ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა გიგანტმა, Tesla-მ, ჩინეთში Model S-ისა და Model X-ის შეკვეთები დროებით შეაჩერა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩინური საქონლის იმპორტზე ტარიფები 145%-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ Model S და Model X ელექტრომობილების მწარმოებლის მთლიანი გაყიდვების მხოლოდ მცირე, დაახლოებით 5%-ს შეადგეს. ამერიკული კომპანიის შემოსავლის ძირითადი ნაწილი კი უფრო ხელმისაწვდომ Model 3 და Model Y მოდელებზე მოდის.
ილონ მასკი წლებია, ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანა ლითიუმის ბატარეებისა და მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. 2024 წელს ჩინეთში Tesla-ს გაყიდვები რეკორდულ მაჩვენებელს – 657,000 ავტომობილს გაუტოლდა, თუმცა ბაზრიდან მისი შემოსავლები ბოლო თვეებში ადგილობრივი კომპანიების მხრიდან გაზრდილი კონკურენციის ფონზე უფრო და უფრო მცირდება.
Tesla-ს მიერ შეკვეთების შეჩერება აშშ-ჩინეთის „სატარიფო ომის“ გავლენის ერთ-ერთი ნიშანია. აღსანიშნავია, რომ მასკმა ამ გავლენის თავიდან არიდება სცადა და ტრამპის სავაჭრო მრჩეველი პიტერ ნავარო სოციალურ ქსელ X-ზე გააკრიტიკა, თუმცა, როგორც ჩანს, ამან შედეგი არ გამოიღო, ყოველ შემთხვევაში, ჩინეთთან „სატარიფო ომის“ დასრულების მიმართულებით.
ტარიფების უარყოფითი გავლენა ავტომწარმოებლის აქციების ფასზეც აისახა. დეკემბრის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით ის დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული. მასკის თქმით, კომპანიის შედეგებზე ტარიფებმა „მნიშვნელოვნად“ იმოქმედა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რითაც პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკისადმი თავისი ოპოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ილონ მასკმა პრეზიდენტს ტარიფების გაუქმება გასულ უიკენდზე პირადადაც სთხოვა, მაშინ როდესაც სავაჭრო ომმა საფონდო ბაზრებზე მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.