ახალი, ინოვაციური საინჟინრო და არქიტექტურული გადაწყვეტების დანერგვის იდეით სამი წლის წინ საქართველოს ბაზარზე ლიეტუვური დეველოპერული კომპანია Baltic Investment Group-ი შემოვიდა. მათ თავიანთი ფინანსური თუ საკომუნიკაციო რესურსი თავიდანვე ორი რამისკენ მიმართეს – ენერგოეფექტიანობის უმაღლესი კლასის ჩვენება ადგილობრივი ბაზრისთვის და ამ უპირატესობის ცხადად ილუსტრირება თითოეული პოტენციური მყიდველისთვის. დღეს პროექტი დასკვნით ფაზაშია და მის შესახებ Forbes Georgia-ს კომპანიის აღმასრულებელი მენეჯერი ვიგანტას ზენკევიჩუსი ესაუბრა.
რა ეტაპზეა ამჟამად თქვენი პროექტი?
პროექტის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე სრულდება ფასადის მოპირკეთება კლინკერის ფილებით, ასევე სტრუქტურული თაბაშირითა და თერმულად დამუშავებული ნეკერჩხლითა და იფნით. გარდა ამისა, სწორედ ახლა მიმდინარეობს ტერასებსა და აივნებზე მოაჯირების მონტაჟი, ისევე როგორც VIP-აპარტამენტების ტერასებზე ინდივიდუალური აუზების მოწყობა. აგრეთვე უკვე სრულდება ბინებში შესასვლელი კარების მონტაჟი და კიბის უჯრედისა და დერეფნების მოპირკეთების სამუშაოები. გარდა ამისა, სწორედ ახლა მიმდინარეობს ე.წ. კონსიერჟ-ზონისა და შეხვედრების ოთახის მოწყობის სამუშაოებიც. დამამთავრებელ ეტაპზეა საინჟინრო სისტემების დამონტაჟების სამუშაოები, ასევე ორსართულიანი პარკინგის სივრცის მოწყობაც, სადაც პროექტის მცხოვრებლებს არა მხოლოდ 1-დან 3-მდე საპარკინგე ადგილი ექნებათ, არამედ მათ საკუთრებაში სათავსოებიც შედის. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მალე დაიწყება ტერიტორიის გამწვანებისა და კომპლექსის ეზოს მწვანე საფარით მოწყობის სამუშაოები. ამასთანავე, ჩვენი კომპლექსის მცხოვრებლებისთვის ფუნქციონალური სავარჯიშო დარბაზის მოწყობასაც ვიწყებთ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემოდგომის პირველ ნახევარში იმის საშუალება მოგეცემათ, რომ რეალურად დაინახოთ და აღიქვათ პროექტი და მისი ვიზუალი, რაც ამ დრომდე მხოლოდ რენდერებში თუ გქონდათ ნანახი. მე, ჩემი მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი „ნამაი ვაკე“ და მისი სტანდარტი ანუ „ნამაი სტანდარტი“ არავის გაუცრუებს იმედებს, პირიქით, სასიამოვნოდ გაოცებულს დატოვებს ყველას.
„ნამაი სტანდარტი“ ახსენეთ – რას მოიცავს ეს სტანდარტი უფრო დაწვრილებით რომ გვითხრათ და რა სიახლეს სთავაზობს ის საქართველოს დეველოპერულ ბაზარს?
საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის ბაზარზე საქართველოში ჩვენ კონკრეტული იდეით შემოვედით, ეს კი გულისხმობს იმას, რომ გვსურდა შემოგვეტანა რაღაც ახალი და ინოვაციური არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტების თვალსაზრისით. ამას გარდა, მშენებლობის ხარისხის ნაწილშიც საინტერესო გეგმები და მიდგომები გვქონდა. ჩვენს კომპანიაში ხარისხი სამი ძირითადი ფაქტორის ერთობლიობად აღიქმება და ესენია: საპროექტო გადაწყვეტები, მასალების შერჩევა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
ჩვენ შევქმენით ჩვენი პროექტების სტანდარტის კონცეფცია – ნამაი სტანდარტი. იმისათვის, რომ უფრო გასაგები გახდეს თქვენთვის, თუ რას გულისხმობს აღნიშნული სტანდარტი, უნდა ავიღოთ საქართველოში კარგად აპრობირებული და ცნობილი “მწვანე კარკას პლუსის” მაგალითი და დავუმატოთ მას შემდეგი უპირატესობები:
- 1-დან 3-მდე საპარკინგე ადგილი და სათავსო სივრცე, რაც გათვალისწინებულია ბინის ღირებულებაში;
- VIP-კატეგორიის ბინები წარმოდგენილია ინდივიდუალური საცურაო აუზებით, რომლებიც, თავის მხრივ, პრემიუმ-კლასის მოწყობილობებითაა აღჭურვილი;
- მაღალ დონეზეა საცხოვრებელი კომპლექსის შენობის ენერგოეფექტიანობის საკითხი (შენობის კედლები და სახურავი მოწყობილია ბელგიური მწარმოებლის, Unilin-ის უახლესი თაობის თბოსაიზოლაციო მასალა PIR-ით. ფანჯრები მოწყობილია Rayners-ის პროფილებით, ხოლო მინები მაქსიმალურად ენერგოეფექტიანია Saint Gobain-ის ფირმის მზისგან დამცავი ეფექტის დამსახურებით);
- პროექტი სრულად გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტიანობით – პირველ რიგში საინჟინრო გადაწყვეტილებების დამსახურებით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ენერგოხარჯები მცხოვრებლებისთვის. გათბობისა და გაგრილების ცენტრალური სისტემა მთელ კომპლექსში ინდივიდუალური აღრიცხვისა და ტემპერატურის რეგულირების მექანიზმებით არის აღჭურვილი;
- ბინები უზრუნველყოფილია იატაკქვეშა გათბობის სისტემით;
- ელექტროენერგიაზე საერთო მოხმარების მოთხოვნას კომპლექსის მზის ელექტროსადგური უზრუნველყოფს, რომელიც შენობების სახურავზე იქნება განთავსებული;
- თითოეული ბინა დაკომპლექტებულია ლიეტუველი მწარმოებლის – Asmodus-ის უმაღლესი ხარისხის (შესასვლელი) კარებითა და მონიტორიანი დომოფონებით.
ყველაფერი ის, რაც ახლა ჩამოვთვალე, უზრუნველყოფს მცხოვრებლებისთვის ყველაზე დაბალ კომუნალურ გადასახადებს. შენობის კედლები და ფანჯრები უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტიანობის გახლავთ, ბინებში იქმნება ე.წ. თერმოსის ეფექტი. სწორედ ამიტომ, „ნამაი ვაკეში“ კარგი კლიმატის შესაქმნელად, ჰაერის გასასუფთავებლად თითოეულ ოთახში გერმანული მწარმოებლის – Vents-ის მინი-რეკუპერატორები დამონტაჟდა. ასევე, საგანგებოდ შეირჩა გარე და შიდა მოპირკეთებისათვის მაღალი ხარისხის ეკოლოგიური მასალები კომპანია Caparol-ისა და Knauf-ისაგან. ფასადის ნაწილი და ასევე ტერასებისა და აივნების იატაკები კი მაღალი ხარისხის, თერმულად დამუშავებული იფნისა და ნეკერჩხლის მასალებითაა მოპირკეთებული.
ბინის ფასში აგრეთვე შედის ფუნქციონალური სატრენაჟორო დარბაზი, კონსიერჟ-ზონა და ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის, მჭიდროდ გამწვანებული, სათვალთვალო კამერებით აღჭურვილი შიდა ეზო და კიდევ სხვა არაერთი უპირატესობა. ჩემი მოსაზრებით, პროექტი “ნამაი ვაკეს“ ფასი იდეალურადაა თანხვდენილი ხარისხთან, შესაბამისად, ის ოპტიმალური ვარიანტია პრემიუმ-კლასის ბინის შეძენის მსურველთათვის.
როდესაც ამბობთ, რომ აღნიშნული პროექტი ფასისა და ხარისხის იდეალური შერწყმის მაგალითია, კონკრეტულად რა ასპექტს გულისხმობთ?
როგორც უკვე აღვნიშნე, პროექტ „ნამაი ვაკეს” ბევრი უპირატესობა აქვს სხვა საცხოვრებელ კომპლექსებთან შედარებით, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ (და არა მარტო ჩვენ, არამედ როგორც არაერთი ექსპერტი, ისე ჩვენი მცხოვრებლები), რომ საცხოვრებელი კომპლექსი ხარისხისა და ფასის მართლაც იდეალური შეთანხმებაა თქვენი მყუდრო და კომფორტული ცხოვრებისთვის. ეს გახლავთ ოპტიმალური არჩევანი მათთვის, ვისაც პრემიუმ-კლასის ბინის შეძენა სურს ქალაქის ცენტრალური ქუჩების სიახლოვეს, 1500 მეტრში ჭავჭავაძის ქუჩიდან, თავისუფლების მოედნიდან 10 წუთის სავალ გზაზე და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს, ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კუს ტბიდან სულ რაღაც 600 მეტრის მოშორებით.
კვადრატული მეტრი რა ფასით განისაზღვრება დღეისათვის?
პროექტში საცხოვრებელი ფართის 1 კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ $1520-ით განისაზღვრება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტერასები ძალიან ფართო და მოცულობითია, მათი სიდიდის მიხედვით იცვლება საცხოვრებელი ფართის კვადრატულის ფასიც. შედეგად 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი (საცხოვრებელი ფართი ტერასასთან ერთად) მხოლოდ და მხოლოდ $1190-ია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ღირებულებაში შედის ყველა ის უპირატესობა, რასაც “ნამაის სტანდარტი” გულისხმობს. ამასთანავე საჩუქრად ყველა მყიდველი ბინაში გადმოსვლისთანავე მიიღებს ინდუქციურ ელექტროქურას.
ჯერ კიდევ წინა ინტერვიუში, რომელიც „ფორბსმა“ 2019 წელს თქვენთან ჩაწერა, ხაზგასმით აღნიშნავდით იმ ენერგოგადაწყვეტებს, რაც ამ პროექტის მთავარ უპირატესობად მიგაჩნდათ. როგორ მოხდა აღნიშნული გადაწყვეტების პროექტში ინტეგრირება და დაემატა თუ არა ახალი მიმართულებები ამ კუთხით გასული ორი წლის მანძილზე?
ჩვენს პროექტში თავიდანვე, ჯერ კიდევ ჩანაფიქრის ეტაპზე, განსაზღვრული იყო ევროპული სტანდარტების გათვალისწინება. ყოველი საინჟინრო-სამშენებლო გადაწყვეტა მიმართული იყო და არის კომპლექსის ენერგოეფექტიანობისკენ და იმისკენ, რომ მცხოვრებლებმა მიიღონ ის, რისი მიღებაც სხვაგან არ შეუძლიათ. პროექტის განხორციელების გარკვეულ ეტაპზე ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვემატებინა ერთგვარი ბონუსები ჩვენი მყიდველებისთვის – ეს იყო მინირეკუპერატორები ყოველ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია ზამთარში, როცა ფანჯრების გაღება არაკომფორტულია და ჰაერში დაგროვილი ტენი ხშირად კონდენსატის გამომწვევი მიზეზი ხდება. ეს გახლავთ საცხოვრებელი კომპლექსი შიდა, ულამაზესი ეზოთი, რომელიც მოკირწყლულია გრანიტის ბილიკებით, ბაღი გაფორმებულია სხვადასხვა ჯიშის ხეებით, დეკორატიული ბუჩქებით, მცენარეებით, გაზონებითა და ყვავილებით, რომლებიც ავტომატური სისტემის მეშვეობით ინტენსიურად ირწყვება. ეზოში იქნება გარე განათებებიც, ისევე როგორც ორიგინალური და საინტერესო დიზაინის ეზოს ავეჯი, რომელიც კიდევ უფრო გაალამაზებს გარემოს. უკვე აღვნიშნე, რომ დამატებითი კომფორტია კონსიერჟ-ზონაც, რომელიც პირადი თუ საქმიანი შეხვედრებისთვის ძალიან ხელსაყრელი სივრცე იქნება. ჩვენი ფილოსოფიაა, უზრუნველვყოთ ჩვენი მცხოვრებლებისთვის მაქსიმალური კომფორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში და თან ისე, რომ მათი კომუნალური ხარჯები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სწორედ ჩვენ მიერ დანერგილი ქალაქში საუკეთესო და ინოვაციური ენერგოგადაწყვეტების დამსახურებით.
„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ასევე ინოვაციებისადმი არსებული გარკვეული შიშისა და მითების გაქარწყლების მიმართულებითაც ვიმუშაოთ“, – თქვა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში კომპანია Baltic Investment Group-ის დამფუძნებელმა. ამ მიმართულებით უკვე თუ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები?
ჩვენი მიზანია, ქართველ მომხმარებლებს გავაცნოთ და შევთავაზოთ საუკეთესო, უმაღლესი ხარისხის ევროპული სტანდარტი, გადაწყვეტები, რომლებიც დაეხმარება მათ, დაზოგონ ფინანსები გრძელვადიან პერსპექტივაში და დატკბნენ სიმშვიდითა და მყუდროებით ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. აღვნიშნავ, რომ ზოგმა გადაწყვეტილებამ კითხვები გააჩინა მყიდველებში უკვე არსებული არასწორი სტერეოტიპებიდან გამომდინარე. მაგალითისთვის, არსებობდა მითი, რომ იატაკქვეშა გათბობა უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, რომ მისი მოვლა რთულია და ა.შ. ზუსტად ასეთი მითები არსებობდა და იყო აქტუალური 15-20 წლის წინ ლიეტუვაშიც, თუმცა შემდეგ ყველა საპირისპიროში დარწმუნდა და დღეს უკვე კმაყოფილები ცხოვრობენ ბინებში იატაკქვეშა გათბობის სისტემით. საქართველოში მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებისთვის, ჩვენს ვებგვერდზე ვაწარმოებთ ბლოგს, სადაც მოგვყავს სპეციალისტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია მშენებლობაში სხვადასხვა გადაწყვეტის თაობაზე, ასევე ინოვაციების შესახებ. მაგალითად, ჩვენ მოვამზადეთ სტატია და ვიდეო, სადაც მომხმარებელს მივაწოდეთ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია ისევ და ისევ იატაკქვეშა გათბობის სისტემებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, არსებული მითების დამსხვრევა მოვახერხეთ. იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული სისტემები მაქსიმალურად გამართული და იდეალურად შესრულებული ყოფილიყო, ეს საქმე ლიეტუველ და უკრაინელ სპეციალისტებს მივანდეთ, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. შედეგად მივიღეთ ხარისხიანი მასალებით გამართული ხარისხიანი სისტემა, რომელსაც მრავალწლიანი გარანტია აქვს. ასევე ვამაყობთ და სამაგალითოა ის, რომ ჩვენს კომპლექსში თითოეული ბინა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინდუქციური ქურით. ესეც დაზოგილი ელექტროენერგია და მოხმარების გაზრდილი კომფორტია. ეს არის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლის გარეშე თანამედროვე სამზარეულო წარმოუდგენელია, ვინაიდან დღესდღეობით ინდუქციური ქურა ტექნოლოგიურად ყველაზე წინ წასული და უსაფრთხო მიგნებაა. ზოგადად აღვნიშნავ, რომ ყველა მითსა თუ სკეპტიციზმს ჩვენ დავუპირისპირეთ ექსპერტების დასკვნები და გათვლები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვუსმენთ მომხმარებლებს, არ გვაქვს მათთან დისკუსია სხვადასხვა სენსიტიურ საკითხზე. მცდელობას და ენერგიას ნამდვილად არ ვზოგავთ იმისთვის, რომ მათ ჩვენი უპირველესი მიზანი და მამოძრავებელი მოტივაცია გავაცნოთ – ხარისხი და საუკეთესო გადაწყვეტები ისევ და ისევ მათი მშვიდი და კომფორტული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
ახლა, როდესაც საქართველოს ბაზარზე უკვე სამ წელზე მეტია, წარმოდგენილი ხართ და ალბათ საკმაოდ კარგადაც იცნობთ მომხმარებლების ქცევასა და სურვილებს, როგორ ფიქრობთ, ადამიანებს სწორად ესმით გადაწყვეტები თუ უპირატესობები, რასაც ე.წ. ნამაი სტანდარტი მათ ჰპირდება? ასევე თუ არის მათთვის მარტივად მისაღები ის, რომ შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში დანახარჯები დიდი იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი თანხები დაზოგონ?
ამ დროისთვის ბინების დიდი წილი უკვე გაყიდული გვაქვს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მომხმარებლები ძალიან ბედნიერი არიან იმით, რომ იღებენ უპირატესობების იმ პაკეტს, რასაც “ნამაი სტანდარტი” სთავაზობს. სხვათა შორის, ჩვენი კომპლექსის მცხოვრებლები არა მხოლოდ ქართველები გახდნენ, არამედ ლიეტუველები, ლატვიელები, იტალიელები, გერმანელები, ასევე ბელარუსი ქალბატონი; ქართველებისთვის, რომლებიც გერმანიაში, ინგლისსა თუ ამერიკაში ცხოვრობენ, ის გადაწყვეტები, რაც ამ პროექტმა შესთავაზა, უკვე ნაცნობი იყო და პრინციპში მიიღეს ის, რასაც ეძებდნენ.
მათთვის დამატებითი ახსნა-განმარტება არ დაგვჭირვებია, თუ რა ფინანსურ სარგებელს მოუტანდა ენერგოეფექტიანობის ის დონე, რაც “ნამაი ვაკეშია”. გარდა ამისა, მათთვის დამატებითი კომფორტი იყო ის, რომ ოთახებში რადიატორების არარსებობის გამო, მათ დამატებითი სივრცეები გამოუჩნდათ ინტერიერის დიზაინის თავისუფლად დაგეგმარებისთვის. ის ფაქტი, რომ აივნებზე მათ არ ექნებათ კარადები გათბობის ქვაბისა და კონდიცირებისთვის, ასევე დამატებითი კომფორტია მათთვის.
თქვენ აღნიშნავდით, რომ ეს იყო „ერთი ნახვით სიყვარული” და რომ საქართველო ძალიან მოგწონთ; მოგწონთ როგორც ხალხი, ბუნება, კლიმატი, ისე საინვესტიციო გარემო. ახლა როგორია თქვენი განწყობა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ და როგორია თქვენი სამომავლო ბინზესგეგმები?
როგორც აღვნიშნავდი, ჩვენი გადაწყვეტილება, შემოვსულიყავით საქართველოს ბაზარზე განპირობებული იყო ორი ფაქტორით – ემოციური და საქმიანი ფაქტორებით. პირველი, გამოგიტყდებით, რომ უფრო მეტად იყო მამოძრავებელი. თანაბარ აღფრთოვანებას იწვევდა როგორც ბუნების სილამაზე, ისე ადამიანების კეთილმეგობრული დამოკიდებულება. განსაკუთრებით ჩვენი ახალი მეგობრების სწრაფვა პროგრესისა და სრულყოფისაკენ, რამაც აღგვიძრა სურვილი, ამ პროცესის მონაწილე გავმხდარიყავით და შემოგვეთავაზებინა ის, რაც ყველაზე უკეთ ვიცით და გამოგვდის – ბიზნესის წარმოების ჩვენი გამოცდილება და ევროპული ხარისხის პროდუქტი. ამ გადაწყვეტილებაზე პოზიტიურად იმოქმედა თბილისის სამშენებლო ბაზრის დინამიკურმა ზრდამ, სადაც ჩვენი პროდუქტისათვის პერსპექტივა დავინახეთ. სხვა ქვეყანაში ბიზნესის დაწყება ყოველთვისაა დაკავშირებული რისკსა და გამოწვევებთან. ასევე ძალიან დიდი სტიმული იყო ის, რომ ჩვენ დავინახეთ საკმაოდ მზარდი, კონკურენტული ბაზარი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს იძლეოდა პრემიუმ-სეგმენტში. დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ სწორად მიგვეწოდებინა ჩვენი ფილოსოფია და ფასეულობები პოტენციური მყიდველისთვის, ახლა კი უკვე დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენი პროდუქტი მიიღო მომხმარებელმა და ადეკვატურადაც შეაფასა, შესაბამისად, ვაგრძელებთ დასახული მიზნების რეალიზებას და გრძელვადიანი სტრატეგიის განხორციელებას საქართველოში, რაც თავისთავად მოიცავს ახალი პროექტების განხორციელებასაც. შემდეგი პროექტების შესახებ სულ მალე გავავრცელებთ ინფორმაციას, თუმცა ახლა რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ის არის, რომ ის აუცილებლად იქნება ჩვენი ფილოსოფიის გარკვეული გაგრძელება – ეკოლოგია, ენერგოეფექტიანობა, გამორჩეული არქიტექტურა, ინოვაცია და ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვეძახით კომფორტს და მყუდრო ცხოვრებას.
მთავარი ფოტო: ჯაბა ჩიტიძე