Bloomberg: 2022 წლის მთავარი გლობალური ეკონომიკური რისკები

Bloomberg: 2022 წლის მთავარი გლობალური ეკონომიკური რისკები

2021 წელი დასასრულისკენ მიიჩქარის, რაც ავტორიტეტულ გამოცემებსა და მეცნიერებს გასული წლის შეჯამებისა და მომავალი წლის პროგნოზირებისკენ მიუთითებს. ამჯერად  Bloomberg-ის ეკონომისტთა გუნდის ანალიზს გთავაზობთ, რომელთაც 2022 წლის მთავარი ეკონომიკური რისკები შეაფასეს.

ომიკრონი და დამატებითი „ლოქდაუნების“ საშიშროება

კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამოჩენას ბუნდოვანება ახლავს თან: როგორც ჩანს, ის სხვა შტამებზე უფრო გადამდებია, მაგრამ მისი ლეტალობის მაჩვენებელი საგრძნობლად შესუსტებულია. თუ ეს მართლაც ასეა, ადამიანები სერვისებზე უფრო მეტ ფულს დახარჯავენ, ვიდრე პროდუქტებზე, რაც სერვისებზე დახარჯული თანხებით, წილობრივად, პანდემიამდელ ნიშნულამდე ძვრას ნიშნავს. პროდუქტებსა და სერვისებს შორის ხელახლა დამყარებული ბალანსის საფუძველზე, მოვლენათა ოპტიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში, Bloomberg-ის ეკონომიკური გუნდი გლობალური ზრდის 5.1%-მდე მიღწევას ვარაუდობს, რაც 0.4%-ით აღემატება მათ წინა პროგნოზს.

თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ მოვლენები ოპტიმისტური სცენარით არ განვითარდეს და მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ხელახალი „ლოქდაუნები“ დაწესდეს, რაც, Bloomberg-ის ეკონომისტთა გუნდის შეფასებით,  2022 წლის ზრდის ტემპს 4.2%-მდე შეამცირებს – ხელახალი „ლოქდაუნების“ ტრენდი მსოფლიოს რიგ ქვეყნებში უკვე იკვეთება, მათ შორის – გაერთიანებულ სამეფოსა და ჩინეთში.

არაპროგნოზირებადი ინფლაცია

ბოლო დროს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინფლაცია სრულად არაპროგნოზირებად ეკონომიკურ მარკერად იქცა: 2021 წლის დასაწყისში, წლის ბოლოსთვის, მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი 2% იყო, მაგრამ ქვეყანაში 7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. შესაძლოა, აცდენა ინფლაციის საპროგნოზო და რეალურ მაჩვენებლებს შორის 2022 წელსაც დაფიქსირდეს – თუმცა კორონავირუსის ახალი შტამი ამის ერთადერთი მიზეზი როდია. რუსეთ-უკრაინის დაძაბულმა ურთიერთობამ შესაძლოა, გაზის ფასები საგრძნობლად გაზარდოს, ხოლო თუ კლიმატის ცვლილება მოსავალზე ისევ უარყოფითად აისახება, გაიზრდება საკვები პროდუქტების ფასებიც. თუმცა არსებობს სხვაგვარი რისკიც: თუკი კორონავირუსის ახალი შტამი გადაადგილებას პრობლემას შეუქმნის, საწვავის ფასები შემცირდება, რაც ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად, სტაგფლაციურ შოკს გარდაუვალს ხდის.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მზარდი რეფინანსირების განაკვეთი

გამომდინარე იქიდან, რომ აქტივების ღირებულება ისედაც საგრძნობლად არის გაზრდილი, ხოლო S&P 500-ის მაჩვენებელი „ბაბლის“ ტერიტორიას უახლოვდება, Bloomberg-ის ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ უძრავი ქონების ბაზარი იმაზე უფრო დიდი რისკის ქვეშაა, ვიდრე 2007 წლის შემდეგ ყოფილა.

Bloomberg-ის ეკონომისტთა გუნდმა გამოიკვლია, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაურები, 2022 წელს, რეფინანსირების განაკვეთს სამგზის გაზრდიან და თან ინვესტორებს მიანიშნებენ, რომ შესაძლებელი იქნება ამ მაჩვენებლის ზრდა 2.5%-მდე. ამგვარი სცენარის გათვალისწინებით, მათი დათვლების შედეგად, 2023 წელს აშშ-ში რეცესია დაიწყება.

გლობალური და ლოკალური გეოპოლიტიკა

მთავარ გეოპოლიტიკურ საფრთხედ Bloomberg-ის ეკონომისტები კონტინენტურ ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებული ურთიერთობების ესკალაციას მიიჩნევენ, რომელშიც შესაძლოა, აშშ-იც ჩაერთოს, რაც, თავისთავად, მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის წამოყენებულ სანქციათა მთელ ბატალიონს გამოიწვევს და ტაივანის მიკროჩიპების  ინდუსტრიას გააჩერებს – ეს კი დღევანდელ დეფიციტურ ბაზარზე მდგომარეობას კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის.

გარდა ჩინეთ-ამერიკის გეოპოლიტიკური ურთიერთობებისა, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც ოქტომბერში არის ჩანიშნული – რეალის გამყარება-არგამყარებაც, დიდწილად, სწორედ ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული. მსგავსი ვითარებაა თურქეთშიც, სადაც ერდოღანის ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების გამართვა სურს, რაც, უმეტესწილად, ლირის კატასტროფული გაუფასურებით აიხსნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *