იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი Placebo-ს ვოკალისტს ბრაიან მოლკოს ცილისწამებისთვის უჩივის. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა გასულ თვეში, ტურინში გამართულ კონცერტზე მელონის ფაშისტი და რასისტი უწოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ტურინის პროკურორებმა Placebo-ს ვოკალისტის წინააღმდეგ გამოძიება მალევე დაიწყეს. შემთხვევასთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრს საჯაროდ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ მოლკო პრემიერის შესახებ საუბრისას სიტყვებს “ფაშისტი” და “რასისტი“ იტალიურად იყენებს.
რამდენიმე დღის შემდეგ, წყაროებმა იტალიურ საინფორმაციო სააგენტო Ansa-ს განუცხადეს, რომ ტურინის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ინციდენტზე “[საჯარო] ინსტიტუტების ცილისწამებისთვის”.
ჯორჯა მელონი არის ულტრამემარჯვენე პარტია “იტალიის ძმების” ლიდერი და ხელმძღვანელობს ქვეყნის ყველაზე მემარჯვენე მთავრობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ცილისწამების ფაქტზე მას სარჩელი წარსულშიც აქვს შეტანილი. გასულ წელს მელონიმ სასამართლო პროცესი დაიწყო გაზეთ Domani-ს რედაქტორების წინააღმდეგ, ცილისწამების მძიმე მუხლით.
Domami ამტკიცებდა, რომ მელონი ცდილობდა დახმარებოდა დეპუტატს საკუთარი პარტიიდან, მოეგო სამთავრობო კონტრაქტი სახის სამედიცინო ნიღბებთან დაკავშირებით კორონავირუსის პანდემიის დროს.
მელონიმ ბრალდება უარყო და გაზეთისგან 25,000 ევროს კომპენსაცია მოითხოვა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 2024 წლის ივლისში დაიწყება.
იტალიის პრემიერმა ასევე შეიტანა სარჩელი ცილისწამების ბრალდებით ჟურნალისტ რობერტო სავიანოს წინააღმდეგ, რომელმაც 2020 წელს სატელევიზიო ინტერვიუს დროს მელონი სალანძღავი სიტყვით მოიხსენია და იგი მიგრანტების სამაშველო არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებისთვის გააკრიტიკა.
სასამართლო პროცესი ოქტომბრისთვის არის ჩანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სავიანოს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იტალიის კანონმდებლობით, ცილისწამების ზოგიერთი საქმე შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნას მიჩნეული და პატიმრობას ექვემდებარებოდეს.