საქართველოში ინტრავენური თერაპიის პირველი ცენტრი, Drops Wellness-ი დიდი ხნის მეგობრებმა, სოფა გოგიბერიძემა და ნატალი მჭედლიშვილმა 2022 წელს დააფუძნეს. ამჟამად კლინიკა მომხმარებლებს ვიტამინებისა და მინერალების 20–მდე კოქტეილს, ასევე თავის მოვლისა და სხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს სთავაზობს. დეტალებზე Drops Wellness-ის დამფუძნებლები თავად გვიამბობენ.
მოგვიყევით, საიდან გაჩნდა იდეა, საქართველოში ინტრავენური თერაპიის პირველი ცენტრი დაგეფუძნებინათ?
ნატალი: მე და სოფა დიდი ხნის მეგობრები ვართ. ყოველთვის გვინდოდა, საქართველოში ისეთი რამ გაგვეკეთებინა, რაც ადამიანების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებდა.
სოფა: მამაჩემი საკმაოდ წარმატებული და ცნობილი პლასტიკური ქირურგი იყო როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მან საკუთარი კლინიკაც გახსნა, როგორც საოჯახო ბიზნესი. Drops Wellness-ის დაფუძნებამდე, გადასხმების მიმართულებით უკვე მქონდა დაგროვილი გამოცდილება, სწორედ ამ კლინიკაში წლების განმავლობაში მუშაობით.
ნატალი: მე IV-თერაპიის შესახებ ამერიკაში სწავლის პერიოდში შევიტყვე, სადაც ეს პროცედურა, ჯერ კიდევ წლების წინ, ძალიან პოპულარული იყო. თერაპია საკუთარ თავზეც გამოვცადე და კმაყოფილი დავრჩი.
მაშინ საქართველოში მსგავსი პროცედურები ხელმისაწვდომი არ იყო. მართალია, ამ ხერხს ძალიან ხშირად მიმართავენ, თუმცა ჩვეულებრივ სამედიცინო დაწესებულებებში, მაგალითად, რკინის დეფიციტის დროს და ა.შ. თუმცა არ არსებობდა დაწესებულება, რომელიც პაციენტებს ამ პროცედურებს კომპლექსურად შესთავაზებდა. ასე დაფუძნდა Drops Wellness-ი, რომელიც არის IV-თერაპიის პირველი ცენტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში.
რა პროდუქტს იყენებთ პროცედურებისას?
სოფა: IV-თერაპია, ეს არის ინტრავენური თერაპია, რომლის დროსაც ვიტამინებსა და მინერალებს გადასხმის სახით ვუკეთებთ პაციენტებს. ჩვენი კოქტეილებისთვის ინგრედიენტს სხვადასხვა მწარმოებლისგან ვიღებთ, მათ შორის არის იაპონური, გერმანული, იტალიური და უკრაინული.
ამ კოქტეილების მთავარი საიდუმლო ინგრედიენტების ერთმანეთში სწორი შერევა, დოზირება და ადმინისტრირებაა. ჩვენ მათ დასამზადებლად შემუშავებული რეცეპტები შევიძინეთ და უცხოელი ექიმების დახმარებით ჩვენი, ადგილობრივი კადრები დავატრენინგეთ. მსოფლიო მასშტაბით ყველა IV-თერაპიის ცენტრი ერთსა და იმავე რეცეპტებს იყენებს.
არ გიძნელდებათ საქართველოში ფეხის მოკიდება? ჩვენთან ხშირად სიახლეების მიღება უჭირთ…
ნატალი: მზად ვიყავით ამ გამოწვევებისთვის. გეთანხმებით, ქართველები სიახლეებს ცოტა სკეპტიკურად უყურებენ. შესაბამისად, ვიცოდით, რომ საჭირო გახდებოდა ამ მიდგომის მიმართ ცნობიერების ამაღლება და პოტენციური მომხმარებლების მაქსიმალურად ინფორმირება.
სოფა: თუმცა უნდა ითქვას, რომ Drops Wellness-ის გახსნის დღიდან ჩვენი პაციენტების უმრავლესობას საქართველოში მცხოვრები უცხოელები წარმოადგენდნენ. ის ადამიანები, ვისაც აღნიშნულ პროცედურებზე ინფორმაცია უკვე ჰქონდა.
იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი მომსახურება საზღვარგარეთ 3-4-ჯერ უფრო ძვირი ღირს, ხშირად მოგვმართავენ ტურისტებიც, რომლებიც საქართველოში გრძელვადიანი ვიზიტით სტუმრობენ. ისინი ჩვენთან სრულფასოვან კურსს იტარებენ, რაც საკუთარ ქვეყანაში შეიძლება ერთი პროცედურა დაუჯდეთ.
ნატალი: ჯერ კიდევ ცენტრის გახსნამდე, საკმაოდ აგრესიული მარკეტინგული კამპანია გვქონდა. ბოლო პერიოდში, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში, კვება და თავის მოვლა ჩვენთანაც ძალიან პოპულარული გახდა. ვფიქრობ, Drops Wellness-ის გამოჩენა საკმაოდ დროული იყო. იმდენად მრავალფეროვანი კოქტეილები გვაქვს, ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პაციენტების 99% კვლავ უკან ბრუნდება იმავე ან სხვა კურსისთვის. გვაქვს არაჩვეულებრივი პროგრამა, სადაც ამ სტატისტიკას ვხედავთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცოტაა იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც ჩვენთან არ დაბრუნებულან.
რომელი კოქტეილებია ყველაზე მოთხოვნადი?
ნატალი: ქართველების უმეტესობამ თავიდან ნაბახუსევის თერაპიით დაიწყო და ეს Drops Wellness-ში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროცედურაა, ვინაიდან მომენტალური შედეგი აქვს.
გარდა HANGOVER-ისა, ყველაზე მოთხოვნადი კოქტეილების ტოპ-5-ში შედის FAT BURNER-ი, DETOX-ი, LAENNEC-ი და BRAIN TONIC-ი. ეს უკანასკნელი მეხსიერების და კოგნიციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს და ძირითადად გათვლილია მომხმარებლებზე, რომლებსაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ. ვფიქრობ, დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი პროდუქტია.
სოფა: ასევე, ცოტა ხნის წინ დავამატეთ კოქტეილი ვეგანებისთვის და მათთვის, ვინც ხანგრძლივად მარხულობს. ეს კოქტეილი, დაუბალანსებელი კვების დროს, სხეულის ვიტამინებითა და მინერალებით მომარაგებას უწყობს ხელს.
კოქტეილებში შემავალი ინგრედიენტების ტაბლეტების სახით მიღებაც არის შესაძლებელი. რა უპირატესობა აქვს ინტრავენური ინფუზიის მეთოდს?
სოფა: მართალია, ტაბლეტების სახით აღნიშნული ინგრედიენტების მიღება უფრო მარტივია, თუმცა ამ შემთხვევაში ბიოშეღწევადობა 20%-ია, გადასხმის შემთხვევაში კი – დაახლოებით 80%. გარდა ამისა, ამ მეთოდს თითქმის არა აქვს უკუჩვენებები და ეფექტიც უფრო სწრაფად მიიღწევა. თუმცა ჩვენი კოქტეილების უმეტესობა კურსებად კეთდება, რაც ხანგრძლივ პროცედურას მოიაზრებს. ერთხელ გაკეთებული გადასხმით შეიძლება შედეგი ვერ მიიღოთ, მაგრამ გვყავს ბევრი პაციენტი, რომლებიც ეფექტს პირველივე პროცედურიდან გრძნობენ. მსგავსი შემთხვევები ხშირია ძილის მოსაწესრიგებელი კოქტეილის მიღების დროს.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მომსახურება, რომელიც დაავადებას განკურნავს. ჩვენ ადამიანების მდგომარეობას, ცხოვრების ხარისხს ვაუმჯობესებთ. მაგალითად, ფსორიაზის, ჰერპესის ან აკნეს შემთხვევაში, ამ პროცედურით ვერ განიკურნებით, უბრალოდ დაავადების რემისიის, ანუ მიძინების პერიოდი იზრდება. რაც უფრო ხშირად ტარდება ეს პროცედურა, შედეგიც უფრო გრძელვადიანია.
ნატალი: გვაქვს კოქტეილები, რომლებიც ერთჯერადად კეთდება, მაგალითად, ნაბახუსევის წინააღმდეგ მიმართული HANGOVER-ი, ან ფრენის შემდგომი, JET LAG-ისას. თუმცა დანარჩენი გადასხმები უფრო ხანგრძლივ პროცედურებს მოიცავს, მათ შორის DETOX-ი, ANTI-AGE-ი, FAT BURNER-ი – ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროცედურა, რომელიც ააქტიურებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმის წვას. რა თქმა უნდა, ილუზიას არავის ვუქმნით, რომ მხოლოდ ამ გადასხმით ვინმე წონაში დაიკლებს, ამას ხელი უნდა შეუწყონ ჯანსაღი კვებით, ვარჯიშით და სხვა სახის აქტივობით.
ზემოთ აღნიშნეთ, რომ ამ პროდუქტს თითქმის არა აქვს უკუჩვენებები – შეგიძლიათ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი რამ გვითხრათ?
სოფა: ჩვენს კლინიკაში უსაფრთხოება პრიორიტეტს წარმოადგენს. ალერგიული რეაქცია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პრეპარატზე, თუმცა ჩვენი ექიმები აბსოლუტურ მზადყოფნაში არიან, იმისთვის, რომ ეს რისკი მინიმუმამდე დავიდეს. ყველა პირობა გვაქვს შექმნილი, რომ ალერგიული რეაქცია არ განვითარდეს და თუ მაინც განვითარდა – სწრაფად და ეფექტიანად აღმოიფხვრას. ალერგია გამოიხატება კანის ზედაპირის შეწითლებაში, შეხურებაში.
თუმცა მინდა გითხრათ, სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში, ნებისმიერ IV-თერაპიის დაწესებულებაში, მსგავსი შემთხვევების რისკი მხოლოდ 1%-ია. მიუხედავად დაბალი რისკისა, პაციენტებს წინასწარ ვაფრთხილებთ ამასთან დაკავშირებით და ისინიც მზად არიან.
Drops Wellness-ის ექიმები ვახსენეთ, უფრო მეტი გვითხარით თქვენი გუნდის შესახებ?
ნატალი: არაჩვეულებრივი სამედიცინო გუნდი გვყავს, თავიანთი საქმის უბადლო პროფესიონალები. ამჟამად კომპანიაში ოცი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის არიან თერაპევტები, რომელთა გამოცდილებაც ათწლეულებს ითვლის. ასევე გვყავს საკმაოდ გამოცდილი რეანიმატოლოგები, ყველა გადასხმა მათი ადმინისტრირებით კეთდება. ზოგადად, ჩვენთან ექიმის კონსულტაციის გარეშე არანაირი გადასხმა არ კეთდება. უშუალოდ პროცედურებს კი ატარებენ ექთნები, რომლებიც ასევე გამოცდილი პროფესიონალები არიან.
სოფა: გარდა ამისა, გვყავს ძალიან ცნობილი და წარმატებული კოსმეტოლოგები, დერმატოკოსმეტოლოგები, რომლებსაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და განათლება საზღვარგარეთ აქვთ შეძენილი. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მასაჟისტები და სხეულის მოვლის პროფესიონალები როგორც სამედიცინო, ასევე სარელაქსაციო მიმართულებით.
გადასხმების გარდა სხვა რომელი მომსახურებები გაქვთ?
ნატალი: გადასხმების გარდა, გვაქვს სახისა და სხეულის მოვლის პროცედურები, მათ შორის კოსმეტოლოგია, ინიექციური და სპა პროცედურები, მასაჟი. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა პოსტოპერაციული რეაბილიტაცია, რაც საქართველოში ასე კომპლექსურად ხელმისაწვდომი სხვაგან არ არის. გვაქვს არაჩვეულებრივი აპარატი, ICOONE-ი, რომელიც როგორც სახეზე, ასევე სხეულზე გამოიყენება და ოპერაციის შემდგომ ნაწიბურებს ებრძვის. ამ მიმართულებით უამრავ პლასტიკურ ქირურგთან და კლინიკასთან ვთანამშრომლობთ.
რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა?
სოფა: ოპერაციის დასრულების შემდეგ, გამოწერიდან მეორე-მესამე დღეს, პაციენტი მოდის ჩვენთან და იკეთებს LAENNEC-ის გადასხმას. ის პირდაპირ მუშაობს უჯრედულ აღდგენაზე, ნარკოზისა და ანესთეზიის შემდეგ ორგანიზმის გაწმენდაზე. ეს პროცედურა რეაბილიტაციის პერიოდს მინიმუმ ორ კვირამდე ამცირებს. ამ პროცესშივე კეთდება ICOONE-ის პროცედურა, რაც ნაწიბურის სწორ და თანაბარ შეხორცებას უწყობს ხელს.
ასევე გვაქვს ნიღბები, რომლებიც ოპერაციის ადგილებში შეშუპებას ხსნის და ტკივილს ამცირებს. ყველა პროცედურის კომპლექსურად ჩასატარებლად დაახლოებით ორი საათია საჭირო და პაციენტი კლინიკიდან გასვლისას გაცილებით უკეთ გრძნობს თავს.
ნატალი: გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლაბორატორიასთან. გარკვეული სახის ანალიზები, რაც საჭიროა ჩვენთან ჩატარებული პროცედურებისთვის, ადგილზევე კეთდება. თუმცა შესაძლებელია სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარება პროცედურის გაკეთების გარეშეც.
უახლოეს მომავალში ახალი პროდუქტის ან მომსახურების დამატებას ხომ არ აპირებთ?
სოფა: სერვისების დამატებასა და კომპანიის განვითარებაზე მუდმივად ვფიქრობთ. გვაქვს რამდენიმე იდეა, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, ძირითადად, სახისა და სხეულის მოვლის მიმართულებით, რაც კომპლექსურად იმუშავებს მომსახურებებთან, რომლებსაც მომხმარებლებს უკვე ვთავაზობთ.
ნატალი: გარდა ამისა, ძალიან მალე დავამატებთ საკვები დანამატების მიმართულებაც გვექნება, რაც ერთ-ერთი ძალიან პოპულარული მიმართულებაა საზღვარგარეთ, ჯერჯერობით საქართველოში მსგავსი მომსახურება არ არსებობს. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და მალე შევთავაზებთ მომხმარებლებს ნუტრიციოლოგიის მომსახურებას.
აქვე აღვნიშნავ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში გამოძახების სერვისი დავამატეთ, რომელიც თბილისის მასშტაბით უკვე მოქმედებდა. ბათუმში მოთხოვნა საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით – ზაფხულის პერიოდში. რაც შეეხება მომსახურებას, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ, ნებისმიერ ადგილზე გამოგვიძახონ, იქნება ეს სახლი თუ სამუშაო სივრცე. ძალიან ბევრ უცხოელ მომხმარებელს სასტუმროს ნომრებშიც ვემსახურებით. ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული და პროცედურებს პროფესიონალები უძღვებიან.
ბოლოს, უფრო დიდი სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილეთ.
სოფა: ბევრი დიდი გეგმა გვაქვს. მათ შორის, ამჟამად ფრენჩაიზის გაყიდვაზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ასე რომ ჩვენი ბრენდი, შესაძლოა ფრენჩაიზის სახით გაიყიდოს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
S