ინდოეთს რუსული ნავთობის იმპორტის ორჯერ გაზრდა სურს

ინდოეთს რუსული ნავთობის იმპორტის ორჯერ გაზრდა სურს

რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ფონზე, რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიები იძულებულნი არიან საკუთარი ნავთობი დიდი ფასდაკლებით გაყიდონ – სწორედ ამ ფაქტმა მიიზიდა ინდოეთი, რომელსაც რუსული ნავთობის იმპორტის ორჯერ გაზრდა სურს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

საგულისხმოა, რომ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა დიდი სიახლე სულაც არ არის. რუსული ნედლი ნავთობის აქტიური შესყიდვა ინდური სახელმწიფო და კერძო ნავთობგადამამუშავებელმა საწარმოებმა იმის ფონზე დაიწყეს, რაც ამ ნავთობზე უარი ევროპულმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რამაც მისი ფასი საგრძნობლად შეამცირა.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ინდოეთმა 40 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი შემოიტანა რუსეთიდან, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე შარშან. Kpler-ის ინფორმაციით, ამა წლის აპრილში რუსეთი ინდოეთში ყოველდღიურად 284 ათას ბარელს, ხოლო მაისში 740 ათას ბარელს გზავნიდა. 2021 წლის მაისში ეს მაჩვენებელმა 34 ათასი ბარელს უტოლდებოდა.

ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა არალეგალური არ არის და არც რომელიმე სანქციის დარღვევად ითვლება, ბოლო დროს ინდოეთი არაერთხელ გამხდარა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროკავშირისგან წამოსული წნეხის სამიზნე. „ადამიანებს ნავთობის საყიდლად რომ ვუშვებთ, რუსული ნავთობის შეძენას კი არ ვავალებთ“, – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა და დასძინა, რომ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენას პოლიტიკური კონოტაცია არ უნდა მოჰყვეს, რადგან ამ ნავთობის შეძენა მათი ქვეყნისთვის ყველაზე რენტაბელური არჩევანია.

ინდოეთის მსგავსი სახელმწიფოსთვის, რომელიც საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო ნავთობის 85%-ის საზღვარგარეთ ყიდულობს, გაიაფებული რუსული ნავთობის შეძენა დიდი შვებაა, რაც ნავთობის შემოტანას გეოგრაფიულ გადანაწილებაზეც ჩანს: აპრილში, ევრაზიიდან შემოტანილი ნავთობის წილი საერთო იმპორტში 10.6%-მდე გაიზარდა – შარშან, ეს მაჩვენებელი 3.3%-ს უდრიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *