ირანი BRICS-ის ჯგუფში გაწევრიანებას ითხოვს

ირანი BRICS-ის ჯგუფში გაწევრიანებას ითხოვს

ირანმა განვითარებადი ეკონომიკების ჯგუფ BRICS-ის წევრობაზე განაცხადი წარადგინა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, BRICS-ში ირანის წევრობა ორივე მხარისთვის დამატებითი ღირებულებების მომტანი გახდება. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ბლოკის წევრი სახელმწიფოები ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა არიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას ინფორმაციით, BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი არგენტინამაც შეიტანა. „მაშინ როდესაც თეთრი სახლი ფიქრობს, კიდევ რა გამორთოს, აკრძალოს ან გააფუჭოს მსოფლიოში, არგენტინა და ირანი BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადს აკეთებენ“, – წერს ზახაროვა Telegram-ზე. არგენტინას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა, ბოლო დღეებში ევროპაში ვიზიტისას, BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, უკანასკნელ პერიოდში რუსეთი აზიის, სამხრეთ ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლურმა სახელმწიფოებმა უკრაინას ურყევი მხარდაჭერა აღუთქვეს, მას შემდგომ, რაც რუსეთის რამდენიმე თავდასხმის, მათ შორის ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. თავად რუსეთი, მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ შეტევას უარყოფს და უკრაინაში წამოწყებულ ომს კვლავ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *