ირანი ნავთობის ექსპორტის ზრდისთვის ემზადება - ქვეყანაში ამერიკული სანქციების შემსუბუქებას ელიან

ირანი ნავთობის ექსპორტის ზრდისთვის ემზადება - ქვეყანაში ამერიკული სანქციების შემსუბუქებას ელიან

ირანის მთავრობამ ნავთობის სამინისტროს დაავალა სამი თვის ვადაში მოემზადოს ნედლი ნავთობის სრული დატვირთვით წარმოებისა და ექსპორტის მოცულობის ზრდისთვის. ამის შესახებ Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვადის დაწყებისთანავე, ირანში ელოდებიან, რომ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება დაიწყება.

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ ქვეყანა დღეში 2 მილიონზე მეტი ბარელის მოცულობის ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა, მანამ ვიდრე 2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა გადაწყვიტა და თეირანს სანქციები ხელახლა დაუწესა. ამ ნაბიჯმა ირანის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა, ვინაიდან ქვეყანა ნავთობის ექსპორტს ვეღარ ახერხებდა.

ახლა კი ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ის ოფიციალურად 20 იანვარს შევა თეთრ სახლში, დაუბრუნდება ირანის შეთანხმებას და სავარაუდოდ სანქციებსაც შეამსუბუქებს, თუ თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულებას გააგრძელებს. ამიტომაც ირანის პრეზიდენტი რუჰანი ნავთობის ექსპორტის ზრდას ელოდება და ამისთვის ქვეყანას ამზადებს.

“ნავთობის სამინისტრო გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს იმისათვის რომ მოამზადოს ნავთობიექტები წარმოებისა და გაყიდვისთვის“, – განაცხადა რუჰანიმ.

როგორც ცნობილია, ირანი ამჟამად დღეში 300 000 ბარელზე ნაკლები მოცულობის ექსპორტს ახორციელებს, მაშინ როდესაც მაგალითად 2018 წელს 2.8 მლნ ბარელის ექსპორტს ახორციელებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *