„500 Global საკმარისად ძლიერია და აქვს ინვესტორთა დიდი ქსელი, ამიტომ პროგრამის დასრულების შემდეგ ჩვენი ძირითადი აქცენტი იქნება Fundraising“, – ამის შესახებ აზერბაიჯანული სტარტაპის Bonpara-ს დამფუძნებლებმა – ორხან აჰმადოვმა და ნიჯატ ასადოვმა განაცხადეს. პლატფორმა ცოტა ხნის წინ 500 Georgia-ს მესამე ნაკადის Demo Day-ზე წარდგა. ცნობისთვის, Bonpara მომხმარებლებს ეხმარება, დაზოგონ რაც შეიძლება მეტი ფული, ბიზნესს კი ეხმარება მეტი პროდუქტი გაყიდოს და ახალი მომხმარებლები მოიზიდოს.
„უმეტესად ყურადღებას გავამახვილებთ ინვესტიციების მოზიდვასა და გაყიდვების გაზრდაზე. ვიმედოვნებთ, რომ აქსელერაციის პროგრამის განმავლობაში მივიღებთ საჭირო ცოდნას. აქ ჩვენ გვასწავლიან ყველა საჭირო მონაცემის სისტემატიზაციას და მათ გაანალიზებას უკეთესი შედეგების მისაღებად. ცხადია, ამ პროგრამაში ნებისმიერი სტარტაპის დამფუძნებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და ის, რომ ეს საქართველოში ხდება, დიდი შესაძლებლობაა რეგიონის სტარტაპებისთვის“, – ამბობდნენ პლატფორმის დამფუძნებლები პროგრამის მსვლელობისას.
Bonpara ამჟამად აზერბაიჯანისა და თურქეთის ბაზრებზე ოპერირებს. თუმცა, მისი დამფუძნებლები სერვისების გაფართოებას და სხვა ბაზრებზე გაფართოებასაც გეგმავენ, მათ შორის საქართველოში, ცენტრალური აზიასა და MENA-ში.
„როგორც გუნდი, ჩვენ ვეძებდით შესაძლებლობებს, რომ ჩვენი პროექტი ახალ ბაზრებზე გაგვეშვა, მაგრამ გვეგონა, რომ ეს გაგვიჭირდებოდა სათანადო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. ასე რომ, როდესაც გავიგეთ 500 Georgia-ს შესახებ, მალევე გადავწყვიტეთ ამ პროგრამაზე განაცხადის შეტანა“, – ამბობენ ისინი.
დამფუძნებლები Bonpara-ს შექმნის ისტორიასაც იხსენებენ და აღნიშნავენ, რომ Cashback-ის პლატფორმის იდეა ახალი არ არის, უბრალოდ აზერბაიჯანული ბაზრისთვის მსგავსი პროდუქტები მანამდე არ არსებობდა და მოსახლეობა საამისოდ სხვა ქვეყნების გადაწყვეტებს იყენებდა. „ასე რომ, ვიფიქრეთ, შეგვექმნა საკუთარი Cashback-პლატფორმა, რომელიც ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს დააკმაყოფილებდა.
ჩვენს სერვისს, ძირითადად, საჭიროებენ ბანკები, ავიაკომპანიები, ლოგისტიკის კომპანიები, მობილური ოპერატორები და მსგავსი დაწესებულებები, რომელთა მომხმარებლები პროდუქტს ონლაინ რეგულარულად ყიდულობენ. ჩვენს სერვისს ამჟამად 50-მდე კომპანია იყენებს“, – ამბობენ პლატფორმის შემქმნელები.