ევროპულმა კერძო კოსმოსურმა კომპანია Isar Aerospace-მა თავისი რაკეტა Spectrum-ი პირველი სატესტო ფრენის ფარგლებში გამოცადა. მიუხედავად იმისა, რომ აპარატი გაშვებიდან 30 წამში ჩამოვარდა, კომპანიამ საცდელი მისია წარმატებულად გამოაცხადა.
გერმანულმა სტარტაპმა Isar Aerospace-მა, რომელიც მიუნხენშია დაფუძნებული, რაკეტა ჩრდილოეთ ნორვეგიის კუნძულ ანოიადან კვირას, 30 მარტს გაუშვა. აპარატი გასაშვები პლატფორმიდან თბილისის დროით 14:30 საათზე აფრინდა და დაახლოებით 30 წამის განმავლობაში იფრინა. ამის შემდეგ ის უმართავი გახდა და საბოლოოდ ხმელეთზე ჩამოვარდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია.
Spectrum-ი 28 მეტრის სიგრძის, ორსაფეხურიანი რაკეტაა, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო ზომის ხელოვნური თანამგზავრების ორბიტაზე გასაყვანად შეიქმნა.
მისიის დასრულების შემდეგ Isar Aerospace-მა განაცხადა, რომ სატესტო ფრენამ საშუალება მისცათ, ღირებული ინფორმაცია შეეგროვებინათ, რომელსაც რაკეტის დასახვეწად გამოიყენებენ და მომავალი მისიებისთვის გაითვალისწინებენ.
„ჩვენმა პირველმა სატესტო ფრენამ ყველა მოლოდინი გაამართლა და დიდი წარმატება იყო“, – განაცხადა დანიელ მეტცლერმა, Isar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა. „გვქონდა სუფთა აფრენა, ფრენის 30 წამით შენარჩუნება და ასევე შევძელით ფრენის შეწყვეტის სისტემის დამოწმება“.
აღსანიშნავია, რომ ეს კონტინენტური ევროპიდან ორბიტული რაკეტის გაშვების პირველი მცდელობა იყო.
ცობისთვის, Isar Aerospace-ი არ ეკუთვნის ევროპის კოსმოსურ სააგენტოს (ESA), რომელსაც ამავე ორგანიზაციის წევრი 23 სახელმწიფო აფინანსებს. ESA უკვე წლებია, რაც ორბიტაზე რაკეტებსა და თანამგზავრებს უშვებს, თუმცა ძირითადად საფრანგეთის გვიანადან და აშშ-ის შტატ ფლორიდის კანავერალის კონცხიდან.