარდის ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა

ილონ მასკმა $3.58 მილიარდის ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა

მიმდინარე კვირის დასაწყისში, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ილონ მასკმა $3.58 მილიარდის ღირებულების Tesla-ს 22 მილიონი აქცია გაყიდა, – ამის შესახებ მილიარდერის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ვიგებთ, რომლის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. საერთო ჯამში, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა Tesla-ს აქციების ფასი პიკში იყო, ილონ მასკმა $39 მილიარდზე მეტი ღირებულების აქციები გაყიდა – ამ პერიოდში, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაცია $700 მილიარდით შემცირდა.

ილონ მასკის მიერ Tesla-ს აქციების მასობრივი გაყიდვის კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის Twitter-ის შესყიდვას უკავშირდება, რისთვისაც მასკს $13 მილიარდის ვალდებულებების აღება მოუწია. ამ მოსაზრებას ილონ მასკის მიერ Twitter-ში გამოქვეყნებული განცხადებაც ამყარებს: “ბანალურ რამეს გეტყვით: ტურბულენტურ მაკროეკონომიკურ პერიოდში, როცა ფედერალური სარეზერვო სისტემა რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, ვალდებულებების აღებისგან თავი უნდა შეიკავოთ“.

აქვე უნდა ითქვას, რომ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა კომპანიის აქციები მიმდინარე წლის აპრილში, აგვისტოში და ნოემბერშიც გაყიდა – უკანასკნელი ორი, პირდაპირ Twitter-ის გარიგებას უკავშირდება. კომპანიების აქციების ბოლო გაყიდვის შედეგად, ილონ მასკის წილი 13.4%-მდე შემცირდა – ამგვარად, მასკი Tesla-ს უმსხვილეს მეწილედ რჩება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ოთხშაბათს, საფონდო ბირჟის დახურვისას, Tesla-ს აქციები $156.8 ღირდა, რაც, თავისთავად, 2.58%-იან კლებას წარმოადგენს – ასეთი ფასი, ბოლოს, 2020 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს, ამერიკული ავტომწარმოებლის აქციები დაახლოებით 55%-ითაა შემცირებული, რაც Nasdaq-ის ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული ინდექსის მიერ დაფიქსირებულ 29%-იან კლებას აღემატება.

თავისთავად ცხადია, რომ Tesla-ს აქციების ფასის შემცირების ფონზე, მცირდება ილონ მასკის პირადი ქონების ჯამური ღირებულებაც, რამაც მას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული დააკარგვინა. დღეს, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკი $174 მილიარდის ღირებულების აქტივებს ფლობს, ხოლო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, LVHM-ის თავმჯდომარე ბერნარ არნოს ქონება $190 მილიარდს აღემატება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *