IMF-ი მსოფლიო ეკონომიკის 4.9%-იან ვარდნას ელოდება

IMF-ი მსოფლიო ეკონომიკის 4.9%-იან ვარდნას ელოდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) არსებობის მანძილზე პირველად დაფიქსირდა გლობალური ეკონომიკის ისეთი ვარდნა, როგორიც ეს 2020 და 2021 წლებისთვის არის ნავარაუდევი. აპრილში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 3%-იან კლებას ვარაუდობდა, ხოლო განახლებული პროგნოზით მომავალი ეკონომიკური კონიუქტურის მაჩვენებლის კვლავ შემცირებას ელოდებიან.

IMF-ის განახლებული პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკის 4.9%-იან ვარდნას უნდა ელოდოს. სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი გიტა გოპინათი ამბობს, რომ მთავარი საზრუნავი ახლა ვირუსის მეორე ტალღის პრევენციაა. IMF-ის პროგნოზის შემცირების მიზეზი მოხმარებასა და სერვისებზე გლობალური ვარდნაა. 

პროგნოზების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი -8.0%-ია, რაც აპრილის მაჩვენებელზე 2.1%-ით ნაკლებია. 

2021 წლისთვის კი, IMF-ი პროგნოზირებს აშშ-ს ეკონომიკურ ზრდას 4.5%-ით. ხოლო რაც შეეხება გლობალურ აღდგენით პროცესს, სავალუტო ფონდის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 5.4% იქნება.

“მაჩვენებლების ზრდის ზუსტი დროის ვარაუდი რთულია, თუმცაღა, აღდგენის პროცესი იქნება თანმიმდევრული,” – ამბობს გოპინათი.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება ცენტრალური ბანკების მიერ ფინანსურ ბაზრებზე ლიკვიდურობის გამყარების მცდელობებს. გოპინათი ამბობს, რომ ფინანსური პირობების გამკაცრება და გეოპოლიტიკური დაძაბულობა საფრთხეს ეკონომიკის აღდგენას.

IMF-ი წინა მონაცემებით, აზიაში დადებით ზრდას პროგნოზირებდა, რაც ინდოეთსა და ჩინეთში წარმოების მაჩვენებლების ზრდით უნდა ყოფილიყო განპირობებული. მაგრამ, ინდოეთში პანდემიის გაუარესებამ ეს მაჩვენებელი დრამატულად შეცვალა,, რამაც აზიისთვის 2020 წლისთვის ნავარაუდევი საერთო პროგნოზი -0.8%-მდე შეამცირა.

IMF-ი ელოდება, რომ წელს, არამხოლოდ აზია, არამედ ყველა რეგიონი განიცდის ეკონომიკური კონიექტურის მაჩვენებლის შემცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ქვეყნები გარკვეულ ზრდას მაინც განიცდიან. ასე მაგალითად, სავალუტო ფონდი 2020 წელს ჩინეთში 1%-იან ზრდას ელოდება. სწორედ ჩინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსმა დააზარალა. ჩინეთმა მოლოდინებს გადააჭარბა და ძალების აღდგენა ასე თუ ისე მოახერხა. 

ლათინურ ამერიკაში კი ქვეყნების უმეტესობას ვირუსის გავრცელების პრევენცია უჭირს. ელოდებიან, რომ მექსიკის ეკონომიკა წელს 10.5%-ით შემცირდება.

რაც შეეხება ევროზონას, აქ ნავარაუდევია რომ შემცირება 10.2%-ს მიაღწევს.

გოპინათმა ამერიკასა და ჩინეთს შორის დაძაბულობაც (ვაჭრობის თვალსაზრისით) ახსენა, როგორც ამ პერსპექტივიდან გამომდინარე ერთ-ერთი რისკია. ამასთან, IMF-მა ხაზი გაუსვა ნავთობის მერყევი ფასების საფრთხეებსაც.