ფინანსთა მინისტრი ბილ მონრო ექსკლუზიურად Forbes Georgia-სთვის ასახელებს იმ ოთხ მთავარ მიმართულებას, რაც ეკონომიკის განვითარების მთავარ ძრავად უნდა იქცეს.
“როდესაც გაქვს ეკონომიკა, რომელიც საშუალო კლასისთვის მუშაობს – გაქვს ქვეყანა, რომელიც მუშაობს ყველასთვის”, – ამას კანადის ფინანსთა მინისტრი უილიამ ფრენსის (ბილ) მონრო ამბობს. ის სულ რამდენიმე თვეა, რაც ამ პოსტზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. ჩიკაგოს ფინანსური განათლების მეათე სამიტზე კი სულ ახალი მინისტრი იყო, რომელსაც სიტყვით გამოსვლა სთხოვეს.
კანადას ასეთი ეკონომიკა უკვე აქვს. ის მსოფლიოში ერთ- ერთი ყველაზე ძლიერია. კანადის ეკონომიკა (ნომინალში) გლობალურად მეთერთმეტეა, ხოლო მსყიდველობითი უნარით – მეთხუთმეტე. ის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და შვიდეულის (G7) წევრია.
სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად, კანადის ეკონომიკის მთავარი ძრავა მომსახურების სექტორია. ამ სექტორში კანადელი მუშახელის მესამედია დასაქმებული. კანადის ეკონომიკა ასევე დიდწილადაა დამოკიდებული ორ – სატყეო და ნავთობის – ინდუსტრიაზე.
ცენტრალური კანადა წარმოების სექტორით არის ცნობილი – ყველაზე მსხვილი აქაც ორი ინდუსტრიაა: საავტომობილო და საავიაციო.
ასევე სერიოზული ეკონომიკური დატვირთვა აქვს კანადის გრძელ სანაპიროს: თევზჭერის ინდუსტრია უმსხვილესი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მერვეა.
კანადის ეკონომიკა ინოვაციურიც არის – გართობის პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიით კანადა გლობალური ლიდერია.
შარშანდელი წელი კანადის ეკონომიკისთვის რეცესიის წელი იყო. ანალიტიკოსების ნაწილი ამ ფაქტს ძირითადად ნავთობზე ფასების ვარდნას უკავშირებდა: 2014 წლის ივნისსა და 2015 წლის ივლისს შორის კანადიდან ნავთობის ექსპორტმა თითქმის 35%-ით დაიკლო, რამაც მწარმოებლები აიძულა, ინვესტიციები და დასაქმება შეეკვეცათ.
ანალიტიკოსების ნაწილისთვის კითხვა – რა სჭირს კანადის ეკონომიკას? – ბევრად უფრო რთული კითხვაა და მხოლოდ ნავთობზე ფასების ვარდნით არ აიხსნება. კანადელებს საქმე რომ უფრო ფუნდამენტურ პრობლემებთან შეიძლება ჰქონდეთ, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ენერგოსექტორი კანადის მთლიან შიდა პროდუქტში 10%-ზე ნაკლებითაა წარმოდგენილი.
ოფიციალური თუ დამოუკიდებელი ექსპერტული ანგარიშები აჩვენებს, რომ იმ პრობლემების დაძლევა, რაც ძირითადად დაბალ პროდუქტიულობას, შემცირებულ ექსპორტს და წარმოებასა და მომსახურებაში ინოვაციის დაბალ დონეს უკავშირდება, 2008-2009 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ვერ ხერხდება.
ბრუკინგსისა და Financial Times-ის ერთობლივი კვლევა ამერიკისა და კანადის ეკონომიკების შედარების საფუძველზე ასკვნის, რომ 2011-2014 წლების მანძილზე, ყოველწლიურად, ამერიკის ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე კანადის ეკონომიკა – რაც იმას ნიშნავს, რომ კანადის ეკონომიკის შენელება უფრო ღრმა, გრძელვადიანი პრობლემების სიმპტომია.
ეს პრობლემები მოსახლეობის განწყობებზეც აისახება: ძირითადი უარყოფითი მოლოდინი დასაქმებასა და ფინანსური მდგომარეობის შესაძლო გაუარესებას უკავშირდება.
ამ ფონზე ინკლუზიური განვითარების დაპირება მიმზიდველად ჟღერს. ეს მიმართულება, კონკრეტული პრიორიტეტების სახით, გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტშიც, რომელიც კანადის ახალმა ფინანსთა მინისტრმა წელს პირველად შეადგინა.
როგორც ბილ მონრო ამბობს, ახალი კაბინეტისა და ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი იქნება, რაც შეიძლება მეტი ფული დარჩეს ინდივიდების ჯიბეებში, რის მიღწევასაც საგადასახადო შეღავათების დაწესებით და მიზნობრივი, განსაკუთრებით კი ბავშვების დაცვისკენ მიმართული სუბსიდიებით აპირებს.
კიდევ ერთი პრიორიტეტი – ინფრასტრუქტურის განვითარებაა. კანადის ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობა ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს. ბილ მონროს თქმით, ამ ტიპის ინვესტიციების შედეგები უფრო გრძელ ვადაზეა გათვლილი, თუმცა, სამაგიეროდ, სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და, შესაბამისად, დოვლათის სტაბილურად დაგროვებას უზრუნველყოფს.
“სტაბილური და მაღალი ეკონომიკური ზრდა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენ იმ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება შევძლოთ, რომლებიც ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ საშუალო ფენას მიეკუთვნებოდნენ. მათაც უნდა შეძლონ ეკონომიკური განვითარების დადებითი შედეგებით სარგებლობა”, – ამბობს მონრო და დასძენს: “მაგრამ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა რომ უზრუნველვყოთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ოჯახებს აქვთ ცოდნა და სრულად იყენებენ იმ შესაძლებლობებს, ეკონომიკაში მათ მაქსიმალურ ჩართულობას რომ განაპირობებს”.
ამ ამოცანის გადასაჭრელად კანადის ფინანსთა მინისტრი ორი მიმართულების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. ესენია: ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა და ფინანსური განათლების როლის განმტკიცება. ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად ახალმა მინისტრმა კანადიდან ჩიკაგომდე საკმაოდ დიდხანს იფრინა.
“ფინანსურად განათლებული მოქალაქეები, რომლებმაც იციან, როგორ მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები დიდი დანაკარგების გარეშე, ნამდვილად მნიშვნელოვანი საყრდენია ძლიერი ეკონომიკისთვის. ძლიერი ეკონომიკის პირობებში კი ადამიანებს შეუძლიათ, უკეთ დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზება მოახდინონ და სიბერეს უფრო მომზადებულები შეხვდნენ”, – ასეთია ბილ მონროს დამოკიდებულება ფინანსური განათლების როლისა და მნიშვნელობის მიმართ.
ახალი მინისტრი იმასაც აცნობიერებს, რომ ციფრულ ერაში, როცა ვირტუალური ვალუტები უკვე რეალობაა, როცა ქრაუდფანდინგი და ელექტრონული გადახდების პრაქტიკა აღარავის უკვირს – ასეთი ინოვაციები ცვლის ადამიანების მიდგომას ბიუჯეტირების, ხარჯვის, დაზოგვისა და ინვესტირების მიმართ.
“ამ ტიპის ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ან უფრო დეტალური ინფორმაცია სჭირდება იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც მათ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს”, – ამბობს ბილ მონრო.
კანადის ფინანსთა მინისტრისთვის ინოვაციები ის სფეროა, სადაც კონკურენციის მოგება, მომავლის მოგებას ნიშნავს. მისთვის სრულიად ცხადია, რომ ადამიანები, კომპანიები და ქვეყნები, რომლებიც მომავლის ეკონომიკას შექმნიან, ყველაზე სწრაფად გაიზრდებიან. “ჩვენ გვინდა, გლობალურ ეკონომიკაში ამ ცვლილებების წინა ხაზზე ვიყოთ – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კარგია ხვალინდელი დღისთვის, არამედ იმიტომაც, რომ ეს სჭირდებათ კანადელებს დღეს”, – ასეთია ბილ მონროს ხედვა.
კანადის ფინანსთა მინისტრს მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ წავა, თუ რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი დაცული იქნება: ეკონომიკის დივერსიფიცირება, სუფთა ტექნოლოგიების მხარდაჭერა, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ინოვაციური მიდგომების ფართოდ დანერგვა.
კანადის ეკონომიკა რიგ შემთხვევებში ძალიან ძვირი და მძიმე ტვირთის ასაწევად მზად არის. 2016 წლის პროგნოზით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი $2 ტრილიონს მიაღწევს. OECD-ის ივნისის პროგნოზით, 2016 წელს კანადაში უმუშევრობის დონე 7.1% იქნება, ხოლო მომავალ წელს 6.8%-მდე შემცირდება.
2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემები აჩვენებს, რომ კანადის მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ნახევარი პროცენტით გაიზარდა, თუმცა ბაზრის მოლოდინი უფრო მაღალი ზრდისკენ – 2.8%-ისკენ იხრებოდა. პირველ კვარტალში ზრდას ხელი შეუწყო ისეთმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა, როგორიცაა მზარდი ექსპორტი, სამომხმარებლო ხარჯვა და გააქტიურებული ინვესტიციები მშენებლობის სექტორში.
ეს მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალიც ყოფილიყო, რომ არა მაისის ხანძარი, რომელმაც ნავთობის ინდუსტრიას უდიდესი ზარალი მიაყენა: ერთ დღეში წარმოება მილიონი ბარელით შემცირდა, რამაც 40%-იანი ვარდნა გამოიწვია.
კანადის ფინანსთა მინისტრის უილიამ ფრენსის (ბილ) მონროს სჯერა, რომ მთავრობის მიერ დასახული საბიუჯეტო პრიორიტეტები – კერძოდ, მეტი ინვესტირება განსაკუთრებით ინფრასტრუქტურისა და ინოვაციების მიმართულებით – დაეხმარება კანადაში საშუალო კლასის კიდევ უფრო მეტად ზრდას, რაც გრძელ ვადაში მთელი ეკონომიკის გაჯანსაღებას უზრუნველყოფს: “ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სწორი გზით მივდივართ, რადგან ბოლო პერიოდში – სხვა ბევრ საქმესთან ერთად – ერთ რამეს ვაკეთებდით ყველაზე გულდასმით: კომუნიკაციას ყველა საჭირო მხარესთან და მათ ყურადღებით მოსმენას. ეს მნიშვნელოვანია”.