IMF: ელ-სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად არ უნდა გამოიყენოს

IMF: ელ-სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად არ უნდა გამოიყენოს

რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ განაცხადა, რომ ელ-სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად აღარ უნდა გამოიყენოს, რადგან ამგვარი მიდგომა ქვეყნის ფინანსურ და საბაზრო მდგრადობას, ფინანსურ სტაბილურობასა და მომხმარებელთა დაცვას საფრთხის წინაშე აყენებს. ამასთანავე, Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ ელ-სალვადორი ამ რეკომენდაციას არ შეასრულებს, IMF-ისაგან სესხის მიღება ქვეყნისთვის საკმაოდ რთული გახდება.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ელ-სალვადორს IMF-ისაგან სესხის მიღების პრობლემა უჩნდება: გასულ წელს ქვეყანამ $1.3 მილიარდის მოცულობის სასესხო განაცხადი შეავსო, მაგრამ ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად მიღების გამო ეს საკითხი დღესაც გადაუწყვეტელი რჩება.

ბიტკოინის სამართლებრივი სტატუსის გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს რამდენიმე წევრმა ბიტკოინით უზრუნველყოფილ სახელმწიფო ბონდებთან დაკავშირებულ რისკებზეც ისაუბრა, რამაც შესაძლოა, ქვეყანას კაპიტალთან წვდომა კიდევ უფრო შეუზღუდოს.

მიუხედავად კრიტიკისა, ელ-სალვადორის მიდგომის ერთი ნაწილი IMF-შიც მოსწონთ: აღმასრულებელი საბჭოს თქმით, ციფრული გადახდების დანერგვას, რომლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი კრიპტოსაფულე Chivo-ა, მოსახლეობაში ფინანსური ინკლუზიურობის გაზრდა შეუძლია. თუმცა, როგორც მოსალოდნელია, IMF-ში Chivo-ს და ბიტკოინის მკაცრ რეგულირებას ითხოვენ.

ელ-სალვადორმა ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გამოაცხადა. მას მერე, ქვეყანამ ბიტკოინი არაერთგზის იყიდა – ძირითადად მაშინ, როცა კრიპტოვალუტის ფასი საგრძნობლად იყო დაცემული. ნაიბ ბუკელეს მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით, ელ-სალვადორი სულ მცირე 1801 ბიტკოინს ფლობს და არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს რიცხვი მომავალში კლებას დაიწყებს.