ჯეფ ბეზოსი Amazon-ის CEO აღარაა - მოკლედ მის წარსულსა და სამომავლო გეგმებზე

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის CEO აღარაა - მოკლედ მის წარსულსა და სამომავლო გეგმებზე

4 ივლისი – ჯეფ ბეზოსის უკანასკნელი დღე Amazon-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციაზე. 27-წლიანი გამორჩეული ხელმძღვანელობის პერიოდი, რომელმაც 1,8 ტრილიონი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე გიგანტი შექმნა, სრულდება. მის თანამდებობას – ვებსერვისების მიმართულების უფროსი – ენდი ჯესი ჩაიბარებს.

ჯეფ ბეზოსი პირველად Forbes-ის მილიარდერთა სიაში 1998 წელს გამოჩნდა, როდესაც მისი ქონება 1,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. დღეს ბეზოსი Forbes-ის უმდიდრესთა სიაში პირველია, ამ პერიოდის განმავლობაში კი მისი ქონება 196 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და, ბოლო მონაცემებით, 202 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის ს აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციაზე 5 ივლისამდე რჩება, სანამ მის თანამდებობას ვებსერვისების ხელმძღვანელი, ენდი ჯესი დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ ენდი Amazon-ის გუნდს 1997 წელს შეუერთდა და პირველივე დღიდან ვებსერვისებს ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება უკვე ექს-ხელმძღვანელის მომავალ გეგმებს, ჯეფ ბეზოსი მომავალში უფრო მეტად თავის სხვა ინტერესებზე ფოკუსირებას აპირებს. მისი თქმით, მეტ დროს დაუთმობს საქველმოქმედო საქმიანობებს: The Day One Fund-სა  და The Bezos Earth Fund-ს. ამასთან ერთად კი განსაკუთრებით მის კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ზე კონცენტრირდება. აღსანიშნავია, რომ ის და მისი ძმა 20 ივლისს კომპანიის საშუალებით კოსმოსში გაფრენასაც გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ საწყის ეტაპზე კომპანია ცნობილი იყო როგორც წიგნებით ონლაინ მოვაჭრე. ამ დროისთვის Amazon-ის აქციის საშუალო ფასი მხოლოდ 7,47 აშშ დოლარი იყო, დღეს კი 3,487 აშშ დოლარს უტოლდება.

მიუხედავად კრიზისული პერიოდებისა, Amazon-ის აქციების ფასი სულ უფრო მატულობს. პირველად ბეზოსი პლანეტის უმდიდრეს ადამიანად 2018 წელს დასახელდა, როდესაც მისი ქონება გაორმაგდა და 160 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან ერთად, ბეზოსი პირველია, რომლის ქონებაც  Forbes-ის მილიარდერთა სიაში მყოფი 12 პირის ქონების საერთო ღირებულებას აღემატებოდა. ჯეფ ბეზოსის ქონების დაახლოებით 90%, შესაბამისად, 176 მილიარდი აშშ დოლარი მის 10%-იან წილზე მოდის Amazon-ში , დანარჩენი კი მის ინვესტიციაზე კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ში და მის მფლობელობაში არსებულ გამოცემა The Washington Post-სა და Amazon Day 1 Fund-ზე.

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსის ადგილი მილიარდერთა სიაში დროებით ილონ მასკმა დაიკავა, თუმცა პანდემიის პერიოდში აქციების ფასის ზრდამ ყოფილი ხელმძღვანელის ქონება 73%-ით გაიზარდა და ამას ხელი არც მეუღლესთან დაშორებამ და მისთვის კომპანიის აქციების ¼-ის დათმობამ შეუშალა ხელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *