სპეცტექნიკის მწარმოებელ ბრიტანულ ბრენდს, თითქმის საუკუნოვანი ისტორიით და 150 ქვეყანაში საქმიანობის გამოცდილებით, ამიერკავკასიაში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია TEGETA CONSTRUCTION EQUIPMENT-ი წარმოადგენს. ქართული კომპანია ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნების ბაზრებს სამშენებლო და საგზაო ტექნიკის 50-მდე დასახელების მოდელს სთავაზობს. კომპანია პორტფელის გაფართოებას და მთელი რეგიონის მასშტაბით გაყიდვების ზრდას გეგმავს.
საქართველო: რიკოთის ახალი ავტომაგისტრალი: ხევი-უბისა-შორაპნისა და კობი-ქვეშეთის მონაკვეთი, ასევე საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალის მშენებლობა და ფოთის პორტის გაღრმავების სამუშაოები;
სომხეთი: ახალი რაიონებისა და გზების მშენებლობის პროექტები;
აზერბაიჯანი: გზების, აეროპორტებისა და მაგისტრალების მშენებლობა.
ეს კავკასიის რეგიონში იმ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა განხორციელების პროცესი ბრიტანული ბრენდის, JCB-ის ტექნიკის გამოყენებით მიმდინარებს.
ექსკავატორ-დამტვირთველები, მუხლუხა და ბორბლიანი ექსკავატორები, საგზაო და კომპაქტური ტექნიკა, ტელესკოპური და ფრონტალური დამტვირთველები, – უკვე 15 წელია, JCB-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში Tegeta Construction Equipment-ია. ორი წლის წინ ქართულმა კომპანიამ მიწოდების არეალის გაფართოება დაიწყო და დღეს უკვე პრემიუმ-კლასის კომერციული ტრანსპორტით სომხეთის ბაზარსაც ამარაგებს. მიმდინარე წლის 10 დეკემბერს კი წარმომადგენლობა ოფიციალურად გახსნა ბაქოში. მასშტაბური, მულტიბრენდული ცენტრი, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქის ურბანულ ზონაში განთავსდა, შოურუმსა და სერვისს აერთიანებს.
JCB-ისა და Tegeta Construction Equipment-ის პარტნიორობაზე, სიახლეებსა და გეგმებზე Forbes Infrastructure-ს კომპანიის დირექტორი, გიორგი ბერიძე ესაუბრა.
„არასოდეს დაკმაყოფილდე” – ეს ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ბრენდ JCB-ის სლოგანია. როგორ ახერხებს მის შესრულებას Tegeta Construction Equipment-ი რომელიც კავკასიის რეგიონში JCB-ის ოფიციალური დილერია?
სწრაფი განვითარება და ინოვაციური მიდგომები, – ეს არის ის მთავარი მიზნები, რაც ჩვენს კომპანიასა და JCB-ს აერთიანებს. ვფიქრობთ, სწორედ ეს საერთო ხედვა ბიზნესის წარმოებაში გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც 2007-ში მსოფლიო ბრენდის ნდობის მოპოვება შევძელით და დღეს უკვე კავკასიის რეგიონის მასშტაბით წარმოვადგენთ. კომპანიის დაარსების დღიდან გვქონდა ამბიცია, აგვეთვისებინა მეზობელი ქვეყნების ბაზრები და ვყოფილიყავით JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი, ბრენდის, რომელსაც საქმიანობის 75-წლიანი გამოცდილება და მსოფლიოში 800-მდე დილერი ჰყავს.
დღეს უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად Tegeta Construction Equipment-ი რეგიონში, საქართველოსთან ერთად, პოზიციებს სულ უფრო აძლიერებს.
ამბობთ, რომ მუდმივად წინ მიიწევთ, წელს რა სიახლეები შესთავაზა Tegeta Construction Equipment-მა მომხმარებელს და რა შესაძლებლობები ჩნდება რეგიონალურ ბაზარზე ამ შეთავაზებებით?
JCB-ის მიერ წარმოებული ყოველი ახალი პროდუქტი ჩვენი პარტნიორებისათვის სწორედ Tegeta Construction Equipment-ის საშუალებით ხდება ხელმისაწვდომი. ამასთან, გამორჩეული იყო მიმდინარე წელი – ამ პერიოდში ბაქოსა და სომხეთში JCB-ის სტანდარტებით სადილეროების მშენებლობა და განახლება დავიწყეთ.
ბაქოს წარმომადგენლობა უკვე სრული დატვირთვით ფუნქციონირებს, ერევანში კი ჩვენი განახლებული ოფისი 2023 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება. ამასთან, მომხმარებელს ახალი პროდუქტები და, სალიზინგო კომპანიებთან ერთად, ახალი შესაძლებლობები შევთავაზეთ. ეს JCB-ის ტექნიკის შეძენისას გადახდის მოქნილ პირობებს, შედარებით შემცირებულ საპროცენტო განაკვეთს და მომხმარებლისათვის მნიშვნელოვან სხვა დეტალს გულისხმობს.
ხაზგასმით მინდა გამოვყო ჩვენი პლატფორმა – JCB Livelink-ი და JCB HUB-ი, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, წინასწარ გრძელვადიან ჭრილში დაინახოს ფლობის სრული ღირებულება და განსაზღვროს, რამდენად ეფექტიანად შეძლებს საოპერაციო ხარჯების შემცირებას კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების შეძენის შემთხვევაში.
თანამშრომლობა მომხმარებელთან გაყიდვების შემდგომ პერიოდშიც გრძელდება, რაც პროდუქტის შემდგომ მონიტორინგს გულისხმობს, – რამდენად ეფექტიანად ხორციელდება ტექნიკის ექსპლუატაცია.
დღეს რეგიონში ექსკავატორ-დამტვირთველების, ტელესკოპური დამტვირთველებისა და ექსკავატორების გაყიდვები მეტად გააქტიურებულია, რადგან ხარისხიანი ტექნიკის უპირატესობები აშკარაა. ცხადია, ეს ჩვენმა პარტნიორებმა და მომხმარებლებმა უკვე კარგად იციან.
რეგიონში JCB-ის ორი ახალი სადილერო ცენტრის აშენება, სიახლეები ტექნიკისა და სერვისის მიმართულებით – რა ინვესტიცია ჩადო კომპანიამ 2022 წელს განვითარებაში?
მთავარი ინვესტიცია, პირველ რიგში, ადამიანური რესურსის მობილიზებასა და მათ გადამზადებაში იდება და ამ კუთხით კომპანია ფინანსებს არ იშურებს. მუდმივად ვმუშაობთ ტექნიკის გაყიდვებისა და სერვისის გუნდების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. JCB-ის ტრენერები ჩვენთან – რეგიონალურ ჰაბში – კადრების გადასამზადებლად ხშირად ჩამოდიან. ამასთან, ტექნიკის მარაგები მუდმივად მინიმუმ 100 ერთეულამდე ივსება, რაც რეგიონზეა გათვლილი და დამკვეთებს ლოდინი არ უწევთ. წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში ინტენსიური ინტეგრაცია და ახალი ოფისის გახსნა ფინანსური კუთხით ადვილი ნამდვილად არ იყო, თუმცა ჩვენ ეს შევძელით. საერთო ჯამში, ერევანსა და ბაქოში ახალი წარმომადგენლობებისათვის ორი მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ.
რამდენად მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანია სამშენებლო ტექნიკის ჩამონათვალი რეგიონალურ ბაზარზე?
JCB სეგმენტების მიხედვით სამშენებლო, საგზაო, აგრო და ინდუსტრიული ტექნიკის მიმართულებებს ფარავს. მოდელების კუთხით კომპანია 300-ერთეულამდე ტექნიკას აწარმოებს. ჩვენს რეგიონში კი 50-მდე მოდელია წარმოდგენილი, რომლებიც გათვლილია კავკასიის რეგიონში არსებულ პირობებზე და საწვავზე, თუმცა ამ მხრივ რესურსი დიდია და მომავალში სხვა მოდელების შემოყვანასაც ვგეგმავთ. რეგიონში მოთხოვნადი ექსკავატორდამტვირთველებია, რომლებიც JCB-ის ყველაზე გაყიდვადი მოდელებია. რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას, თუ გრძელვადიან ჭრილში იმ შემოსავალს და ხარჯებს დავითვლით, რასაც ტექნიკის გამოყენებით მომხმარებელი იღებს, შეიძლება ითქვას, რომ JCB ყველაზე სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტაა.
კომპანიის მიერ 2022 წელს ჩატარებული ღონისძიებებიდან „JCB კავკასია“ მახსენდება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. ამასთან, მსოფლიოში მძიმე ტექნიკის სფეროში პოპულარული JCB Dancing Diggers-ის შოუ რეგიონში პირველად გაიმართა. რა მნიშვნელობა ენიჭება ამგვარ ღონისძიებებს კომპანიისა და ქვეყნისთვის?
JCB-ი მუდმივად ისწრაფვის, რომ მის ტექნიკას უნიკალური მახასიათებელი ჰქონდეს. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ექსკავატორ-დამტვირთველი, სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, სწორედ JCB-ს ეკუთვნის. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია.
ინოვაციები და JCB Dancing Diggers-ის უნიკალური შოუ ბრენდს კონკურენტებისგან გამოარჩევს. ამ ღონისძიებას განსაკუთრებული ეფექტი აქვს ყველა ქვეყანაში.
JCB Dancing Diggers-ის შოუს დასაორგანიზებლად ინგლისიდან საგანგებოდ ჩამოვიდა JCB-ის მენეჯმენტი, ასევე დემონსტრატორებისა და სპეციალისტების გუნდი. ბრიტანული კომპანიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სანახაობაა და სადემონსტრაციო გუნდის წევრებს ამგვარ ღონისძიებებზე მხოლოდ მაღალი სტატუსის მქონე დილერებთან გზავნიან. Tegeta Construction Equipment-ისთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ პარტნიორისთვის მაღალი კლასის, სანდო კომპანია ვართ.
კავკასიაში სამ ქვეყანას – საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ფარავთ, როგორაა გადანაწილებული ბაზრების წილი კომპანიის პორტფელში? წელს რომელი ბაზრიდან მოდიოდა მეტი მოთხოვნა?
აღსანიშნავია, რომ სომხეთის ბაზარზე ბრიტანული ბრენდი 2020 წლიდან შევიყვანეთ, ხოლო აზერბაიჯანში მიმდინარე წლიდან წარვადგენთ. ჩვენს პორტფელში სამივე ბაზარს თითქმის თანაბარი წილი აქვს, მაგრამ ზრდის მხრივ სომხეთსა და აზერბაიჯანში გაყიდვები წინა წელთან შედარებით ორჯერაა გაზრდილი, როდესაც საქართველოში 20 %-იანი ზრდა გვაქვს. ჩვენი გათვლით, როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში გაყიდვები 2023 წელს უნდა გაიზარდოს.
როგორ შეიცვალა კომპანიის ფინანსური მაჩვენებელი და როგორია მოლოდინი – მიმდინარე წელს რამდენპროცენტიანი ზრდით დახურავთ?
გაყიდული ტექნიკის რაოდენობის მიხედვით წელს 70%-ით უფრო მეტი გავყიდეთ და მხოლოდ JCB-ის შემთხვევაში 300 ერთეულს მივუახლოვდით, ხოლო მომავალ წელს ამ რაოდენობის 400-მდე გაზრდა გვინდა. ეს რიცხვები ბაზრის ზრდასა და რეგიონებში არსებულ ტენდენციებზეა დამოკიდებული. ამიტომ ვფიქრობთ, გაყიდვები მკვეთრად მოიმატებს. გაჩერებას არ ვაპირებთ და მომავალ წელს 40%-იანი ზრდა გვაქვს დაგეგმილი. ამასთან აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან პორტფელის გაფართოებას აგრომიმართულებითაც ვგეგმავთ.