ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები იზრდება - ბაზრის 80%-ზე მეტი ორ კომპანიაზე მოდის

ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები იზრდება - ბაზრის 80%-ზე მეტი ორ კომპანიაზე მოდის

საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება მზარდი ტენდენციით ხასიათდება, როგორც აბონენტების რაოდენობის მხრივ, ასევე, შემოსავლების კუთხით. 

2018 წლის IV კვარტლის მდგომარეობით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 858 ათასი აბონენტი შეადგინა. 2017 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 10.6%-ით (82 ათასი აბონენტით) გაიზარდა – ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 11%-ით, ხოლო იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა – 4%-ით.

 

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წელს ფიზიკური პირი აბონენტების მნიშვნელოვანი ზრდის ტემპი ქონდა “მაგთიკომს”. მისი აბონენტების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა, რაც კომისიის განმარტებით, უმეტესწილად კომპანიის მიერ ოპტიკური ქსელის გაფართოებითაა გამოწვეული. ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე “სილქნეტი” იყო, თუმცა, 2018 წელს მისი აბონენტების ჯამური რაოდენობა 3%-ით შემცირდა. კომისიის ინფორმაციით, ეს გამოწვეულია რეგიონებში xDSL ტექნოლოგიის აბონენტების მიგრაციით ოპტიკურ ტექნოლოგიაზე, მათ შორის, იმ რეგიონებში, სადაც ოპტიკური ქსელი სხვა კონკურენტ ოპერატორებს უკეთესად აქვთ განვითარებული. 

2018 წელს 14%-ით გაიზარდა “სილქნეტის” იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა და IV კვარტლის მდგომარეობით, 17.9 ათასი შეადგინა. კომპანია ამ ტიპის აბონენტების რაოდენობით პირველ ადგილზეა, მეორე ადგილს იკავებს “მაგთიკომი” (14.3 ათასი აბონენტი), თუმცა წლის განმავლობაში, მისი აბონენტების რაოდენობა არ გაზრდილა. 

იზრდება ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებული საცალო შემოსავლებიც. 2018 წელს საცალო შემოსავალმა 225 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 5.7%-ით მეტია.

 

ფიზიკური პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავალი მთლიანი ოდენობის 70%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ამ ტიპის აბონენტების რაოდენობა მთლიანი ბაზრის 95%-ია.

შემოსავლის 87%-ს 3 კომპანია აგენერირებს, ხოლო დანარჩენი 13% 168 კომპანიაზე ნაწილდება. “მაგთიკომს” შემოსავლის მიხედვით ბაზრის – 44.6% უჭირავს, “სილქნეტს” – 36.9%, “ახალი ქსელების ჯგუფს” – 5.9%.

 

განცალკევებულად ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავლის წილების მიხედვით, კომპანიების მიმდევრობა იგივეა, რაც შემოსავლის ჯამურ გადანაწილებაში. ფიზიკურ პირებში “მაგთიკომის” წილი 43%-ია, “სილქნეტის” – 36%, იურიდიულ პირებში კი “მაგთიკომის” – 47%, ხოლო “სილქნეტის” – 40%.

ბოლო სამი წელია კლების ტენდეცია აქვს ფიზიკური პირი აბონენტების ARPU-ს (თვეში ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი). 2018 წლის IV კვარტალში ერთი აბონენტი ინტერნეტ მომსახურებაში თვეში საშუალოდ 16.8 ლარს იხდიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ARPU-ს შემცირება გამოწვეულია რეგიონებში ინტერნეტ მომსახურების აბონენტების ზრდით, სადაც თბილისთან შედარებით, პროვაიდერების მიერ შეთავაზებულია შედარებით დაბალფასიანი პაკეტები და აქციები გაცილებით უფრო ხელსაყრელი პირობებით.

იურიდიული პირების ARPU მზარდია ბოლო წლების განმავლობაში, 2018 წელსაც 8.6%-ით გაიზარდა და 147 ლარი შეადგინა.

2018 წლის IV კვარტალში ფიზიკური პირი აბონენტების ARPU თბილისისთვის, რეგიონების ამ მაჩვენებელთან შედარებით, 52%-ით მეტი იყო, 2017 წელს კი – 33%-ით.

2018 წელს ფიქსირებულ ფართოზოლოვან მომსახურებას სულ 143 სუბიექტი ეწეოდა. ოპტიკურბოჭკოვანი ტექნოლოგიით მომსახურებას აწვდიდა – 42 კომპანია, xDSL-ით – 9, WiFi ტექნოლოგიით – 126, ფიქსირებული LTE ტექნოლოგიით – 1 ავტორიზებული პირი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *