ილონ მასკმა Tesla-ს $1.95 მილიარდის აქციები ქველმოქმედებისთვის გაიღო

ილონ მასკმა Tesla-ს $1.95 მილიარდის აქციები ქველმოქმედებისთვის გაიღო

გასულ წელს, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის $1.95 მილიარდად შეფასებული აქციები ქველმოქმედებისთვის გაიღო. მონაცემებს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC) აქვეყნებს.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ფაილებიდან ირკვევა, მასკმა, აგვისტოდან დეკემბრის პერიოდში, Tesla-ს დაახლოებით 11.6 მილიონი აქცია გაიღო ქველმოქმედებისთვის. თუმცა უცნობია, რომელი ორგანიზაცია თუ ორგანიზაციები იყვნენ მიმღებთა შორის. ცნობისთვის, ამჟამად მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი Tesla-ს აქციების დაახლოებით 13%-ს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკმა 2021 წელს ქველმოქმედებისთვის მთლიანობაში $5.74 მილიარდი გაიღო. შეგახსენებთ, მასკმა ბილ გეიტსისა და უორენ ბაფეტის მიერ შექმნილ The Giving Pledge-ის ინიციატივას, რაც სიცოცხლის განმავლობაში და გარდაცვალების შემდგომ ქველმოქმედებისთვის ქონების მინიმუმ ნახევრის გაღებას ითვალისწინებს, ხელი 2012 წელს მოაწერა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Tesla-ს აქციების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემით, მილიარდერმა შესაძლოა სარგებელიც ნახოს, რადგან საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გადაცემული აქციები კაპიტალის მოგების გადასახადისგან თავისუფალია.

ბოლო პერიოდი ილონ მასკისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა – მან, ცოტა ხნის წინ, ისტორიაში ქონების ყველაზე დიდი პერსონალური დანაკარგით, რეკორდი დაამყარა. 2021 წლის ნოემბრიდან  მასკის ქონების რეკორდული ($182 მილიარდი) შემცირება, ძირითადად Twitter-ის შეძენის შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასის 65%-იანი ვარდნის შედეგია. ამჟამად, $196 მილიარდით, მასკი Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *