„ჯადოსნური“ ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი... ტფილისში

„ჯადოსნური“ ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი... ტფილისში

როგორც „ჯადოსნური“, ისე ზოგადად ცხოველები, თბილისის ისტორიასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ყველას გვსმენია ლეგენდა ქალაქის დაარსების შესახებ, რომლის თანახმადაც მეფეს ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებულა; ან უფრო პოპულარული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ნადირობისას მეფის მიმინო ხოხობს გამოსდევნებია, საბოლოოდ კი ორივე ცხელ წყაროში ჩაფუფქულა.

თბილისის ცხოვრებაში ფაუნის წარმომადგენლებს ქალაქის დაარსების ამ მიამიტური ლეგენდების დაბადებამდეც მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონოდათ. არსებობს მოსაზრება, რომ შვლის, ხოხბის და მიმინოს ამბებამდე თბილისში აქტიურად მისდევდნენ მესაქონლეობას, ხოლო ქალაქის ბუნებრივ სიმდიდრეს – გოგირდის ცხელ წყალს საქმიანობისთვის აქტიურად იყენებდნენ დაბაღები – ტყავის დამუშავების სპეციალისტები, რომლებიც, ამ მოსაზრებას თუ დავუჯერებთ, სულაც პირველ თბილისელ ხელოსნებად შეიძლება მივიჩნიოთ.

თუმცა, თუკი „ჯადოსნურ“ თუ „რიგით“ ცხოველებს სხვა კუთხით შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის თბილისში ფაუნის წარმომადგენლები მხოლოდ მოხმარების ან ვაჭრობის საგანს კი არ წარმოადგენდნენ, არამედ აქტიურად იყვნენ „ჩართულნი“ მთელ რიგ სერვისებში, სანახაობებსა თუ შეჯიბრებებში, რასაც მათი პატრონებისთვის ფინანსური სარგებელი მოჰქონდა.

ნიკო ფიროსმანაშვილი, „შავი ლომი“, 1905 წ.

დავიწყოთ იმით, რაც ასე ხიბლავდა ცნობისმოყვარე თბილისელებს, როგორც ყოველგვარი „უცხოსა“ და უჩვეულოს მოყვარულებს. ძველ თბილისში დიდი პოპულარობით უნდა ესარგებლა ე.წ. „მხეცთ საჩვენებლებს“, სადაც შორეული თუ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ ანტრეპრენიორებს სხვადასხვა ველური სახეობები ჩამოჰყავდათ „საზოგადოების საჩვენებლადაო“. როგორც ირკვევა, ასეთ სანახაობას დიდძალი ხალხი ეტანებოდა, შესაბამისად, ამ საქმეს არცთუ მცირე მოგება უნდა დაეტოვებინა.

ყველაფერთან ერთად, ამგვარი სანახაობის პოპულარობას განაპირობებდა ისიც, რომ თბილისში ვერა და ვერ მოაბეს თავი ხეირიანი ზოოლოგიური ბაღის მოწყობას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზოოლოგიური ბაღის მოწყობის შემთხვევაშიც კი, მაშინდელ თბილისში ვინმეს სახეობათა კონსერვაციაზე გაემახვილებინა ყურადღება, თუმცა, შემეცნებითი თვალსაზრისითა თუ სანახაობის კუთხით, ამგვარი „ხეირიანი“ დაწესებულება ფინანსურ სარგებელსაც მოიტანდა:

„მუშტაიდის გვერდით არის ქალაქის ბაღი, რომელიც იმედს გვაძლევდა, რომ ზოოლოგიური ბაღი გაშენდებოდა, გვეყოლებოდა ყოველ გვარი პირუტყვები და მხეცები, ეხლა ბაღი შექნილა ვიღაცა გარეშე პირის სასარგებლოდ. ის ორიოდე პირუტყვი, რომელიც ბაღში იყო ამ რამდენიმე წლის წინად, ზოგი გაყიდეს, ზოგიც ფეშქაშად გაუგზავნეს სხვა ქალაქებს და ეს ადგილი დააგდეს უბრალო ბაღად. სხვა ქვეყნებში, სადაც ყინვა და სიცივე ამ გვარი ბაღებისათვის ერთი ათად მომეტებულ ზრუნვას ითხოვს, ყოველი პირუტყვები და მხეცები ჰყავთ მოშენებული – და აქ-კი, სადაც ბუნება ისე ეხმარება, რაცა გვყავს, იმასაც სხვებს უგზავნით“.

შესაბამისად, არსებული ინტერესის გათვალისწინებით, ამა თუ იმ ანტრეპრენიორის „დასის“ სტუმრობისთვის ქალაქი წინდაწინ ემზადებოდა. გარეული ცხოველების მოსათავსებლად საგანგებოდ მზადდებოდა სპეციალური ნაგებობები, გაზეთები კი იუწყებოდნენ:

„ტფილისს ერთი გასართობი სანახავი კიდევ მოელის. იმ კვირაში კავკავიდამ სპარსელი ქიასიმი ჩამოიყვანს მხეცებს. ამათთვის კუკიის ხიდის კუნძულზე უკვე მზადდება ფიცრული შენობა. საჭიროა ქალაქის გამგეობამ ამ შენობას ყურადღება მიაქციოს, რომ იგი ნამდვილი სიმაგრე იყოს მხეცთათვის, თორემ შესაძლებელია, როგორც ზოგიერთს ქალაქებში მომხდარა, მხეცი გაექცეთ და უბედურება დატრიალდეს. მით უფრო ყურადღების ღირსია ეს შენობა, რომ იგი მოიჯარადესა აქვს ჩაბარებული ასაშენებლად“.

გაზეთ „ივერიაში“ 1895 წელს გამოქვეყნებულ ამ ცნობაში უსაფრთხოების ზომებზე კონცენტრირება სულაც არ იყო საფუძველს მოკლებული, რადგან რამდენიმე წლით ადრე თბილისელებს კინაღამ დიდი უბედურება დაატყდათ თავს, როდესაც ცეცხლი გაუჩნდა შენობას, სადაც მსურველებს სხვადასხვა მხეცებსა და ფრინველებს აჩვენებდნენ:

„შენი მტერი, მართლა ხეირიანი ცეცხლი რომ წაჰკიდებოდა და ლომი რომ გამოვარდნილიყო, დააფრთხობდა ჩვენი ქალაქის მშვიდობიან მცხოვრებლებსა. მართალია, ლომი როგორღაც ჭლექიანსა ჰგავს, მაგრამ რაც უნდა იყოს ჩვენი ქალაქის მხნე ხალხს შიშით მაინც ეყოფოდა, თუნდაც ერთი იმისი დანახვა“.

ნიკო ფიროსმანაშვილი, „შავი დათვი“, 1910 წ.

ამ ტიპის საფრთხეების გარდა, მოქალაქეთა ნაწილი სხვა გარემოებების გამოც გამოთქვამდა უკმაყოფილებას. მაგალითად, 1886 წელს, თბილისში გამართულ „მხეცთა-საჩვენებლის“ მისამართით, სადაც უამრავი ადამიანი სტუმრობდა და პატარებიც თან დაჰყავდათ:

„რასაკვირველია, დიდად სასარგებლოა ბავშვებისათვის, როდესაც თავის თვალით დაინახავს სხვა-და-სხვა ცხოველებს, მგელს, ლომს, ვეფხვს, ირემს და სხვ., რომელნიც კი თავის პატარა სასწავლებელს წიგნში უნახავს დახატული, მაგრამ ამ მხეცთა-საჩვენებელში ჰყავთ ერთი დიდი გველი, რომელსაც საზოგადოების წინ პატარა კურდღლებს აჭმევენ. დიდს კიდევ შეუძლიან გულ-გრილად უყუროს ამ სახილველს, მაგრამ წარმოიდგინეთ პატარა ბავშვები, რომელიც ყოველს გველის მოძრაობაზე ტირის და გული უკანკალებს, როდესაც გველის საზარელი სახე ლამაზ კურდღლის თავს სჭიდებს პირსა“.

ქალაქის მოსახლეობა ველურ ცხოველებს ცირკის წარმოდგენებზეც ხედავდა. 1889 წელს, ბაქოდან ჩამოსულ ტომსონის ცირკს ტფილისში ექვსი სპილო ჩამოუყვანია, მეშვიდე კი ჰამბურგიდან გამოუწერიათ.

ასევე, ყოფილან კერძო პირები, როგორიც გახლდათ ვინმე ფ. ლისიხიმაროსი, 1897 წელს, თბილისში, „მოკლე ხნით მოსული“ კაცი, რომელიც „გოლოვინის პროსპექტზე“ დაბინავებულა და თან ჰყოლია აფრიკაში დაჭერილი, სამ მეტრამდე სიმაღლის ცოცხალი სირაქლემა – „სჭამს ქერსა, ქატოსა, რკინას, ძვალს. ყოველ-დღე ხუთმეტი გირვანქა საჭმელი უნდება. ექვსის გირვანქის სიმძიმე კვერცხსა სდებს. ნახვა შეიძლება ყოველ-დღე დილის 10 საათიდან, ხოლო უქმეებში – დილის 11 საათიდან ღამის 10 საათამდე. შესვლის ფასი 10 კაპიკი“.

დაზუსტებით რთულია თქმა, თუმცა გამორიცხული არაა, რომ თბილისში ჩამოსული ანტრეპრენიორები თუ ცირკის მეპატრონეები არა მხოლოდ წარმოდგენებით, არამედ ეგზოტიკური ცხოველებით ვაჭრობითაც იღებდნენ გარკვეულ ფინანსურ სარგებელს.

შესაძლოა, სწორედ ამ გზით მოხვდა თბილისში მაიმუნი, რომლის სევდიანი „თავგადასავლის“ შესახებაც ძველი ქართული პრესა 1893 წელს წერდა:

„წყაროს უბანში, ხოჯივანქის მახლობლად, მაიმუნმა საშინლად დაჰგლიჯა თავისი პატრონი ტფილისის მცხოვრებელი გრიგოლ ასკაროვი; მაიმუნმა თურმე აიწყვიტა ჯაჭვი, გაექცა ასკაროვს და იქვე ეზოში ავიდა ხეზედ, ორი დღე იქ იყო და მერე, როგორც იყო, ჩამოიყვანა პატრონმა, სცემა და ისევ ჯაჭვით დააბა. თვითონ დაჯდა და რაღაცას კეთება დაუწყო. ამ დროს ხელახლა აიწყვიტა მაიმუნმა ჯაჭვი, ეცა ასკაროვს, ხელები დაუღრღნა და პირზედაც უკბინა. მოცვივდა ხალხი, პოლიციელები და ძლივს მოაშორეს. მაიმუნი ისევ ხეზედ ავარდა. პოლიციელმა მაიმუნი რევოლვერით მოჰკლა და წაიღო შესამოწმებლად, ცოფიანი ხომ არ არისო. დაშავებული მიხეილის სამკურნალოში წაიყვანეს“.

მაიმუნისგან განსხვავებით, ენდემური სახეობაა კავკასიური მურა დათვი, თუმცა ეგზოტიკური და დაუჯერებელია თბილისელი მხატვრის – კარაპეტ გრიგორიანცის მონათხრობი ამბავი ტყვე დათვის შესახებ:

„მუშტაიდის მხარეს ერთ კინტოს ერთი დათვი ისე გაეწურთნა, რომ თავისთან პურს აჭმევდა და ღვინო არაყს ასმევდა. ბოლოს, როდესაც ის კინტო მომკვდარა, დაღონებულ და დაძმარებულ მხეცს ტირილი დაუწყვია“.

სავსებით სავარაუდოა, რომ ამ დათვთან მიმართებით მის პატრონ კინტოს ფინანსური ინტერესი ჰქონოდა, დაახლოებით ისე, როგორც თანამედროვე საქართველოში არსებობდა და, სამწუხაროდ, ახლაც არსებობს რესტორნებსა თუ მსგავს დაწესებულებებში კლიენტთა მისაზიდად ტყვე დათვების ყოლის მავნე პრაქტიკა.

დატყვევებით ვერ ატყვევებდნენ, მაგრამ კლავდნენ თბილისს შემოჩვეულ მგლებს, რომლებიც „ერთი ხანობა“ საკმაოდ ხშირად ჩნდებოდნენ ქალაქის ქუჩებში. 1888 წლის „ივერიაში“ ვკითხულობთ: „ამ ზამთარს ქალაქის განაპირა ადგილებში, განსაკუთრებით ვერისა და კრწანისის ბაღების მახლობლად, დიდ-ძალი მგელი გაჩენილა. წარსულს ნოემბერს მგლები ხევებში იმალებოდნენ, ეხლა-კი უფრო გათამამებულან და შიგ ბაღებში დაბინავებულან ხუთ-ხუთი და ექვს-ექვსი ერთად“.

ნიკო ფიროსმანაშვილი, „მეაქლემე“, 1909 წ.

ქალაქში გამოჩენილ მგლებთან დაკავშირებით ცნობები გვხვდება 1894 და 1895 წლებშიც, თუმცა ერთხელაც თბილისს არა უბრალოდ მგელი, არამედ ჯორჯ მარტინის რომანსა და HBO-ს მიერ გადაღებულ საკულტო სერიალში აღწერილი მგელსაზარას მსგავსი არსება „სწვევია“, რომელიც კრწანისში, მებაღეებში მოუკლავთ თოფით. თავად განსაჯეთ, რამხელა შეიძლება ყოფილიყო მტაცებელი, თუკი მისი ტყავი მებაღეებს 15 მანეთად გაუყიდიათ, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მგლის ტყავის საბაზრო ფასი 5-6 მანეთი ყოფილა.

ზოგადად, შემოსავლის მიღების მიზნით, იმდროინდელი თბილისელებისთვის არც გარემოდან ცხოველთა მასობრივი ამოღება იყო უცხო. მით უმეტეს, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მეოთხედში ცხოველთა პოპულაცია გაცილებით უფრო დიდი ყოფილა, ვიდრე შემდგომ პერიოდებში, მათ შორის თბილისის შემოგარენშიც, სადაც არა მხოლოდ სეზონურად ნადირობდნენ, არამედ ბრაკონიერობდნენ კიდეც.

ბრაკონიერობასთან საბრძოლველად ქალაქში „მენადირეების საზოგადოება“ შემდგარა, რომლის წევრთაც საზოგადოების ხაზინაში გარკვეული თანხა შეჰქონდათ, ამ ფულით კი ყარაულებს ქირაობდნენ და „აყენებენ ტფილისის ახლო-მახლო სანადირო ადგილებში იმ განზრახვით, რომ დაიცვან ტყის ნადირი ნადირთ მოვაჭრეთაგან ტყუილ-უბრალოთ დახოცვისაგან და განსაკუთრებით იმისთანა დროს, როდესაც ნადირობა კანონითაც აღკრძალულია“.

ჩანს, რომ ამ საზოგადოებას საქმე არ მოაკლდებოდა; 1893 წელს მთავარმმართებლისთვის თბილისის გუბერნიაში ხოხობზე ნადირობის აკრძალვა უთხოვიათ, რადგან იმ წელს უჩვეულო კლიმატური პირობების გამო ხოხბის პოპულაცია საგრძნობლად შემცირებულა – „საზოგადოება ხოხობზე ნადირობის აღკრძალვას ოთხის წლის ვადითა სთხოვს კავკასიის ში ხოხობი ისევ გამრავლდეს“.

რაც შეეხება ცოცხალი ცხოველებით ვაჭრობის საკითხს თბილისში: უშუალოდ, პირისპირ დადებულ გარიგებებს გარდა, გარეული თუ შინაური ცხოველების ყიდვა-გაყიდვის შესახებ განცხადებები პრესის ფურცლებზეც იბეჭდებოდა:

„თუთიყუშები სტამბოლიდგან და ოქროს ფერი თევზები ისყიდება 20 მარტამდე. სასტუმრო „ათინა“, პუშკინის ქუჩა“;

„ვყიდულობთ ცოცხალს კავკასიის გარეულ ცხოველებს: ირმებს, ჯეირნებს, ვეფხვებს, ჯიხვებს, არჩვებს, არნებს, ფოცხვერებს და სხვ. საჭიროა აგრედვე დიდრონი ირმის რქები. მიხეილის ქუჩა, #105, ეზოში, სახლი ბარამოვისა. იკითხე ჰუგო ვინკლერი“.

[შესაძლოა ამ ჩამონათვალში ვეფხვის მოხვედრამ მკითხველი გააკვირვოს კიდეც, თუმცა ამ თემას მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდებით.]

არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. ძველ თბილისში არცთუ იშვიათად ნახავდით მამლების, ყოჩებისა თუ აქლემების ჭიდილს, რის უკანაც, წესით, არა მხოლოდ არაჯანსაღი, თუმცა მაინც სპორტული, არამედ ფინანსური ინტერესიც უნდა მდგარიყო, რადგან დიდი ალბათობით, ამ ორთაბრძოლების მაყურებლები არც ფსონების დადებას მოერიდებოდნენ.

„ძველად, როცა ბაქოდან ნავთი აქლემებით მოჰქონდათ, ტფილისის მეთავლეები ჰმართავდნენ ნარ-აქლემთა ჭიდაობას – აქლემები ჭიდაობდნენ კისრებით.

ყველაზე ძლიერ გავრცელებული იყო ყოჩების ჭიდაობა. ჭიდაობის მოყვარულნი დაყოჩებულ ერკემალს სახლში ზრდიდნენ, განსაკუთრებულ მზრუნველობით ექცეოდნენ, პურზედ ინახავდნენ და ჯაჭვითა ჰყავდათ დაბმული, რომ უბრალოდ არავის დასტაკებოდა. ყოჩაობის დროს კი ქერით ათრობდნენ, ყელზედ ფერადმძივებიან საყელოს უკეთებდნენ, ქოჩორს ენდროთი უღებავდნენ და უკანგადატანილ რქის წვერებს კოპწიად გადუხერხავდნენ.

მამლების ძიძგილაობა უფრო დუქნების წინ იმართებოდა, ყოჩების ჭიდაობა კი – გაშლილ ასპარეზზე. ჭიდაობის ადგილას პატრონებს ყოჩები „დროშკებით“ მიჰყავდათ, თან აუარებელი ცნობისმოყვარე ხალხი მისდევდა. ჯერ ითათბირებდნენ, მერე აჭიდავებდნენ; თუ ჭიდაობა მხარეთა შორის დამარცხების შედეგს არ იძლეოდა, მაშინ ყოჩაობა შემდეგი კვირისათვის გადაიდებოდა ხოლმე.

ჭიდაობას ხელმძღვანელობდნენ ყოჩების პატრონები. ხშირად ყოჩთა ჭიდაობა ძალიან მწვავდებოდა. უკანონობაც ხდებოდა [მაგალითად, როცა პატრონი თავის ყოჩს ჯაჭვს შეხსნიდა, ამ ჯაჭვს შეუმჩნევლად მოპირდაპირე ყოჩს სახეში მიარტყამდა, – ამას ეძახდნენ „ყოჩის გაფუჭებას“] ამ ნიადაგზე ბებუთებიც დატრიალებულა“, – ვკითხულობთ იოსებ გრიშაშვილის „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“.

თუკი ამ შემთხვევაში ფსონების და ნაძლევების დადებასთან დაკავშირებით მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია გამოვთქვათ, 1891 წლის ერთი საგაზეთო ცნობის მიხედვით, ვინმე ბაქრაძეს შესაბამისი სამსახურისგან დიდუბეში სხვადასხვა ცხოველის, მათ შორის აქლემების დოღის გამართვის ნებართვა აუღია და „თუ ადგილობრივმა მთავრობამ ნება დართო, ამ საქმის დამწყებს ტოტალიზატორიც უნდა გამართოს“.

ნიკო ფიროსმანაშვილი, „ყოჩი“

მოგეხსენებათ, დღეს ცხოველთა ორთაბრძოლების ჩატარება, მით უმეტეს შემოსავლის მიღების მიზნით, აკრძალულია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ამ ტიპის ღონისძიებებმა „მიწისქვეშეთში“ გადაინაცვლა. რასაკვირველია, ამ აკრძალვას არაერთი საფუძველი აქვს, მათ შორის, ცხოველთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა.

ცხოველთა უფლებებზე მზრუნველი ორგანიზაციის დაფუძნების იდეა ძველ თბილისშიც ჰქონიათ. როგორც გაზეთი „დროება“ 1875 წელს ორაზროვნად იუწყებოდა, „ამბობენ, ქალაქის ერთს წრეში ხელ-ახლად არის იმაზე მოლაპარაკებაო, რომ „პირუტყვების დამფარველი საზოგადოება“ შეადგინონო. ჩვენის ჰაზრით, ურიგო არ იქნებოდა, რომ კაცებს თავიანთი მოძმე ადამიანების დამფარველი საზოგადოების დაარსებაზედაც ცოტა მაინც მოეფიქრნათ…“

ჩანს, რომ ამ ინიციატივის მოთავეებს საქმე ბოლომდე მიუყვანიათ – „ყოვჩვენს ქალაქში, უფლება აქვს, რომ დაიჭიროს და მომრიგებელ მოსამართლესთან წარადგინოს ჯარიმის გადასახდელად ყველა, ვინც პირუტყვს აწვალებს, სცემს ანუ დიდ ტვირთს აზიდვინებს ხოლმე“.

მეტიც, 1890-იანი წლებისთვის „პირუტყვთა მფარველ საზოგადოებას“ საკუთარი სამკურნალოც კი ჰქონდა გახსნილი, რაც, „პირუტყვთა მფარველობის“ გარდა, სხვადასხვა ვეტერინარული სერვისის შეთავაზებით, რა თქმა უნდა, ფინანსური შემოსავლის მიღებაზე იყო გათვლილი:

„1889 წელს სამკურნალოში მიუყვანიათ 1,898 ავადმყოფი პირუტყვი, რომელთაგანაც ცხენები ყოფილა – 534, ჯორები და ვირები – 25, სპილო – 2, აფრიკის ცხოველი ჭრელი ცხენი [ზებრა] – 4, მსხვილ ფეხი საქონელი – 756, წვრილ ფეხი – 19, მაიმუნი – 1, ძაღლი – 375, კატა – 3, სხვა-და-სხვა ფრინველი – 178 და გარეული ხარი – 1. მუქთად მიუციათ წამლები 85 ავადმყოფ პირუტყვისათვის. ეს სამკურნალო რიყეზეა. აქვე პირუტყვებისათვის იმყოფება აფთიაქი, რომელშიაც 242 სხვა-და-სხვა სახელწოდების სამკურნალო მასალა და მოწყობილებაა. სამკურნალოში 78 სხვა-და-სხვა სახირურგიო ინსტრუმენტია“.

დასასრულ კი აუცილებლად შევეხოთ იმ ვარსკვლავ, „ჯადოსნურ“ სახეობებს, რომელთა თბილისსა თუ საქართველოში გამოჩენა ბევრისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. 1921 წელს, თბილისის მახლობლად, სოფელ ლელობთან რომ კასპიური ვეფხვი [Pantera Tigris Virgata] მოკლეს, ასე თუ ისე ცნობილი ამბავია. ცხოველის ფიტული დღეს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილებაში უნდა ინახებოდეს. თუმცა, სრულიად მოულოდნელი შეიძლება იყოს 1879 წელს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ, რომ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს – გიორგი წერეთელს ბეჟათუბნის სადგურზე საკუთარი თვალით უნახავს გლეხი, რომელიც სოფელ კოლოთუბანში მოკლულ, ორ მეტრამდე სიგრძის ვეფხვის ტყავს 15 მანეთად ჰყიდდა. მომდევნო წელს იგივე გაზეთი იუწყებოდა:

„სოფელ სტეფან-წმინდის ახლოს ერთმა მონადირემ ვეფხვი მოკლა. მონადირეს ორი ვეფხვი ენახა ერთად ჩახუტებულები, რომელთაგან ერთი გაქცეულიყო მთაში. შესანიშნავია, რომ ამ უკანასკნელ 6-7 წელიწადში ეს მესამე ვეფხვი მოუკლავთ აქ იმისთანა გახრეკილ კლდეებში, სადაც ტყე წამლადაც არ მოიძევა. კავკასიის მთების გარდა, ვეფხვი ჩვენს ქვეყანაში ზემო-იმერეთშიაც მოიპოვება“.

1900 წელს უკვე „ივერია“ აცნობებდა მკითხველებს მაშინდელი შორაპნის მაზრის სოფელ მოლითში მოკლული ჭრელი ნადირის შესახებ, რომელიც ვეფხვი აღმოჩენილა.

ნიკო ფიროსმანაშვილი, „მჯდომარე ყვითელი ლომი“

საგულისხმოა, რომ 1921 წელს თბილისთან მოკლული კასპიური ვეფხვისგან განსხვავებით, საგაზეთო ცნობებში აღწერილ ვეფხვებში, შესაძლოა ჯიქი, ანუ წინააზიური ლეოპარდი იგულისხმებოდეს, რომლის გავრცელების არეალი კავკასიასაც მოიცავდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ამ ცხოველების „ჯადოსნურობას“ ვერაფერს „აკლებს“.

იმდროინდელი პრესა ასევე ხშირად იტყობინებოდა მეტად უცნაური აღმოჩენების შესახებაც. მაგალითად, 1876, 1886 და 1899 წლებში გაზეთებში ჩნდებოდა ინფორმაცია მამონტის ძვლების აღმოჩენასთან დაკავშირებით:

„კავკასიის მუზეუმის კონსერვატორმა ბატონმა კენიგმა, რომელიც გაგზავნილი იყო სიღნაღის მაზრის სოფელ ტიმხალში იქ აღმოჩენილ მამონტის ძვლების დასათვალიერებლად, მართლაც ჰნახა ამ სოფელში რამდენისამე მამონტის ძვლები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ძვლები მეტად გაფუჭებული აღმოჩნდა, ასე რომ მიწიდგან ამოთხრის დროსვე ფერფლად დაიშალა თურმე და მხოლოდ ზოგიერთი ძვლის ნამტვრევი გადარჩა მთელი. მამონტის ძვლებს კავკასიაში ეს მესამედ ჰპოულობენ“.

სულ ბოლოს კი შეუძლებელია, არ ვახსენოთ 1880 წელს მომხდარი ერთი უიშვიათესი შემთხვევა, რომელიც გვარწმუნებს, რომ „ჯადოსნური“ ცხოველები ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც კი შეიძლება ვიპოვოთ:

„შავს ზღვაში, იმ ადგილას, საცა მდინარე ჩურუქ-სუ ჩაერთვის [ქობულეთთან] შავ ზღვას, ვეშაპი მოუკლავთ!

ეს გარემოება იმითია გასაკვირი და ყურადღების ღირსი, რომ არც შავს ზღვაში და არც იმის ახლო ზღვებში ვეშაპი არასოდეს არ ნახულა. ის უნდა ყოფილიყო მოსული გრენლანდიის ზღვიდამ; მაშასადამე უნდა გამოევლო ჩრდილოეთის ზღვიდამ ატლანტიდის ოკეანე, გიბრალტარის წყალი, ხმელთა-შუა ზღვა, არხიპელაგი, დარდანელი, მარმარილოს ზღვა და აქედამ სტამბოლის წყლით შავს ზღვაში უნდა შემოსულიყო!

როგორც „კავკაზში“ იწერებიან, ეს ვეშაპი ხუთის თვის უნდა ყოფილიყო; თოფებით მოჰკლესო და როცა გაზომეს, 14 არშინი [დაახლოებით 10 მეტრი. რედ.] გამოვიდა სიგრძეო.

სალდათებს აუცლიათ ქონი, რომელიც თორმეტის ფურგუნით წაუღიანთ. თითო ულვაში ¾ არშინის [დაახლოებით ნახევარი მეტრი. რედ.] სიგრძე იყოვო და ერთი ლაყუჩა რვა კაცმა ძლივს ასწიაო.

ბათუმის ღუბერნატორს ღენერალ კომაროვს განზრახვა ჰქონდაო, რომ როგორც იყო მთლად გაეგზავნა ეს მოკლული ვეშაპი ოდესაში ან თფილისში, მაგრამ ვერ მოხერხდაო; სალდათებმა ხორცი და რბილი ააძვრეს და ძვლები ზღვის ნაპირზედ არის და ამის სანახავად დიდ-ძალი ხალხი მოაწყდა ბათუმიდამ და ფოთიდამაო.

უეჭველია, ჩვენი ცრუ-მორწმუნე ხალხი ერთს რასმე „ცუდ ნიშანს“ მიაწერს ამ ვეშაპის გამოჩენას…“