IMF: გადასახადების მობილიზების ზრდის ტემპით საქართველო და რუანდა მსოფლიოს საუკეთესო მაგალითებია

IMF: გადასახადების მობილიზების ზრდის ტემპით საქართველო და რუანდა მსოფლიოს საუკეთესო მაგალითებია

ქვეყნებში, სადაც კორუფციის დონე მნიშვნელოვნად მცირდება იზრდება მშპ-ში საგადასახადო შემოსავლების წილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კორუფციის დონის შემცირებასა და გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესებას შორის არსებულ კავშირზე კვლევა გამოაქვეყნა, რომელში საუკეთესო მაგალითებად საქართველო და რუანდის რესპუბლიკა სახელდება.

კერძოდ, საქართველო და რუანდა იმ ქვეყნებს შორის სახელდება, რომლებმაც მნიშვნელოვან პროგრესს დროის მოკლე პერიოდში მიაღწიეს. კორუფციის კონტროლის ინდექსში საქართველომ და რუანდამ 1996 წლის შემდეგ, ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში კვლავ რჩება გამოწვევები მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, IMF აღნიშნავს, რომ 2003 წლამდე საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად კორუფციული ქვეყანა იყო. „ქრთამის აღების ფაქტებმა და მაღალმა კორუფციამ საგადასახადო ადმინისტრირების პროცესში ქვეყანაში გადასახადების მობილიზება მინიმუმამდე შეამცირა. 2003 წლის შემდეგ, ქვეყანაში ანტი-კორუფციული პოლიტიკის გატარება დაიწყო. ქვეყანაში შემცირდა რეგულაციების რაოდენობა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საჯარო სამსახურებში კორუფციის აღმოფხვრაზე და შედეგად ქვეყანამ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამ პერიოდში ახალმა ხელისუფლებამ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დააპატიმრა, ასევე განხორციელდა პოლიციის სრული რეფორმა.

შედეგად, 2003 წლიდან 2008 წლის პერიოდში საქართველოში საგადასახადო შემოსავლების წილი მშპ-ში 12%-დან 25%-მდე გაიზარდა. აღნიშნული ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაღალი დონის კორუფცია კვლავ რჩება ერთ-ერთ გამოწვევად. ასე მაგალითად, TI-ის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა და ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  “უკუსვლაა დემოკრატიის სფეროში, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს ზრდის და გულისხმობს, რომ ქვეყანა მომავალში დაკვირვებას საჭიროებს.” მსგავს შეფასებას აძლევს ქვეყანას Freedom House-იც, რომელიც აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ელიტური კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება; ხელისუფლებაში კი ხშირია ნეპოტიზმის ფაქტები.

slide39