საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რუსთავი-2-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს. სასამართლოს წერილში წერია, რომ მხარეებს აქვთ უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.
წერილში ასევე აღნიშნულია: “გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე”.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 5 დღის წინ გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებდა და ტელეკომპანიის მფლობელი იმავე დღესვე ოფიციალურად ქიბარ ხალვაში გახდა. ხალვაშმა კომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დირექტორად პაატა სალია დანიშნა.