ირანი, აზერბაიჯანი და საქართველო ახალი სატრანზიტო მარშრუტის შექმნაზე შეთანხმდნენ

ირანი, აზერბაიჯანი და საქართველო ახალი სატრანზიტო მარშრუტის შექმნაზე შეთანხმდნენ

ირანის საერთაშორისო ტრანზიტისა და ტრანსპორტის უწყების ოფიციალური პირის სამუშაო ვიზიტისას, ირანი, აზერბაიჯანი და საქართველო ახალი სატრანზიტო კორიდორის შექმნაზე შეთანხმდნენ. ჯავად ჰედაიატის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, აღნიშნული ინიციატივა ჯერ კიდევ 8 წლის წინ გაჩნდა, თუმცა იმის გამო, რომ შეთანხმებაში მრავალი სახელმწიფო იყო ჩართული, მისი განხორციელება ძალიან დაგვიანდა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ახალ მარშრუტს სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის ერთმანეთთან დაკავშირება შეეძლება. „საქართველო და ირანი ამ შეთანხმების ორი მთავარი მხარეა. ირანი სპარსეთის ყურის გავლით ღია წყლებს უკავშირდება, საქართველოში კი ორი მთავარი პორტი – ბათუმისა და ფოთის პორტები მდებარეობს. გარდა ამისა, საქართველომ და აზერბაიჯანმა დიდი ძალისხმევა გაიღეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ამიტომაც ჩვენ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ამ ორ ქვეყანასთან“ – წერია ირანული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეთანხმების თანახმად, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ირანიდან გარკვეული საპილოტე ტვირთები გაიგზავნება როგორც აზერბაიჯანისაკენ ასტარას საზღვრის გავლით, ისე ბულგარეთისა და აღმოსავლეთევროპული ქვეყნებისაკენ შავი ზღვისა და, შესაბამისად, საქართველოს პორტების გავლით.

შეგახსენებთ, რომ ირანს განსაკუთრებული სავაჭრო სტატუსი აქვს სატრანზიტო ურთიერთობებში საკუთარი სტრატეგიული მდებარეობისა და გეოგრაფიის გამო. შეიძლება ითქვას, რომ ირანი სხვადასხვა ქვეყანაში ტვირთების მიწოდების უმთავრეს კორიდორსაც წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *